არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ალისა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — თურქეთი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — თურქეთი

პირველ საუკუნეში ქრისტიანები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოესმინა „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათ. 24:14). ამ მიზნით ისინი სხვა ქვეყნებშიც ჩადიოდნენ. მაგალითად, მოციქული პავლე დაუღალავად ქადაგებდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მისიონერული მოგზაურობების დროს. * დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ, 2014 წელს, ამ ტერიტორიაზე სპეციალური სამქადაგებლო კამპანია ჩატარდა. რა იყო კამპანიის მიზანი და ვინ მონაწილეობდა მასში?

„რა ხდება?“

თურქეთში 2 800-ზე მეტი მაუწყებელია, ქვეყნის მოსახლეობა კი 79 მილიონს შეადგენს, ანუ ერთ მაუწყებელზე თითქმის 28 000 მოსახლე მოდის. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ ვერ შეძლეს მაუწყებლებმა მოსახლეობის დიდ ნაწილთან ქადაგება. სპეციალური სამქადაგებლო კამპანიის მიზანი იყო, მოკლე ხანში რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწვდინათ ხმა. ადგილობრივ და-ძმებთან ერთად კამპანიაში მონაწილეობდა სხვა ქვეყნებიდან ჩასული 550-მდე მაუწყებელი, რომლებიც თურქულ ენაზე ლაპარაკობენ. რა შედეგი გამოიღო კამპანიამ?

მასშტაბური დამოწმება. სტამბოლის ერთ-ერთი კრება წერდა: «ხალხი გვეკითხებოდა: „სპეციალურ კონგრესს ხომ არ ატარებთ?! ყველგან იეჰოვას მოწმეებს ვხვდებით!“». იზმირის ერთი კრება კი გვწერდა: «ერთმა კაცმა, რომელიც ტაქსების სადგომზე მუშაობდა, ადგილობრივ უხუცესს ჰკითხა: „რა ხდება? ძალიან გააქტიურდით!“». აშკარა იყო, რომ კამპანიამ ხალხის ყურადღება მიიპყრო.

სტეფენი

სხვა ქვეყნებიდან ჩასულ და-ძმებს ძალიან მოეწონათ თურქეთში ქადაგება. სტეფენი, რომელიც დანიიდან იყო ჩასული, ამბობს: „ყოველდღე ვქადაგებდი ხალხთან, რომელთაც იეჰოვას შესახებ არაფერი სმენოდათ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მართლა ვაცხადებდი იეჰოვას სახელს“. ჟან-დავიდი, რომელიც იქ საფრანგეთიდან ჩავიდა, წერდა: „მხოლოდ ერთ ქუჩაზე საათობით ვქადაგებდით. ეს შესანიშნავი იყო! ხალხის უმეტესობამ არაფერი იცოდა იეჰოვას მოწმეების შესახებ. თითქმის ყველა მობინადრეს ვესაუბრებოდით, ვაჩვენებდით ვიდეორგოლებს და ვუტოვებდით ლიტერატურას“.

ჟან-დავიდი (შუაში)

სულ რაღაც 2 კვირაში კამპანიაში მონაწილე 550-მა მაუწყებელმა დაახლოებით 60 000 პუბლიკაცია გაავრცელა. ამ კამპანიის დროს მართლაც მასშტაბური დამოწმება მოხდა!

მსახურებისადმი მეტი ენთუზიაზმი. სპეციალურმა კამპანიამ ადგილობრივი და-ძმები მეტის გაკეთებისკენ წაახალისა. ბევრმა დაიწყო სრული დროით მსახურებაზე ფიქრი. კამპანიის შემდეგ ერთი წლის მანძილზე თურქეთში პიონერთა რიცხვი 24 პროცენტით გაიზარდა.

შირენი

სხვა ქვეყნებიდან ჩასული და-ძმები გვიამბობენ, როგორ იმოქმედა ამ კამპანიამ შინ დაბრუნების შემდეგ მათ მსახურებაზე. გერმანიაში მცხოვრები და შირენი წერდა: „თურქეთში მაუწყებლებს ძალიან უადვილდებათ არაფორმალური დამოწმება, მე კი ცოტა არ იყოს მიჭირს ასეთი სახის ქადაგება. მაგრამ ამ კამპანიამ, ადგილობრივი და-ძმების მაგალითმა და გამუდმებულმა ლოცვამ შემაძლებინა ის, რაც ადრე არ გამომდიოდა. მეტროშიც კი ვქადაგებდი და ვავრცელებდი ბუკლეტებს. ახლა უკვე ისეთი მორიდებული აღარა ვარ“.

იოჰანესი

„ბევრი რამე ვისწავლე, რამაც გააუმჯობესა ჩემი მსახურება, — ამბობს იოჰანესი, რომელიც თურქეთში გერმანიიდან ჩავიდა. — თურქ და-ძმებს სურდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დაემოწმებინათ. ისინი არც ერთ შესაძლებლობას არ უშვებდნენ ხელიდან. გადავწყვიტე, რომ გერმანიაში დაბრუნების შემდეგაც მიმებაძა მათი მაგალითისთვის. ადრინდელთან შედარებით ახლა უფრო მეტ ადამიანს ვესაუბრები ჭეშმარიტების შესახებ“.

ზეინეპი

საფრანგეთში მცხოვრებმა ზეინეპმა აღნიშნა: „კამპანიაში მონაწილეობამ მსახურებაში დამახელოვნა. ახლა უფრო გაბედული ვარ და მეტად ვენდობი იეჰოვას“.

მაუწყებლები დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ, მათ შორის არსებულმა სიყვარულმა და ერთიანობამ წარუშლელი კვალი დატოვა ყველაზე. ზემოთ მოხსენიებული ჟან-დავიდი ამბობს: „საკუთარ თავზე გამოვცადეთ და-ძმების სტუმართმოყვარეობა. მათ ისე მიგვიღეს, როგორც მეგობრები და ოჯახის წევრები, და საკუთარი სახლის კარი გაგვიღეს. ვიცოდი, რომ საერთაშორისო საძმოს ვეკუთვნი და ამის შესახებ ბევრჯერ წამიკითხავს, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. მეამაყებოდა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. მადლობელი ვარ იეჰოვასი ამ უდიდესი პატივისთვის“.

კლარი (შუაში)

„მნიშვნელობა არ ჰქონდა, საიდან ვიყავით — დანიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან თუ თურქეთიდან, თავს ერთი ოჯახივით ვგრძნობდით. თითქოს იეჰოვამ დიდი საშლელით წაშალა საზღვრები“, — ამბობს კლარი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს.

სტეფანი (შუაში)

სტეფანი, რომელიც აგრეთვე საფრანგეთიდან არის, დასძენს: „სპეციალურმა კამპანიამ დაგვანახვა, რომ კულტურა და ენა კი არ გვაერთიანებს, არამედ იეჰოვას სიყვარული“.

კამპანიის შედეგები დღემდე იგრძნობა

სპეციალურ კამპანიაში მონაწილეთაგან ბევრმა დაიწყო თურქეთში გადასვლაზე ფიქრი, რათა ადგილობრივ და-ძმებს ამ უზარმაზარი საქმის შესრულებაში დახმარებოდა. ზოგიერთი გადავიდა კიდეც იქ. თურქი და-ძმები მათ დახმარებას ძალიან აფასებენ.

მაგალითად, ერთ ჯგუფში, რომელშიც 25 მაუწყებელია, მრავალი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი უხუცესი იყო. წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდნენ მაუწყებლები, როცა 2015 წელს მათ დასახმარებლად გერმანიიდან და ჰოლანდიიდან ექვსი მაუწყებელი ჩავიდა.

წინა ხაზზე მსახურება

რას ამბობენ თავიანთ მსახურებაზე ისინი, ვინც თურქეთში გადავიდნენ საცხოვრებლად? რა თქმა უნდა, ისინი დროდადრო სირთულეებს ხვდებიან, მაგრამ იქ მსახურებას, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ბევრი კურთხევა მოაქვს. მოვიყვანოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

ფედერიკო

„უბრალოდ ცხოვრება მეტ თავისუფლებას მაძლევს და მეხმარება, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე ვიყო კონცენტრირებული“, — ამბობს 40 წელს გადაცილებული ფედერიკო, რომელიც თურქეთში ესპანეთიდან გადავიდა. ის სხვებსაც ურჩევს ასეთი სახის მსახურებას. ის ამბობს: „როცა სხვა ქვეყანაში გადადიხარ იმ მიზნით, რომ ხალხს იეჰოვას გაცნობაში დაეხმარო, ფაქტობრივად, თავს იეჰოვას აბარებ და მის მზრუნველობას უფრო მეტად გრძნობ“.

რუდი

„ენით აუწერელი კმაყოფილება მოაქვს წინა ხაზზე მსახურებას და იმ ადამიანებთან საუბარს, რომელთაც არასდროს სმენიათ ჭეშმარიტების შესახებ, — ამბობს 55 წელს გადაცილებული რუდი, რომელიც ცოლთან ერთად გადავიდა ჰოლანდიიდან თურქეთში. — იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა საკუთარი თვალით ხედავ, რამხელა სიხარულს ანიჭებს ხალხს ჭეშმარიტების გაგება“.

საშა

40-ს გადაცილებული დაქორწინებული ძმა, საშა, რომელიც გერმანიიდან გადავიდა თურქეთში, ამბობს: „მსახურებაში ყოველთვის ვხვდები ადამიანებს, რომლებიც პირველად ისმენენ ჭეშმარიტებას. უდიდესი კმაყოფილება მოაქვს იმას, რომ შემიძლია მათ იეჰოვას გაცნობაში დავეხმარო“.

აცუკო

35 წლის დაოჯახებული და, აცუკო, იაპონიიდან გადავიდა თურქეთში მსახურების გასაფართოებლად. ის ამბობს: „ადრე სულ მინდოდა, რომ არმაგედონი მალე მოსულიყო. მაგრამ თურქეთში გადასვლის შემდეგ მივხვდი, რატომ ავლენს იეჰოვა დღემდე მოთმინებას, რისთვისაც მადლიერი ვარ. რაც უფრო უკეთ ვხედავ, როგორ წარმართავს იეჰოვა სამქადაგებლო საქმეს, მით უფრო მიძლიერდება მასთან დაახლოების სურვილი“.

30 წელს გადაცილებული და ალისა, რომელიც რუსეთიდანაა, ამბობს: „ასეთი სახის მსახურება დამეხმარა, საკუთარ თავზე გამომეცადა იეჰოვას სიკარგე“ (ფსალმ. 34:8). ის დასძენს: „იეჰოვა ჩემთვის არა მხოლოდ მამაა, არამედ ახლო მეგობარიც, რომელსაც უკეთ ვეცნობი სხვადასხვა სიტუაციაში. ჩემი ცხოვრება სავსეა ბედნიერი წუთებით, სასიამოვნო შემთხვევებითა და კურთხევებით!“.

„შეხედეთ ყანებს“

თურქეთში ჩატარებული სპეციალური კამპანიის მეშვეობით სასიხარულო ცნობა ბევრმა მოისმინა. თუმცა ტერიტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაუმუშავებელია. თურქეთში გადასული და-ძმები ყოველდღე ხვდებიან ისეთ ადამიანებს, რომელთაც არასდროს სმენიათ იეჰოვას შესახებ. თუ თქვენც გსურთ ასეთ ტერიტორიაზე მსახურება, „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35). შეგიძლიათ გადახვიდეთ იქ, სადაც ტერიტორია მზად არის მოსამკელად? თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ახლავე გადადგით კონკრეტული ნაბიჯები მიზნის მისაღწევად! შეგიძლიათ ერთ რამეში დარწმუნებული იყოთ: „დედამიწის კიდით კიდემდე“ სასიხარულო ცნობის გაცხადებაში უფრო აქტიურ მონაწილეობას უამრავი კურთხევა მოჰყვება! (საქ. 1:8).

^ აბზ. 2 იხილეთ ბროშურა „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“, გვერდები 32, 33.