არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია მეათედის გაღებაზე?

რას ამბობს ბიბლია მეათედის გაღებაზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად ძველ ისრაელებს მოეთხოვებოდათ წლიური შემოსავლიდან მეათედის გაღება. a ღმერთმა უთხრა მათ: „გაიღე მეათედი მთელი შენი დათესილი თესლის მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში“ (კანონი 14:22).

 მეათედის გადახდა მოითხოვებოდა მოსეს კანონის თანახმად, რომელიც ღმერთმა მოსეს მეშვეობით მისცა ძველ ისრაელს. ქრისტიანები აღარ ემორჩილებიან მოსეს კანონს, ამიტომ მათთვის სავალდებულო არ არის მეათედის გადახდა (კოლოსელები 2:13, 14). ნაცვლად ამისა, თითოეული ქრისტიანი იმდენს სწირავს ღმერთს, რამდენსაც გულში გადაწყვეტს, „ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7).

 მეათედი ბიბლიაში — „ძველი აღთქმა“

 მეათედი რამდენჯერმე გვხვდება „ძველ აღთქმად“ წოდებულ ბიბლიის ნაწილში. უმეტეს შემთხვევაში მას ვხვდებით ისრაელებისთვის მოსეს მეშვეობით მიცემულ ღვთის კანონში. თუმცა ბიბლიაში მეათედის გაღების ორ შემთხვევას ვხვდებით კანონის შეთანხმების დადებამდე.

კანონის შეთანხმების დადებამდე

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პირველი ადამიანი, რომელმაც მეათედი გაიღო, იყო აბრამი (აბრაამი) (დაბადება 14:18—20; ებრაელები 7:4). როგორც ჩანს, აბრაამმა ერთჯერადად მიართვა ძღვენი სალემის მეფეს, რომელიც იმავდროულად მღვდელიც იყო. ბიბლიაში სხვაგან არსად არის ნათქვამი, რომ აბრაამმა ან მისმა შვილებმა სხვა დროსაც გაიღეს მეათედი.

 მეორე ადამიანი, რომელმაც მეათედი გაიღო, იყო აბრაამის შვილიშვილი, იაკობი. მან ღმერთს აღუთქვა, რომ თუ აკურთხებდა, შესწირავდა „იმ ყველაფრის მეათედს“, რასაც ღმერთი მისცემდა (დაბადება 28:20—22). ზოგიერთი ბიბლიის ექსპერტი ვარაუდობს, რომ იაკობმა მეათედი ცხოველური შესაწირავის სახით გაიღო. მან შეასრულა ღვთისთვის მიცემული აღთქმა, თუმცა თავისი მემკვიდრეებისთვის იმავეს გაკეთება არ დაუვალებია.

მეათედის გაღება კანონის შეთანხმების საფუძველზე

 ძველ ისრაელს მოეთხოვებოდა მეათედის გაღება რელიგიური მსახურების მხარდასაჭერად.

  •   მეათედი ხმარდებოდა მათ საჭიროებებს, რომლებიც სრული დროით ასრულებდნენ რელიგიურ მსახურებას. ასეთები იყვნენ ლევიანები, მათ შორის მღვდლები, რომელთაც არ ჰქონდათ საკუთარი მიწა დასამუშავებლად (რიცხვები 18:20, 21). ის ლევიანებიც, რომლებიც მღვდლებად არ მსახურობდნენ, ხალხისგან იღებდნენ მეათედს და ამ მეათედიდან საუკეთესო მეათედს სწირავდნენ მღვდლების საჭიროებებისთვის (რიცხვები 18:26—29).

  •   როგორც ჩანს, ისრაელებს ყოველწლიურად მეორე მეათედის გადახდაც მოეთხოვებოდათ, რომელიც ემსახურებოდა როგორც ლევიანების, ისე დანარჩენი ისრაელების კეთილდღეობას (კანონი 14:22, 23). ამ მეათედს ისრაელი ოჯახები ყოველწლიური დღესასწაულების დროს გასცემდნენ. გარდა ამისა, რამდენიმე წელიწადში ერთხელ მას უნაწილებდნენ ღარიბებსა და ქვრივ-ობლებს (კანონი 14:28, 29; 26:12).

 როგორ ითვლიდნენ მეათედს? ისრაელები გადადებდნენ ხოლმე აღებული მოსავლის მეათედს (ლევიანები 27:30). თუ ვინმეს მისი გაღება ფულადი სახით ერჩივნა, მაშინ ის ფულზე უნდა გადაეცვალა და 20 პროცენტი დაემატებინა (ლევიანები 27:31). ამასთანავე, მათ მოეთხოვებოდათ „ფარიდან ან საქონლიდან ყოველი მეათის“ გაღება (ლევიანები 27:32).

 მეათედის დასადგენად ისრაელები ფარეხიდან გამოსულ ყოველ მეათე ცხოველს ირჩევდნენ. კანონში ნათქვამი იყო, რომ არ შეიძლებოდა ამ ცხოველის არც შემოწმება, არც შეცვლა და არც ფულზე გადაცვლა (ლევიანები 27:32, 33). თუმცა მათ შეეძლოთ ფულზე გადაეცვალათ მეორე მეათედი, რომლებსაც ყოველწლიური დღესასწაულების დროს სწირავდნენ. ეს ღონისძიება მეტად ხელსაყრელი იყო იმ ისრაელებისთვის, რომელთაც დიდი მანძილის გავლა უწევდათ დღესასწაულზე დასასწრებად (კანონი 14:25, 26).

 როდის სწირავდნენ ისრაელები მეათედს? ისრაელები ყოველ წელს სწირავდნენ მეათედს. მაგრამ ყოველი მეშვიდე წელი გამონაკლისი იყო. ეს წელი შაბათი იყო და მიწა ისვენებდა. ამ დროს ისრაელებს არანაირი მოსავალი არ მოჰყავდათ (ლევიანები 25:4, 5). ამ დროს არ ხდებოდა მეათედის გაღება, რაც ისრაელებს შეახსენებდა, რომ ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო. ყოველ მესამე და მეექვსე წელს ისრაელებს მეორე მეათედი ღარიბებისა და ლევიანებისთვის უნდა გაენაწილებინათ (კანონი 14:28, 29).

 რა იყო სასჯელი მეათედის გადაუხდელობის შემთხვევაში? მეათედის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონი არანაირ სასჯელს არ ითვალისწინებდა. მეათედი ერთგვარი მორალური პასუხისმგებლობა იყო. ისრაელებს ღვთის წინაშე უნდა განეცხადებინათ, რომ გაიღეს მეათედი და ეთხოვათ კურთხევა ამგვარი ქმედებისთვის (კანონი 26:12—15). ღმერთი მეათედის გადაუხდელობას ისე აფასებდა, თითქოს ადამიანი მას ჰპარავდა რაღაცას (მალაქია 3:8, 9).

 მძიმე ტვირთი იყო მეათედი? არა. ღმერთი შეჰპირდა ისრაელ ერს, რომ, თუ მიიტანდნენ მეათედს, ის კურთხევას გადმოღვრიდა მათზე და არაფერი მოაკლდებოდათ (მალაქია 3:10). მეორე მხრივ, გადაუხდელობის შემთხვევაში ერი ზარალდებოდა. ისინი კარგავდნენ ღვთის კურთხევას და იმის გამო, რომ მღვდლები და ლევიანები ვერ იღებდნენ კუთვნილ წილს, სათანადოდ ვეღარ ასრულებდნენ თავიანთ საქმიანობას (ნეემია 13:10; მალაქია 3:7).

 მეათედი ბიბლიაში — „ახალი აღთქმა“

 იესოს დედამიწაზე ცხოვრების დროს მეათედის გადახდა კვლავაც მოითხოვებოდა ღვთის თაყვანისმცემლებისგან, მაგრამ იესოს სიკვდილის შემდეგ ეს მოთხოვნა გაუქმდა.

იესოს დროს

 „ახალ აღთქმად“ წოდებული ბიბლიის ნაწილიდან ვიგებთ, რომ ისრაელები იესოს დედამიწაზე ყოფნის პერიოდშიც აგრძელებდნენ მეათედის გადახდას. იესომ აღნიშნა, რომ მისი გადახდა სავალდებულო იყო მათთვის, თუმცა მან გაკიცხა რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც ზედმიწევნით იხდიდნენ მეათედს, მაგრამ დავიწყებული ჰქონდათ „უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მათე 23:23).

იესოს სიკვდილის შემდეგ

 იესოს სიკვდილის შემდეგ მეათედის გადახდა სავალდებულო აღარ არის. იესოს სიკვდილით გაუქმდა მოსეს კანონი, მათ შორის მეათედთან დაკავშირებული კანონი (ებრაელები 7:5, 18; ეფესოელები 2:13—15; კოლოსელები 2:13, 14).

a „მეათედი წარმოადგენს შემოსავლის მეათედ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებული მიზნისთვის ... ბიბლიის თანახმად, მასში რელიგიური მიზნისთვის გაღებული შესაწირი იგულისხმება“ (ჰარპერის ბიბლიური ლექსიკონი, გვერდი 765).