არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს განქორწინებაზე?

რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს განქორწინებაზე?

 ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვითვალისწინებთ ბიბლიის თვალსაზრისს ქორწინებასა და გაყრასთან დაკავშირებით. ღვთის განზრახვით ქალისა და მამაკაცის ქორწინება მარადიულად უნდა გაგრძელებულიყო. ბიბლიის თანახმად, გაყრის ერთადერთ მიზეზად მეუღლის მხრიდან უზნეობის ჩადენა ითვლება (მათე 19:5, 6, 9).

ეხმარებიან იეჰოვას მოწმეები იმ წყვილებს, რომელთაც ქორწინებაში პრობლემები აქვთ?

 დიახ. ვნახოთ, როგორ:

  •   პუბლიკაციები. პუბლიკაციებში რეგულარულად იბეჭდება სტატიები, რომლებსაც შეუძლია განამტკიცოს ოჯახური კვანძები. იქ მოცემული რჩევები დიდ დახმარებას უწევს იმ ოჯახებსაც, რომლებიც დანგრევის პირასაა. მაგალითად, იხილეთ სტატიები „იყავით მეუღლის ერთგული“, „როგორ ვაპატიოთ“ და „დაკარგული ნდობის დაბრუნება“.

  •   კრების შეხვედრები. კრების შეხვედრებზე და კონგრესებზე ბიბლიიდან განიხილება პრაქტიკული რჩევები ქორწინებასთან დაკავშირებით.

  •   უხუცესები. კრების უხუცესები ინდივიდუალურად ეხმარებიან დაქორწინებულ წყვილებს და ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს შეახსენებენ. ერთ-ერთი ასეთი რჩევა მოცემულია ეფესოელების 5:22—25-ში.

სჭირდებათ იეჰოვას მოწმე წყვილებს კრების უხუცესების თანხმობა განქორწინებისთვის?

 არა. მაშინაც კი, როცა წყვილი დახმარებისთვის უხუცესს მიმართავს წამოჭრილი პრობლემის მოსაგვარებლად, უხუცესებს უფლება არა აქვთ, უთხრან მათ, როგორ მოიქცნენ (გალატელები 6:5). თუმცა ის, ვინც გადაწყვეტს, რომ ბიბლიური საფუძვლის გარეშე განქორწინდეს, არ ექნება ხელახლა დაქორწინების უფლება (1 ტიმოთე 3:1, 5, 12).

რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს განცალკევებით ცხოვრებაზე?

 ბიბლია წყვილებს მოუწოდებს, არ დაშორდნენ ერთმანეთს, მაშინაც კი, თუ ოჯახში დროდადრო სირთულეები იჩენს თავს (1 კორინთელები 7:10—16). პრობლემების გადაჭრაში მათ გულწრფელი ლოცვა, ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქმედება და ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოვლენა დაეხმარებათ (1 კორინთელები 13:4—8; გალატელები 5:22).

 მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ოჯახში შექმნილი უკიდურესი სიტუაციის გამო ზოგმა ქრისტიანმა მეუღლემ განცალკევებით ცხოვრება არჩია. ეს შეიძლება მოხდეს, თუ იეჰოვას მოწმის მეუღლე:

  •   ოჯახზე ზრუნვის მოვალეობას განზრახ არ ასრულებს (1 ტიმოთე 5:8).

  •   ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მას (ფსალმუნი 11:5).

  •   სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის სულიერობას. მაგალითად, თუ მეუღლე ქრისტიან მეუღლეს აიძულებს, დაარღვიოს ღვთის კანონები, ქრისტიანმა მეუღლემ შეიძლება განცალკევებით ცხოვრება გადაწყვიტოს, რათა „ადამიანებზე მეტად ღმერთს“ დაემორჩილოს, როგორც მმართველს (საქმეები 5:29).