არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლიის თვალსაზრისი

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა

აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა, ვუფრთხილდებით თუ არა ჩვენს ჯანმრთელობას?

„ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს და ვინც ხორცით ვერ ძღება“ (იგავები 23:20).

რატომ უნდა გვაინტერესებდეს?

ბიბლია სამედიცინო სახელმძღვანელო არ არის. ის არც კონკრეტულ წესებს გვიდგენს, თუ როგორ მოვიქცეთ. და მაინც, ღვთის თვალსაზრისის გაგება ჯანმრთელობაზე დიდ დახმარებას გაგვიწევს.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლიის არაერთი მონაკვეთიდან შეიძლება იმის გაგება, რომ ღვთისთვის სულერთი არ არის ის, ვუფრთხილდებით თუ არა ჩვენს ჯანმრთელობას. მაგალითად, ბიბლია გმობს ისეთ საზიანო საქციელს, როგორიცაა, უზომო ჭამა-სმა (იგავები 23:20). ძველი ისრაელებისადმი მიცემული კანონთა კრებული შეიცავდა მითითებებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო დაავადების დაძლევა ან მისი თავიდან აცილება. კანონში ასევე ჩაწერილი იყო კონკრეტული წესები უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად (კანონი 22:8). აშკარაა, რომ ბიბლია მოგვიწოდებს, ვიზრუნოთ ჩვენს სხეულზე და გონივრულ ზომებს მივმართოთ ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად.

 რატომ ვხდებით ავად?

„ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“ (რომაელები 5:12).

რას ამბობს ხალხი.

ბევრი ფიქრობს, რომ ავადმყოფობა ევოლუციის გარდაუვალი შედეგია. სხვების აზრით, ამის მიზეზი საიდუმლოებით მოცული ბოროტი სულებია.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლია გვიხსნის, რომ ჩვენი ავადმყოფობის მიზეზი პირველი ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვაა (რომაელები 5:12). სანამ ღვთის წინააღმდეგ წავიდოდნენ, ადამსა და ევას სრულყოფილი ჯანმრთელობა ჰქონდათ. მათ იცოდნენ, რომ ღვთის მზრუნველობის გარეშე, მოკვდებოდნენ (დაბადება 2:16, 17). მიუხედავად ამისა, მათ შეგნებულად თქვეს უარი ღმერთთან მეგობრობაზე და დაკარგეს სრულყოფილება. *

დაუმორჩილებლობის შედეგად ჩვენმა წინაპრებმა დაკარგეს სრულყოფილება და, შესაბამისად, ჩვენც გადმოგვეცა არასრულყოფილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც ვხდებით ავად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ძალიან ცდილობენ, ბოლო მოუღონ დაავადებებს.

რის გაკეთება შეგიძლიათ?

ბიბლია გვასწავლის, რომ თუ ღვთის გონივრული პრინციპებით ვიცხოვრებთ, ღმერთს დავუახლოვდებით და ერთ მშვენიერ დღესაც სრულყოფილი ჯანმრთელობით გავიხარებთ სამოთხედქცეულ დედამიწაზე (ესაია 33:24). ღმერთი გვპირდება, რომ ბოლოს მოუღებს ტკივილს, ავადმყოფობასა და სიკვდილს (გამოცხადება 21:3, 4).

კრძალავს ბიბლია სამედიცინო მკურნალობას?

„ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათე 9:12).

რას ამბობს ხალხი.

ზოგი სამედიცინო მკურნალობას რწმენით განკურნებას ამჯობინებს.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლიურ დროში ღმერთი უშვებდა, რომ თავის ხალხში ყოფილიყვნენ მკურნალები (დაბადება 38:28; კოლოსელები 4:14). ბიბლიაში ვერსად ვერ შეხვდებით ისეთ აზრს, რომ ღმერთი არ იწონებდა სამედიცინო მიზნით მცენარეებისა და მალამოების გამოყენებას ან სხვა სახის მკურნალობას. ღვთის მსახურებს ზოგიერთი საკვებისგანაც უნდა შეეკავებინათ თავი, რაც ჯანმრთელობას ვნებდა. იესომ თქვა, რომ „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათე 9:12).

და მაინც, ბიბლია არ იწონებს ნებისმიერი სახის მკურნალობას. მაგალითად, ბიბლია მხარს არ უჭერს დღეს გავრცელებულ რწმენით განკურნების მეთოდებს. ღმერთს არც მკურნალობის ისეთი მეთოდები მოსწონს, რომლებშიც გამოიყენება სპირიტული სეანსები (გალატელები 5:19 —21). ამიტომ, როდესაც ავად ვხდებით, გონივრული იქნება, დაუყოვნებლივ ვიფიქროთ მკურნალობის სათანადო მეთოდებზე.

^ აბზ. 10 ამ სტატიაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოყენებული სიტყვა „სრულყოფილება“, მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთმა პირველი ადამიანები ისე შექმნა, რომ ისინი ავად არ უნდა გამხდარიყვნენ და არც უნდა მომკვდარიყვნენ.