არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს მეცნიერებაზე?

რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს მეცნიერებაზე?

 ჩვენ ვაფასებთ მეცნიერულ მიღწევებს და არ უარვყობთ ფაქტებით დადასტურებულ აღმოჩენებს.

 ერთი ლექსიკონის თანახმად, მეცნიერება არის გარე სამყაროსა და მასში არსებულ პროცესებზე დაკვირვება და მათ შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება (Collins Cobuild Advanced Learner’s English Dictionary). მართალია, ბიბლია სამეცნიერო ნაშრომი არ არის, მაგრამ ის მოგვიწოდებს, დავაკვირდეთ სამყაროს და ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ მეცნიერული აღმოჩენები. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

  •   ასტრონომია. „მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს“ (ესაია 40:26).

  •   ბიოლოგია. სოლომონი „ყვებოდა ხეებზე, ლიბანის კედრით დაწყებული კედლის უსუპით დამთავრებული, მხეცებზე, ფრინველებზე, ქვეწარმავლებსა და თევზებზე“ (1 მეფეები 4:33).

  •   მედიცინა. „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (ლუკა 5:31).

  •   მეტეოროლოგია. „შესულხარ თოვლის საცავებში ან სეტყვის საცავებს თუ ხედავ ..? სად არის გზა ... რომლითაც აღმოსავლეთის ქარი ვრცელდება დედამიწაზე?“ (იობი 38:22—24).

 ჩვენს ჟურნალებში ხშირად იბეჭდება სტატიები ბუნებასა და მეცნიერულ მიღწევებზე, რაც იმაზე მოწმობს, რომ მეცნიერებას არ ვეწინააღმდეგებით. იეჰოვას მოწმეები თავიანთ შვილებს მოუწოდებენ, კარგად ისწავლონ, რათა უკეთ ჩასწვდნენ გარემომცველ სამყაროს. ზოგი იეჰოვას მოწმე ისეთ მეცნიერულ დარგში მოღვაწეობს, როგორიცაა: ბიოქიმია, მათემატიკა და ფიზიკა.

მეცნიერება შეზღუდულია

 ჩვენი აზრით, მეცნიერებას ყველა კითხვაზე არა აქვს პასუხი a. მაგალითად, გეოლოგები იკვლევენ დედამიწის აგებულებას, ბიოლოგები კი სწავლობენ, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი. მაგრამ მათ არ აქვთ ამომწურავი პასუხი კითხვაზე, რატომ არის დედამიწა იდეალური ადგილი სიცოცხლისთვის ან რატომ ფუნქციონირებს ასე ჰარმონიულად სხეულის ნაწილები.

 ჩვენ დავრწმუნდით, რომ მხოლოდ ბიბლია გვცემს ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს (ფსალმუნი 139:13—16; ესაია 45:18). აქედან გამომდინარე, გვჯერა, რომ კარგი განათლება არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ ბიბლიური ცოდნის მიღებასაც მოიცავს.

 ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ მეცნიერება ამა თუ იმ საკითხში ეწინააღმდეგება ბიბლიას. თუმცა ამის მიზეზი შესაძლოა ბიბლიური სწავლებების არასწორი გაგება იყოს. მაგალითად, ბიბლია არ ასწავლის, რომ დედამიწა პირდაპირი გაგებით ექვს 24-საათიან დღეში შეიქმნა (დაბადება 1:1; 2:4).

 ზოგიერთი თეორია, რომელსაც ბევრი მეცნიერულ აღმოჩენად მიიჩნევს, საკმარის მტკიცებულებებს არ ეფუძნება, რის გამოც ზოგი ავტორიტეტული მეცნიერი უარყოფს მათ. მაგალითად, ბევრი ბიოლოგი, ქიმიკოსი და სხვები დარწმუნდნენ, რომ ცოცხალი ორგანიზმები მუტაციისა და ბუნებრივი გადარჩევის შედეგად არ განვითარებულა. ამ მოსაზრებას ჩვენც ვეთანხმებით, ვინაიდან ცხადად ვხედავთ, რომ გარე სამყარო გონიერი შემოქმედის ნახელავია.

a ავსტრიელი ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ერვინ შრედინგერი წერდა, რომ მეცნიერება „სამარესავით დუმს . . . ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე“. ალბერტ აინშტაინმა კი აღნიშნა: „მწარე გამოცდილებით მივხვდით, რომ რაციონალური აზროვნება არ კმარა საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად.“