არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ანემია — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

ანემია — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

 „ანემია მოზარდობის წლებში აღმომაჩნდა, — იხსენებს ბეტი. — სულ მეძინებოდა, მალე ვიღლებოდი, ძვლები მტკიოდა და კონცენტრირება მიჭირდა. ექიმმა რკინის დანამატები დამინიშნა; კვების რაციონიც გავაუმჯობესე და მალევე თავი უკეთ ვიგრძენი“.

 ბეტის მსგავსად დღეს ბევრი ებრძვის ამ დაავადებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ორი მილიარდი ადამიანი ანუ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიით არის დაავადებული. განვითარებად ქვეყნებში ფეხმძიმე ქალების 50% და სკოლამდელი ბავშვების 40% ებრძვის ანემიას.

 ანემია ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მძიმე შემთხვევებში ის იწვევს გულის დაავადებებს, მათ შორის გულის უკმარისობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ზოგიერთ ქვეყანაში დედათა სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 20% ანემიით არის განპირობებული. თუ ორსულ ქალს რკინადეფიციტური ანემია აქვს, რომელიც ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, შესაძლოა ბავშვი ნაადრევად ან მცირე წონით დაიბადოს. დიდია იმის ალბათობა, რომ ანემიით დაავადებული ბავშვები ნელა განვითარდნენ და ადვილად დაინფიცირდნენ. თუმცა რკინადეფიციტური ანემიის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია. a

რა არის ანემია?

 ანემია არის ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა. ანემიის არაერთი გამომწვევი მიზეზი არსებობს და დღეისთვის ამ დაავადების 400-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. ანემია შეიძლება იყოს დროებითი, ქრონიკული, მსუბუქი ან მწვავე ფორმის.

რა იწვევს ანემიას?

 ანემიას ძირითადად სამი გამომწვევი მიზეზი აქვს:

  •   სისხლის დაკარგვის შედეგად ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა მკვეთრად მცირდება.

  •   ორგანიზმში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის სისხლის წითელი უჯრედები.

  •   ორგანიზმი ანადგურებს სისხლის წითელ უჯრედებს.

 ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა რკინადეფიციტური ანემია. როდესაც ორგანიზმში რკინა საკმარისი რაოდენობით არ არის, ეს სისხლის წითელ უჯრედებში ჰემოგლობინის ანუ ჟანგბადის გადამტანი ცილის დეფიციტს განაპირობებს.

რა სიმპტომებით ხასიათდება რკინადეფიციტური ანემია?

 ხშირად ანემია სრულიად შეუმჩნევლად, ყოველგვარი გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. მას სხვადასხვა სიმპტომი ახასიათებს, თუმცა რკინადეფიციტური ანემია ძირითადად ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით ხასიათდება:

  •   ადვილად დაღლა

  •   ტერფების ან ხელების გაციება

  •   საერთო სისუსტე

  •   სიფერმკრთალე

  •   თავის ტკივილი და თავბრუხვევა

  •   ტკივილი გულმკერდის არეში, გახშირებული გულისცემა, სუნთქვის უკმარისობა

  •   ფრჩხილების მტვრევადობა

  •   მადის დაქვეითება, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში

  •   ყინულის, სახამებლის და მიწის ჭამის სურვილიც კი

ვის ემუქრება საფრთხე?

 ქალები მიდრეკილი არიან ამ დაავადებისკენ, რადგან მენსტრუალური ციკლის პერიოდში ისინი გარკვეული რაოდენობის სისხლს კარგავენ. ორსულებიც რისკის ქვეშ არიან, თუ ისინი კვების რაციონიდან საკმარისი რაოდენობით ვერ იღებენ ფოლიუმის მჟავას და B ვიტამინს.

 ჩვილები, რომლებიც ნაადრევად ან მცირე წონით იბადებიან და დედის რძიდან ან რძის შემცვლელი საკვებიდან ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის რკინას.

 ბავშვები, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან.

 ვეგეტარიანელები, რომელთა კვების რაციონშიც არ არის რკინით მდიდარი საკვები.

 ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ სისხლის დაავადებები, სიმსივნე, თირკმლის უკმარისობა, ნელი სისხლდენა წყლულიდან ან ინფექციური დაავადებები.

ანემიის მკურნალობა

 ანემიის ზოგიერთი ფორმის პრევენცია ან განკურნება შეუძლებელია. მაგრამ რკინის ან ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული ანემიის პრევენცია და განკურნება შესაძლებელია ჯანსაღი კვების რაციონით, რომელიც შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ საკვებ ნივთიერებებს:

 რკინა. რკინას შეიცავს ხორცი, ლობიო, ოსპი და მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. b ასევე სასარგებლოა კერძების მომზადება ლითონის ტაფებსა თუ ქვაბებში, რადგან კვლევების თანახმად, ამ დროს საკვებში რკინის შემადგენლობა იზრდება.

 ფოლატი. ამ ნივთიერებას შეიცავს ხილი, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მწვანე ბარდა, ლობიო, ყველი, კვერცხი, თევზი, ნუში და მიწის თხილი. ფოლატს ასევე შეიცავს ვიტამინებით მდიდარი მარცვლეული და ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და ბრინჯი. ფოლატის სინთეზური ფორმა არის ფოლიუმის მჟავა.

 ვიტამინი B-12. გვხვდება ხორცში, რძის პროდუქტებში, გამაგრებულ მარცვლეულსა და სოიოს პროდუქტებში.

 ვიტამინი C. ამ ვიტამინს შეიცავს ციტრუსოვანი ხილი და ციტრუსის წვენი, წიწაკა, ბროკოლი, პომიდორი, ნესვი და მარწყვი. C ვიტამინით მდიდარი საკვები ორგანიზმს რკინის ათვისებაში ეხმარება.

 სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ საკვებს მიირთმევენ. ამიტომ გაერკვიეთ, რომელი ადგილობრივი საკვები შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. ეს რჩევა სასარგებლოა ქალებისთვის, განსაკუთრებით ორსულთათვის ან მათთვის, ვინც ბავშვის ყოლას გეგმავს. თუ იზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ თქვენი შვილის ანემიით დაავადების რისკს. c

a ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია კვების რაციონთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით აღებულია მეიოს კლინიკიდან და ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან (The Gale Encyclopedia of Nursing and Allied Health). თუ ეჭვობთ, რომ ანემია გაქვთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

b ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ მიიღებთ რკინის დანამატებს და ნუ მისცემთ მათ ბავშვებს, რადგან ორგანიზმში რკინის მოჭარბებამ შესაძლოა დააზიანოს ღვიძლი და გამოიწვიოს სხვა პრობლემები.

c ექიმები ზოგიერთ შემთხვევაში ანემიას სისხლის გადასხმით მკურნალობენ. მკურნალობის ასეთი ფორმა იეჰოვას მოწმეებისთვის მიუღებელია (საქმეები 15:28, 29).