არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ არის გამოცხადების მე-17 თავში მოხსენიებული ალისფერი მხეცი?

ვინ არის გამოცხადების მე-17 თავში მოხსენიებული ალისფერი მხეცი?

ბიბლიის თვალსაზრისი

 გამოცხადების მე-17 თავში მოხსენიებული ალისფერი მხეცი განასახიერებს ორგანიზაციას, რომლის მიზანია მსოფლიო ერების გაერთიანება. ის თავიდან ერთა ლიგას წარმოადგენდა, ახლა კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას განასახიერებს.

როგორ ამოვიცნოთ ალისფერი მხეცი

  1.   პოლიტიკური ორგანიზაცია. ალისფერ მხეცს აქვს „შვიდი თავი“, რომლებიც განასახიერებს „შვიდ მთას“ და „შვიდ მეფეს“ ანუ მმართველ ძალებს (გამოცხადება 17:9, 10). ბიბლიაში მოხსენიებული მთები და მხეცები ასიმბოლოებს მთავრობებს (იერემია 51:24, 25; დანიელი 2:44, 45; 7:17, 23).

  2.   განასახიერებს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას. ალისფერი მხეცი ძალიან ჰგავს გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებულ შვიდთავიან მხეცს, რომელიც განასახიერებს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას. ორივე მხეცს აქვს შვიდი თავი, ათი რქა და ღვთისმგმობელი სახელები (გამოცხადება 13:1; 17:3). ეს მსგავსებები იმდენად აშკარაა, რომ შეუძლებელია დამთხვევა იყოს. ასე რომ, ალისფერი მხეცი წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას (გამოცხადება 13:15).

  3.   სხვა მმართველებისგან გაძლიერებული. ალისფერი მხეცი „წარმოიშობა“ მიწიერი მმართველებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ისინი არიან მისი სულისჩამდგმელები (გამოცხადება 17:11, 17).

  4.   რელიგიასთან კავშირში. „დიდი ბაბილონი“, რომელიც მოიცავს მსოფლიოს ყველა ცრუ რელიგიას, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ზის ალისფერ მხეცზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდ ბაბილონს გავლენა აქვს მასზე (გამოცხადება 17:3—5).

  5.   შეურაცხყოფს ღმერთს. მხეცი სავსეა „ღვთისმგმობელი სახელებით“ (გამოცხადება 17:3).

  6.   დროებით უმოქმედო. ალისფერი მხეცი დროებით „უფსკრულში“ a ანუ უმოქმედო მდგომარეობაში იქნება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ გააქტიურდება (გამოცხადება 17:8).

ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება

 განვიხილოთ, როგორ შეასრულეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მისმა წინამორბედმა ერთა ლიგამ ბიბლიური წინასწარმეტყველება ალისფერ მხეცთან დაკავშირებით.

  1.   პოლიტიკური ორგანიზაცია. გაერო დაფუძნებულია მის წევრ-სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპზე. b

  2.   განასახიერებს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას. 2011 წელს გაეროს 193-ე წევრ-სახელმწიფო დაემატა. აქედან ნათლად ჩანს, რომ ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულია მსოფლიო ერების დიდ ნაწილი.

  3.   სხვა მმართველებისგან გაძლიერებული. გაეროს არსებობა დამოკიდებულია მასში გაერთიანებულ ქვეყნებზე. მის ძალაუფლებასაც ეს ქვეყნები განსაზღვრავენ.

  4.   რელიგიასთან კავშირში. ერთა ლიგასაც და გაეროსაც ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ მსოფლიო წამყვანი რელიგიების მხარდაჭერა. c

  5.   შეურაცხყოფს ღმერთს. გაეროს დაფუძნების მიზანი „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება იყო“. d ერთი შეხედვით, ეს მიზანი საქებარია, თუმცა სინამდვილეში გაერო შეურაცხყოფს ღმერთს, რადგან იმის გაკეთებას იჩემებს, რაც მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია გააკეთოს (ფსალმუნი 46:9; დანიელი 2:44).

  6.   დროებით უმოქმედო. ერთა ლიგა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე ჩამოყალიბდა მშვიდობის დამყარების მიზნით, წარუმატებელი აღმოჩნდა. მან არსებობა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1939 წელს შეწყვიტა. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ჩამოყალიბდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის მიზნები, მეთოდები და სტრუქტურა ძალიან ჰგავს ერთა ლიგისას.

a „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, „უფსკრულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „მეტისმეტად ღრმას“. „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ მიხედვით, ეს სიტყვა სიტყვასიტყვით „უძირო ორმოს“ ნიშნავს. ბიბლიაში ის მიუთითებს ადგილზე ან მდგომარეობაზე, როცა ვინმე შებორკილი ან სრულიად უმოქმედო მდგომარეობაშია.

b იხილეთ გაეროს წესდების მე-2 მუხლი.

c მაგალითად, 1918 წელს საბჭომ, რომელიც პროტესტანტულ რელიგიებს წარმოადგენდა ამერიკაში, განაცხადა, რომ „ერთა ლიგა იქნებოდა ღვთის სამეფოს პოლიტიკური წარმომადგენელი დედამიწაზე“. 1965 წელს ბუდიზმის, კათოლიციზმის, მართლმადიდებლობის, ინდუიზმის, ისლამის, იუდაიზმისა და პროტესტანტული რელიგიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ სან-ფრანცისკოში, რათა ელოცათ და მხარი დაეჭირათ გაეროსთვის. 1979 წელს პაპმა იოანე-პავლე II-მ შედეგი სიტყვებით მიმართა გაეროს წარმომადგენლებს: „ვიმედოვნებ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველთვის იქნება მშვიდობისა და სამართლიანობის უმაღლესი ფორუმი“.

d იხილეთ გაეროს წესდების 1-ლი მუხლი.