არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ჩემი ცხოვრება უკან და უკან მიდიოდა

ჩემი ცხოვრება უკან და უკან მიდიოდა
  • დაბადების წელი: 1971

  • ქვეყანა: ტონგა

  • წარსულში: მოიხმარდა ნარკოტიკებს; იჯდა ციხეში

მოკლე ბიოგრაფია

 დავიბადე ტონგაში, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და რომელიც 170 კუნძულისგან შედგება. ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით. არც დენი გვქონდა და არც მანქანა გვყავდა, თუმცა ჩვენს სახლში წყალი მოდიოდა; მახსოვს, რამდენიმე ქათამიც გვყავდა ეზოში. არდადეგების დროს მე და ჩემი ორი ძმა მამასთან ერთად ვმუშაობდით მინდორში; მოგვყავდა ბანანი, ჩინური კარტოფილი, ტარო და მანიჰოტი. ოჯახის სარჩენად მამა მოსავალს ყიდდა და სხვადასხვა წვრილმან საქმეზე მუშაობდა. ზოგადად, წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრები ხალხი ძალიან აფასებს ბიბლიას. ჩვენი ოჯახიც არ იყო გამონაკლისი. რეგულარულად დავდიოდით ეკლესიაში. თუმცა ბედნიერ ცხოვრებამდე მიმყვან ერთადერთ გზად მაინც მდიდარ ქვეყანაში გადასვლა მიგვაჩნდა.

 16 წლისა რომ ვიყავი, ბიძაჩემის დახმარებით მთელი ოჯახი კალიფორნიაში (აშშ) გადავედით საცხოვრებლად. ძალიან გაგვიჭირდა ახალ კულტურასთან შეგუება. ფინანსურად ცოტა კი მოვძლიერდით, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ ღარიბთა დასახლებაში ვცხოვრობდით და ბევრი ნარკომანი და კრიმინალი ცხოვრობდა ჩვენ გარშემო. ღამღამობით ხშირად გვესმოდა სროლის ხმები; ხალხს ძალიან ეშინოდა კრიმინალური დაჯგუფებების. ხშირი იყო ქუჩაში შელაპარაკებები და საქმის გარჩევები, ამიტომ ბევრი, თავდაცვის მიზნით, იარაღით დადიოდა. დღემდე მაქვს ჩარჩენილი გულმკერდის არეში ერთ-ერთი ასეთი შელაპარაკებისას მოხვედრილი ტყვია.

 მოზარდობის წლებში მინდოდა, სხვა ახალგაზრდებისთვის მიმებაძა და მათნაირი ვყოფილიყავი. უფრო და უფრო ხშირად დავდიოდი იმ შეკრებებზე, სადაც თავაშვებული ახალგაზრდობა იყრიდა თავს. ბევრს ვსვამდი, ვჩხუბობდი და ნარკოტიკებს ვიღებდი. ბოლოს კოკაინზე დამოკიდებული გავხდი. წამალი რომ მეყიდა, ქურდობა დავიწყე. ჩემი ოჯახი კვლავ ერთგულად დადიოდა ეკლესიაში, თუმცა მათგან არასოდეს მიმიღია ისეთი რჩევა, რომელიც თანატოლების საზიანო გავლენისგან დამიცავდა. ბევრჯერ დამაკავეს ჩხუბის გამო. ჩემი ცხოვრება უკან და უკან მიდიოდა და საკუთარ თავს ვერაფერს ვშველოდი. ბოლოს ხანგრძლივი ვადით ციხეში ამოვყავი თავი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 ერთხელ ციხეში ერთმა პატიმარმა შენიშნა, რომ ხელში ბიბლია მეჭირა. ეს იყო 1997 წელი, შობის პერიოდი. ტონგაში უმეტესობა შობის დღესასწაულს წმინდად მიიჩნევს. პატიმარმა მკითხა, თუ ვიცოდი, რა ეწერა ბიბლიაში ქრისტეს დაბადების შესახებ. ვუთხარი, რომ წარმოდგენა არ მქონდა. მან ბიბლიიდან წამიკითხა ის მონაკვეთი, რომელიც იესოს დაბადებაზე საუბრობს. დავინახე, რომ ბევრი რამ, რასაც ტრადიციულად ვაკეთებდით შობის დღესასწაულზე, ბიბლიაში არც კი იყო ნახსენები (მათე 2:1—12; ლუკა 2:5—14). გაოცებისგან ენა ჩამივარდა. მინდოდა, გამეგო, კიდევ რა ეწერა ბიბლიაში. ეს კაცი ესწრებოდა კრების შეხვედრებს, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები ყოველ კვირა ატარებდნენ ციხეში. გადავწყვიტე, მეც დავსწრებოდი მათ შეხვედრას. კრებაზე გამოცხადების წიგნს განიხილავდნენ. მართალია, ვერაფერი გავიგე, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ რასაც ისინი ასწავლიდნენ, ბიბლიაზე იყო დაფუძნებული.

 მოწმეებმა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზეს და მეც სიხარულით დავთანხმდი. ცხოვრებაში პირველად გავიგე, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, მალე დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა (ესაია 35:5—8). მივხვდი, რომ ღმერთის მოსაწონი რომ ვყოფილიყავი, ცხოვრება ძირეულად უნდა შემეცვალა. იეჰოვა სამოთხეში არ მაცხოვრებდა, თუ გავაგრძელებდი ცუდი საქმეების ჩადენას (1 კორინთელები 6:9, 10). გადავწყვიტე, ფეთქებადი ხასიათი მომეშორებინა და უარი მეთქვა მოწევაზე, ნარკოტიკებსა და უზომო სმაზე.

 1999 წელს, სანამ სასჯელს ბოლომდე მოვიხდიდი, საემიგრაციო ბანაკში გადამიყვანეს. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოწმეებთან არანაირი კონტაქტი არ მქონდა. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილი მქონდა, არ შემეწყვიტა, ცვლილებების მოხდენა. 2000 წელს მთავრობამ გამიუქმა შეერთებულ შტატებში ცხოვრების ნებართვა და ტონგაში დამაბრუნა.

 ტონგაში გავარკვიე, სად იკრიბებოდნენ იეჰოვას მოწმეები და ბიბლიის შესწავლა განვაახლე. ყველაფერი, რასაც ვსწავლობდი, ძალიან მომწონდა. ჩემზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ჩვენს კუნძულზე მცხოვრები მოწმეებიც ბიბლიაზე აფუძნებდნენ თავიანთ სწავლებას, როგორც ამას შეერთებულ შტატებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები აკეთებდნენ.

 ჩვენს მხარეში მამაჩემს კარგად იცნობდნენ, რადგან ადგილობრივ ეკლესიაში საპატიო ადგილი ეკავა. ამიტომ თავიდან ჩემი ოჯახის წევრები ძალიან განიცდიდნენ და ბრაზობდნენ, რომ იეჰოვას მოწმეებთან დავიჭირე საქმე. მაგრამ მოგვიანებით, ჩემმა მშობლებმა დაინახეს, როგორ მივატოვე ცუდი ჩვევები და ამას სიხარულით შეხვდნენ.

სხვა ტონგელი კაცების მსგავსად მეც საათობით ვსვამდი კავას

 ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მათრობელა სასმელზე, კავაზე, უარის თქმა იყო; კავა ჩვენს კულტურაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტონგელი მამაკაცები სხედან და საათობით სვამენ ამ გამაბრუებელ სასმელს, რაც ველური წიწაკის ფესვებისგან მზადდება. როდესაც სამშობლოში დავბრუნდი, კავის ბარში სიარული დავიწყე. იქ თითქმის ყოველ ღამე დავდიოდი და გონების დაკარგვამდე ვსვამდი. კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ იმ ადამიანებთან ვმეგობრობდი, რომლებიც არ აფასებდნენ ღვთის ნორმებს. ძმებმა დამანახვეს, რომ ჩემი საქციელით ღმერთს გულს ვტკენდი. დროთა განმავლობაში შევიცვალე ცხოვრების წესი, რათა ღვთის მოწონება და კურთხევა მიმეღო.

 დავიწყე კრების შეხვედრებზე დასწრება. არცერთ კრებას არ ვაცდენდი. კრების წევრებთან ურთიერთობა მეხმარებოდა ცდუნებებთან ბრძოლაში. 2002 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

კურთხევები

 ბიბლიაში წერია: „იეჰოვა ... მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9). ღვთის მოთმინება ჩემთვის დიდი კურთხევა აღმოჩნდა. მას შეეძლო დიდი ხნის წინათ გაენადგურებინა ეს გახრწნილი ქვეყნიერება, მაგრამ მისი მოთმინება ჩემნაირ ადამიანებს მასთან ახლო ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობას აძლევს. მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ მან შეიძლება მეც გამომიყენოს სხვების დასახმარებლად.

 იეჰოვას დახმარებით ჩემი ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგა. ნარკოტიკებს თავი დავაღწიე და ქურდობასაც შევეშვი. ახლა სხვებს ვეხმარები ღმერთთან დამეგობრებაში. იეჰოვას მოწმეებთან დაახლოების შემდეგ გავიცანი ჩემი საყვარელი მეუღლე, თეა. გვყავს ერთი ბიჭი და ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ჩვენ ერთად ვეხმარებით სხვებს იმის გაგებაში, თუ რას ამბობს ბიბლია სამოთხეში მშვიდობიანი ცხოვრების შესახებ.