არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვენესუელაში და-ძმები ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას

ვენესუელაში და-ძმები ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას

 ბოლო წლებში ვენესუელაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი და სოციალური პრობლემები შეიქმნა. ერთი ძმა ედგარი ამბობს: „სულ რაღაც რამდენიმე წელში ცხოვრების დონე საგრძნობლად გაუარესდა. ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდით“.

 რა დაეხმარა ედგარს, რომ მორგებოდა შექმნილ მდგომარეობას? ის ამბობს: „მე და ჩემი ცოლი კარმენი ვფიქრობდით იმ მისიონერების მაგალითზე, რომლებიც ღარიბ ქვეყნებში მსახურობენ და ელემენტარულის გარეშე ცხოვრებასაც კი სწავლობენ. ამაზე ფიქრი დაგვეხმარა, მოვრგებოდით ახალ გარემოს, მაგალითად, დავიწყეთ ხილ-ბოსტნეულის მოყვანა“.

კარმენი და ედგარი

 ედგარი და კარმენი თანაქრისტიანებსაც უდგანან მხარში (1 თესალონიკელები 5:11). ედგარი აღნიშნავს: „ვცდილობთ, ვანუგეშოთ დეპრესიაში ჩაცვენილი და-ძმები და დავანახვოთ, რამხელა სიხარული მოაქვს სხვების დახმარებას“ (საქმეები 20:35).

ქადაგებას კარგი შედეგები სდევს თან

 როცა კოვიდპანდემიამ იფეთქა, არხენისმა ნათესავებთან ქადაგება დაიწყო. ზოგიერთი მათგანი ტელეფონით ბიბლიის შესწავლაზეც დათანხმდა.

არხენისი

 არხენისს სურდა, რომ იმ ნათესავებისთვის, რომლებსაც ინტერნეტი არ ჰქონდათ, 2020 წლის რეგიონული კონგრესი ეჩვენებინა. მეზობელ ქალაქში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმემ მათ პროგრამის ელექტრონული ჩანაწერი გადასცა, არხენისის ნათესავებმა კი დიდეკრანიანი ტელევიზორი და დინამიკები ითხოვეს. სანამ პროგრამა დაიწყებოდა, არხენისმა მათ დაურეკა და მათთან ერთად ილოცა. მისი ძალისხმევის შედეგად 4-მა ნათესავმა და კიდევ 15-მა ადამიანმა უყურა პროგრამას.

სიყვარულითა და რწმენით აღძრულნი

 ერთ-ერთ კრებაში მანქანა მხოლოდ ერთ ცოლ-ქმარს, ხიროს და ხოანას, ჰყავს, ამიტომ ცდილობენ, სხვებსაც მოემსახურონ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვენესუელაში რთულად იშოვება ბენზინი. ხირო გვიყვება: „საათობით გვიწევს საწვავის რიგში დგომა, ზოგჯერ მთელი ღამეც კი“. თუმცა ის თვლის, რომ სხვების დახმარება ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ხირო ამბობს: „როდესაც და-ძმებისთვის დახმარება მიგვაქვს, ძალიან გვახარებს მათი მადლიერი სახეების დანახვა. ისინი პირველ რიგში იეჰოვას ემადლიერებიან, რომელიც ყველას გვაძლევს აუცილებელს“ (2 კორინთელები 9:11, 14).

ხოანა და ხირო

სხვების დახმარება ყველას შეუძლია

 ერთი ახალგაზრდა და, ნორიანი, შიშობდა, რომ თავისი ასაკის გამო შეიძლება სხვებს მისგან დახმარება არ მიეღოთ. შემდეგ მან წაიკითხა 1 ტიმოთეს 4:12, სადაც ნათქვამია: „არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო. უფრო მეტიც, სამაგალითო იყავი ერთგულთათვის“.

ნორიანი

 ამ სიტყვებზე დაფიქრებამ ის აღძრა, რომ კრებაში ხანში შესულ და-ძმებს დახმარებოდა, მაგალითად, მათთან ერთად დაეწერა წერილები და შესწავლებზე დაეპატიჟებინა ისინი. გარდა ამისა, ტელეფონითაც კითხულობდა მათ და გამამხნევებელ აზრებს უგზავნიდა მესიჯებით. ნორიანი ამბობს: „იეჰოვამ დამარწმუნა, რომ მეც ბევრი რამის გაკეთება შემიძლია“.

 ჩვენი და-ძმები ვენესუელაში უამრავ სირთულეს ხვდებიან, თუმცა ისინი კვლავაც აქტიურად მსახურობენ და ერთმანეთს ანუგეშებენ (კოლოსელები 4:11; 2 ტიმოთე 4:2).