არჩეულ მასალაზე გადასვლა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ალბანეთი და კოსოვო

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ალბანეთი და კოსოვო

 „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამდენის გაკეთებას თუ შევძლებდი იეჰოვასთვის“ — ასე გამოხატა თავისი გრძნობები გუენმა, რომელიც ინგლისიდან ალბანეთში გადავიდა მსახურებისთვის. a

 გუენის მსგავსად, ბევრი იეჰოვას მოწმე გადავიდა ალბანეთში, რათა მონაწილეობა მიეღოთ „ხალხთა საუნჯის“ შეგროვებაში (ანგია 2:7). რატომ გადადგეს მათ ეს ნაბიჯი? როგორ შეცვალეს თავიანთი ცხოვრება, ეს ნაბიჯი რომ გადაედგათ და რა ეხმარებათ, სირთულეების მიუხედავად, განაგრძონ იქ მსახურება?

მათ საერთო მიზანი ამოძრავებთ

 ამ და-ძმებს ძალიან უყვართ იეჰოვა და უნდათ, რომ სხვებსაც გააცნონ ის. სწორედ ამიტომ გადავიდნენ ისინი ალბანეთში.

 ეს და-ძმები წინასწარ მოემზადნენ სხვა ქვეყანაში გადასასვლელად. გუენი ამბობს: „ჩემს ქალაქში ალბანურენოვანი ჯგუფი იყო და თავიდან იქ გადავედი. შემდეგ კონგრესსაც დავესწარი ალბანეთში, მოგვიანებით კი ენის უკეთ შესასწავლად დავბრუნდი იქ და ცოტა მეტხანს დავრჩი“.

გუენი

 ერთი ჩვენი იტალიელი და, მანუელა, 23 წლის იყო, როცა სხვა ქალაქში გადავიდა ერთი პატარა კრების დასახმარებლად. ის ამბობს: „იქ ოთხი წელი ვიმსახურე. შემდეგ გავიგე, რომ ალბანეთში მაუწყებლების დიდი საჭიროება იყო, ამიტომ გადავწყვიტე, იქ რამდენიმე თვით წავსულიყავი“.

მანუელა (შუაში)

 ერთი ჩვენი და, ფედერიკა, 7 წლის იყო, როცა კონგრესზე ალბანეთის შესახებ ანგარიში მოისმინა. ის იხსენებს: «ძმამ აღნიშნა, რომ ალბანეთში მაუწყებლები ბევრ ბიბლიის შესწავლას იწყებდნენ და დაინტერესებულები კრებაზე მოდიოდნენ. ამის შემდეგ, მშობლებს სულ იმას ვეუბნებოდი, რომ ალბანეთში გადასვლა მინდოდა. თავიდან ისინი გააკვირვა ჩემმა სურვილმა. თუმცა შემდეგ მამა მითხრა: „ილოცე ამაზე, და თუ იეჰოვას ნებაა, შეგისრულებს სათხოვარს“. რამდენიმე თვეში ფილიალის ნებართვით მთელი ოჯახი ალბანეთში გადავედით». მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ახლა ფედერიკა დაქორწინებულია და თავის მეუღლესთან, ორგესთან, ერთად კვლავ ალბანეთში მსახურობს სრული დროით.

ორგესი და ფედერიკა

 იტალიელი ძმა, ჯანპიერო, პენსიაზე გასვლის შემდეგ თავის მეუღლესთან, გლორიასთან, ერთად ალბანეთში გადავიდა მსახურებისთვის. ის ამბობს: «ჩვენ ხუთი ვაჟი გავზარდეთ. სამი მათგანი საზღვარგარეთ წავიდა მსახურებისთვის. ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილმა ერთმა სტატიამ „ჩამოდი მაკედონიაში“. ამიტომ ჩვენც დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადაგვენაწილებინა პენსია ისე, რომ ალბანეთში გვემსახურა».

ჯანპიერო და გლორია

მათ თადარიგი დაიჭირეს

 ვისაც სხვა ტერიტორიაზე გადასვლა სურს, წინასწარ უნდა განსაზღვროს, როგორ გაიტანს იქ თავს (ლუკა 14:28). ზემოხსენებული გუენი ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნის დროს გადავიდა თავი დასთან საცხოვრებლად. ასე უფრო შეძლებდა ის თანხების დაზოგვას. სოფია და კრისტოფერი, რომლებიც აგრეთვე ინგლისიდან არიან, იხსენებენ: „გავყიდეთ ჩვენი მანქანა და ავეჯის რაღაც ნაწილი. იმედი გვქონდა, რომ ერთი წლით მაინც შევძლებდით ალბანეთში დარჩენას“. სასიხარულოა, რომ მათ გაცილებით დიდხანს შეძლეს იქ მსახურება.

კრისტოფერი და სოფია

 ზოგი რამდენიმე თვით სამშობლოში ბრუნდება თანხის შესაგროვებლად და შემდეგ ისევ ალბანეთში მიემგზავრება. სწორედ ასე იქცეოდნენ ელისეო და მირიამიც. ელისეო ამბობს: „მირიამი წარმოშობით იტალიის ერთ-ერთი ტურისტული ქალაქიდან არის, სადაც ადვილია სეზონური სამუშაოს პოვნა. მთელი ხუთი წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით იქ სამუშაოდ, შეგროვებული თანხა კი მთელი ცხრა თვის მანძილზე გვყოფნიდა ალბანეთში“.

მირიამი და ელისეო

მათ გადალახეს სირთულეები

 ახალ ტერიტორიაზე გადასვლა ახალ გარემოებებთან შეგუებასაც მოითხოვს. ამ მხრივ მაუწყებლებს დიდ დახმარებას ადგილობრივი და-ძმები უწევენ. ზემოხსენებული სოფია ამბობს: „ალბანეთში ზამთრის პერიოდში ძალიან ცივა, მე კიდევ ამას არ ვიყავი მიჩვეული, ამიტომ ისე დავიწყე ჩაცმა, როგორც ადგილობრივ დებს ეცვათ“. გჟეგოში და მისი მეუღლე, სონა, პოლონეთიდან კოსოვოს b ერთ ლამაზ ქალაქში, პრიზრენში, ჩავიდნენ მსახურებისთვის. გჟეგოში ამბობს: „აქაური და-ძმები ძალიან თავმდაბლები და მომთმენები არიან. ისინი ბევრ რამეში გვეხმარებიან, მაგალითად, ენის შესწავლაში. აგრეთვე, გვასწავლიან, სად შევიძინოთ პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად“.

მათ სიხარულის უამრავი მიზეზი აქვთ

 ისინი, ვინც მსახურებისთვის სხვა ტერიტორიებზე გადადიან, ახალ მეგობრებსაც იძენენ. გარდა ამისა, მხნევდებიან, როცა ისმენენ უამრავი და-ძმის ისტორიას, ვინ როგორ გაიგო ჭეშმარიტება. სონა აღნიშნავს: „მათი მაგალითებით ვხედავ, რა ძალა აქვს იეჰოვას სიყვარულს. როცა ვიგებ, რამხელა ცვლილებები მოახდინეს მათ ჭეშმარიტების გაგების შემდეგ, ეს ერთიორად მიძლიერებს რწმენას. ძალიან გვახარებს მათთან ერთად მსახურება, რადგან ისინი ყოველთვის საჭიროდ გვაგრძნობინებენ თავს კრებაში“ (მარკოზი 10:29, 30). გლორია ამბობს: „ვიცნობ ისეთ დებს, რომლებიც მოწინააღმდეგეების მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ძალიან ვმხნევდები, როცა ვხედავ, როგორ ძლიერ უყვართ მათ იეჰოვა“.

გჟეგოში და სონა

 ახალ ტერიტორიაზე გადასვლა ახალ შესაძლებლობებსაც იძლევა. მაგალითად, მეტ სიხარულს გრძნობ, როცა მსახურების გამო გარკვეულ მსხვერპლზე მიდიხარ. სტეფანო ამბობს: „ჩემს ქვეყანაში მსახურებისას, ძირითადად, მოკლე დიალოგებით შემოვიფარგლებოდით, ამიტომ პატარა შეთავაზებებს ვაკეთებდით. მაგრამ ალბანელებს საუბარი უყვართ, განსაკუთრებით ყავის სმის დროს. ძალიან მორცხვი ვარ, ამიტომ თავიდან საკმაოდ გამიჭირდა, არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა მათთან. თუმცა დროთა განმავლობაში ვისწავლე მათთან საერთო ენის გამონახვა. აქ ქადაგება დღეს უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს“.

ალიდა და სტეფანო

 ლეა, რომელიც თავის მეუღლესთან, უილიამთან, ერთად შეერთებული შტატებიდან ალბანეთში გადავიდა, ამბობს: „აქ მსახურებამ სხვა თვალით შეგვახედა რაღაც-რაღაცებზე. უფრო მეტად დავინახეთ სტუმართმოყვარეობის, პატივისცემისა და მეგობრობის ფასი და ვისწავლეთ, როგორ გვექადაგა ისე, რომ ადგილობრივ სიტუაციებს მოვრგებოდით“. უილიამი დასძენს: „ტურისტებს აქ ძალიან მოსწონთ ულამაზესი ზღვის სანაპიროები. პირადად მე ალბანეთის ალპებში ლაშქრობა მხიბლავს. თუმცა ყველაზე მეტად აქაურობას ხალხი მაყვარებს. აქ ბევრ სოფელში მხოლოდ სპეციალური კამპანიების დროს ჩადიოდნენ ჩვენი და-ძმები. ხალხი იმდენად მოწყურებულია საუბარს, რომ, როცა ამ სოფლებში ჩავდივართ, მხოლოდ რამდენიმე ოჯახთან თუ ვახერხებთ ქადაგებას“.

უილიამი და ლეა

 იმ ტერიტორიებზე ქადაგებისას, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ყველაზე მეტად იმას მოაქვს სიხარული, რომ ხალხი ისმენს სასიხარულო ცნობას (1 თესალონიკელები 2:19, 20). ერთი ახალგაზრდა და, ლაურა, რომელიც ალბანეთში გადავიდა, ამბობს: „რაღაც პერიოდი ქალაქ ფიერში ვმსახურობდი. სულ რაღაც, ორწელიწად-ნახევარში 120 ადამიანი გახდა მაუწყებელი და მათგან 16-ს მე ვასწავლიდი“. კიდევ ერთი და, სანდრა, იხსენებს: „მაღაზიაში ერთ ქალბატონს ვუქადაგე, რომელიც მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა. ნათლობის შემდეგ ის თავის სოფელში დაბრუნდა, სადაც 15 ბიბლიის შესწავლა დაიწყო“.

ლაურა

სანდრა

მათი მონდომება დაფასდა

 ზოგი მაუწყებელი, ვინც წლების წინ გადავიდა ალბანეთში, დღემდე სიხარულით აგრძელებს იქ მსახურებას. ისინი უზომოდ ბედნიერები არიან, როცა ხედავენ, რომ მათ შრომას შედეგი მოაქვს, ზოგ შემთხვევაში წლების შემდეგაც კი (ეკლესიასტე 11:6). კრისტოფერი აღნიშნავს: „ერთხელ მსახურების დროს სრულიად შემთხვევით შევხვდი ჩემს პირველ შემსწავლელს ალბანეთში. ძალიან გავოცდი, როცა მან დეტალურად გაიხსენა ჩვენი საუბრები ბიბლიურ საკითხებზე. ახლა ისიც და მისი ცოლიც იეჰოვას მოწმეები არიან“. ფედერიკა ამბობს: „ერთ კრებაში ვიყავი სტუმრად, სადაც ერთი და მოვიდა ჩემთან და მკითხა, მახსოვდა თუ არა. თურმე ცხრა წლის წინ მიქადაგია მისთვის. მასთან პირველად საუბრის შემდეგ მალევე სხვა ქალაქში გადავედი, ამიტომ არც გამიგია, რომ მან შესწავლა დაიწყო. არადა მეგონა, რომ ალბანეთში მსახურების პირველმა წლებმა უშედეგოდ ჩაიარა“.

 ის და-ძმები, რომლებიც ალბანეთსა და კოსოვოში გადავიდნენ მსახურებისთვის, მადლიერნი არიან, რომ იეჰოვამ დააფასა მათი შრომა და უხვად აკურთხა. ალბანეთში მრავალწლიანი მსახურების შემდეგ ელისეო ასეთ დასკვნას აკეთებს: „ზოგჯერ ადამიანებს ქვეყნიერება გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ რა არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი. თუმცა იეჰოვაზე უკეთ არავინ იცის, რა მოგვიტანს ცხოვრებაში ნამდვილ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამას განსაკუთრებით მაშინ ხედავ, როცა ისეთ ტერიტორიაზე გადადიხარ მსახურებისთვის, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ამ დროს ხვდები, რომ ნამდვილად ღირებულ საქმეს აკეთებ და იეჰოვაც გიფასებს შრომას. თანაც მარტო არ ხარ, გვერდით უამრავი მეგობარი გყავს“. სანდრა ასეთ რამეს ამბობს: „არასდროს მინანია, ალბანეთში რომ ჩამოვედი. იეჰოვამ დიდი ხნის ოცნება ამისრულა და დღეს მისიონერად ვმსახურობ. ძალიან ბედნიერი ვარ“.

a იხილეთ 2010 წლის წელიწდეული და გაეცანით იეჰოვას მოწმეთა ისტორიას ალბანეთში.

b კოსოვო ალბანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ რეგიონში ბევრი ალბანურ დიალექტზე საუბრობს. მოწმეები იქ ალბანეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და შეერთებული შტატებიდან ჩადიოდნენ ხოლმე, რათა ალბანურ დიალექტზე მოსაუბრე ხალხისთვის ექადაგათ. 2020 წლისთვის კოსოვოში 8 კრება, 3 ჯგუფი და 2 წინარე ჯგუფი იყო, სადაც მთლიანობაში 256 მაუწყებელი მსახურობდა.