არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია შურისძიებაზე?

რას ამბობს ბიბლია შურისძიებაზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

 მაშინაც კი, თუ ადამიანი შურისძიებას სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევს, ის შემდეგი ბიბლიური რჩევის წინააღმდეგ მიდის: „ნუ იტყვი: როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევიო; სამაგიეროს გადავუხდიო“ (იგავები 24:29). ბიბლიური რჩევები ბევრს დაეხმარა, დაეძლია შურისძიების სურვილი.

ამ სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:

 რატომაა ცუდი შურისძიებისკენ სწრაფვა?

 თუ ვინმემ გაწყენინათ და ზიანი მოგაყენათ, უჩვეულო არაფერია იმაში, რომ გაბრაზდეთ და დამნაშავის დასჯის სურვილი გაგიჩნდეთ. თუმცა, ბიბლიაში დაგმობილია ადამიანისთვის სანაცვლოს მიგება. საინტერესოა, რატომ?

 ღმერთს არ მოსწონს, როცა ადამიანი ცდილობს, შური თავად იძიოს. ბიბლიაში იეჰოვა a ღმერთი ამბობს: „მე ვიძიებ შურს, მე მივუზღავ“ (რომაელები 12:19). ბიბლია იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის ან ცუდად მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, მოუწოდებს, არ იძიონ შური; ნაცვლად ამისა, თუ შესაძლებელია, მათ მშვიდობიანი გზები უნდა გამონახონ მწყენინებელთან პრობლემის მოსაგვარებლად (რომაელები 12:18). მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ პრობლემა მშვიდობიანი გზით არ გვარდება ან მაშინ, როცა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ უშედეგოდ? ბიბლია მოგვიწოდებს, მივენდოთ იეჰოვას, რომელიც სამართალს აღასრულებს (ფსალმუნი 42:10, 11).

 როგორ აღასრულებს ღმერთი სამართალს?

 დღესდღეობით ღმერთი უშვებს, რომ დამნაშავეს პასუხი სახელმწიფოს მიერ დადგენილმა უფლებამოსილმა პირებმა აგებინონ. (რომაელები 13:1—4). თუმცა თავის დროზე ღმერთი თავად დასჯის ყველა ბოროტმოქმედსა და მოძალადეს და ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ტანჯვას (ესაია 11:4).

 როგორ ამოვიგდოთ თავიდან შურისძიებაზე ფიქრი?

  •  ნურაფერს გააკეთებთ ცხელ გულზე (იგავები 17:27). ადამიანები, რომლებიც ბრაზსა და რისხვას ვერ იკავებენ, ხშირად ისეთ რამეს აკეთებენ, რასაც მოგვიანებით ნანობენ. მაგრამ, ისინი, ვინც ფიქრობენ, სანამ რამეს მოიმოქმედებენ, ხშირ შემთხვევაში უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ (იგავები 29:11).

  •   კარგად გამოიკვლიეთ ფაქტები (იგავები 18:13). კარგი იქნება, თუ ის, ვისაც ცუდად მოექცნენ, დაფიქრდება შემდეგ კითხვებზე: „ხომ არ არსებობს ჩემთვის უცნობი მიზეზები, რის გამოც მაწყენინა იმ ადამიანმა? მაგალითად, სტრესს ხომ არ განიცდის? იქნებ ვერც კი გააცნობიერა, რა გააკეთა?“. ზოგჯერ გვგონია, რომ განზრახ გვაწყენინეს, არადა, ადამიანს უბრალოდ რაღაც შეეშალა.

 მცდარი შეხედულებები შურისძიებაზე

 მცდარი შეხედულება: ბიბლია ამართლებს შურისძიებას, რადგან ამბობს: „თვალი თვალის წილ “ (ლევიანები 24:20, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

 სინამდვილე: კანონი „თვალი თვალის წილ“ ძველ ისრაელებს არ აძლევდა უფლებას, თავად ეძიათ შური. ეს კანონი ეხმარებოდა მსაჯულებს, შესაბამისი სასჯელი დაეკისრებინათ დამნაშავისთვის b (კანონი 19:15—21).

 მცდარი შეხედულება: რადგან ბიბლია შურისძიების ნებას არ გვრთავს, არ შეიძლება, რომ თავდასხმის დროს თავი დავიცვათ.

 სინამდვილე: თავდასხმის შემთხვევაში, მსხვერპლს უფლება აქვს, დაიცვას თავი ან დახმარებისთვის უფლებამოსილ პირებს მიმართოს. თუმცა ბიბლია გვირჩევს, რომ თავიდან ავირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები, რაც შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს (იგავები 17:14).

a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „იეჰოვა“ არის ღვთის საკუთარი სახელი.

b დეტალური ინფორმაციის მისაღებად იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიცავდა ეს კანონი, იხილეთ სტატია „რას ნიშნავს „თვალი თვალის წილ“?