არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ნიშნავს ხელახლა დაბადება?

რას ნიშნავს ხელახლა დაბადება?

ბიბლია გვპასუხობს:

 ტერმინი „ხელახლა დაბადება“ ნიშნავს ახალი ურთიერთობის დაწყებას ღმერთსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც ხელახლა დაიბადა (იოანე 3:3, 7). ღმერთი ხელახლა დაბადებულებს საკუთარ შვილებად იღებს (რომაელები 8:15, 16; გალატელები 4:5; 1 იოანე 3:1). როგორც ვინმეს შვილად აყვანის შემთხვევაში იცვლება მისი მდგომარეობა, ასევე ხდება ხელახლა დაბადებულის შემთხვევაშიც — ის ღვთის ოჯახის წევრი ხდება (2 კორინთელები 6:18).

რატომ არის საჭირო ხელახლა დაბადება?

 იესომ თქვა: „თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“ (იოანე 3:3). ასე რომ, ხელახლა დაბადება ადამიანს იმისთვის ამზადებს, რომ ქრისტესთან ერთად იმეფოს ღვთის სამეფოში. ეს სამეფო ზეციდან მმართველობს, ამიტომ როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ხელახლა შობა ეხმარება ადამიანს, მიიღოს მემკვიდრეობა, რომელიც „ზეცაში ინახება“ (1 პეტრე 1:3, 4). ხელახლა შობილებს ღვთის სული არწმუნებს, რომ ქრისტესთან ერთად იმეფებენ (2 ტიმოთე 2:12; 2 კორინთელები 1:21, 22).

როგორ ხდება ხელახლა დაბადება?

 ამ საკითხზე მსჯელობისას იესომ აღნიშნა, რომ ადამიანი ხელახლა „წყლისა და სულისგან“ იბადება (იოანე 3:5). იესოს ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ჯერ წყლით უნდა მოინათლოს, შემდეგ კი — წმინდა სულით (საქმეები 1:5; 2:1—4).

 იესო იყო პირველი, ვინც ხელახლა დაიბადა. ის მდინარე იორდანეში მოინათლა, რის შემდეგაც ღმერთმა სცხო (მონათლა) წმინდა სულით. ამგვარად, იესო ხელახლა დაიბადა, როგორც ღვთის სულიერი ძე და მიეცა იმედი, რომ კვლავ დაბრუნდებოდა ზეცაში საცხოვრებლად (მარკოზი 1:9—11). იესოს ეს იმედი მაშინ გამართლდა, როცა ღმერთმა იგი მკვდრეთით აღადგინა, როგორც სულიერი ქმნილება (საქმეები 13:33).

 იესოს გარდა სხვებიც, რომლებიც ხელახლა იბადებიან, წყალში ნათლობის შემდეგ იღებენ წმინდა სულს a (საქმეები 2:38, 41). რის შედეგადაც, მათ ეძლევათ ზეცაში ცხოვრების უტყუარი იმედი. ეს იმედი მაშინ გამართლდება, როცა ისინი მკვდრეთით აღდგებიან (1 კორინთელები 15:42—49).

მცდარი შეხედულებები ხელახლა დაბადებაზე

 მცდარი შეხედულება: ადამიანი ხელახლა უნდა დაიბადოს, ხსნა რომ მიიღოს ან ქრისტიანი გახდეს.

 სინამდვილე: ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლს ხსნა მოაქვს არა მხოლოდ მათთვის, ვინც ხელახლა იბადება და ქრისტესთან ერთად იმეფებს ზეცაში, არამედ მათთვისაც, ვინც დედამიწაზე ღვთის სამეფოს ქვეშევრდომი იქნება (1 იოანე 2:1, 2; გამოცხადება 5:9, 10). ამ მეორე ჯგუფში შემავალ ქრისტიანებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევათ სამოთხეში, რომელიც დედამიწაზე გაშენდება (ფსალმუნი 37:29; მათე 6:9, 10; გამოცხადება 21:1—5).

 მცდარი შეხედულება: ადამიანი თავად ირჩევს, ხელახლა დაიბადება თუ არა.

 სინამდვილე: ყველა ადამიანს აქვს ღმერთთან ურთიერთობის და ხსნის მიღების შესაძლებლობა (1 ტიმოთე 2:3, 4; იაკობი 4:8). თუმცა ღმერთი წყვეტს, ვინ დაიბადება ხელახლა, ანუ ვის სცხებს წმინდა სულით. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ხელახლა დაბადება „მასზე კი არ არის დამოკიდებული, ვისაც სურს ან ვინც ისწრაფვის, არამედ მწყალობელ ღმერთზე“ (რომაელები 9:16). „ხელახლა დაბადება“ აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მაღლიდან შობა“, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არჩევა, ვინც ხელახლა უნდა დაიბადოს, ხდება მაღლიდან, ანუ ღვთისგან (იოანე 3:3).

a გამონაკლისი იყო დაშვებული კორნელიუსისა და მასთან მყოფების შემთხვევაში (საქმეები 10:44—48).