არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

მართლა „ცისქვეშეთში მცხოვრები ყველა ხალხიდან“ იყვნენ იუდეველები ჩასულები იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

იერუსალიმის ხალხმრავალი ქუჩა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე

ბიბლიაში საქმეების 2:5—11-ში აღწერილ ეპიზოდს პირველი საუკუნის ებრაელი მწერალი ფილონ ალექსანდრიელიც მოიხსენიებს. თავის ნაშრომში ის აღწერს უამრავ ხალხს, რომლებიც იერუსალიმში ჩავიდნენ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე.

იერუსალიმში ჩასული ხალხის შესახებ ფილონი წერდა: „ყოველ დღესასწაულზე ხმელეთითა თუ ზღვით უამრავი ქალაქიდან უთვალავი ადამიანი ჩამოდიოდა. ისინი მოდიოდნენ აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან“. ფილონი თავის ნაშრომში ციტირებს მონაკვეთს წერილიდან, რომელიც ჰეროდე დიდის შვილიშვილმა, აგრიპა I-მა, რომის იმპერატორ კალიგულას გაუგზავნა. წერილში აგრიპა იერუსალიმზე წერდა: „წმინდა ქალაქი . . . მხოლოდ იუდეის დედაქალაქი კი არ არის, არამედ სხვა ქვეყნებისაც, რადგან აქედან არაერთხელ მოხდა ხალხის გადინება და მათი მეზობელ ქვეყნებში კოლონიებად ჩასახლება“.

აგრიპამ მოიხსენია ის ტერიტორიები, სადაც ებრაელთა კოლონიები იყო ჩამოყალიბებული, მათ შორის ისეთი დაშორებული მიწები, როგორიცაა: შუამდინარეთი, ჩრდილოეთი აფრიკა, მცირე აზია, საბერძნეთი და ხმელთაშუა ზღვის კუნძულები. ერთი სწავლული, სახელად იოაკიმ იერემიასი, აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩამონათვალში კონკრეტულად არ არის აღწერილი მგზავრთა მარშრუტი იერუსალიმამდე, ერთი რამ ცხადია: იერუსალიმში დღესასწაულებზე ჩასვლა ყველა ზრდასრულ იუდეველს მოეთხოვებოდა“ (კანონი 16:16).

როგორ ბინავდებოდა იერუსალიმში სადღესასწაულოდ ჩასული ათასობით იუდეველი?

იერუსალიმში აღმოჩენილი რიტუალური აუზის ნანგრევები

იერუსალიმში წელიწადში სამი დღესასწაული იმართებოდა — პასექის, ორმოცდამეათე დღის და კარვობის. ამ დღესასწაულებზე დასასწრებად პირველ საუკუნეში მთელი ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან, სადაც კი იუდეველები ცხოვრობდნენ, იერუსალიმში ასობით ათასი სტუმარი ჩადიოდა (ლუკა 2:41, 42; საქმეები 2:1, 5—11). ცხადია, ყველა ამ მომლოცველს ღამის გასათევი სჭირდებოდა.

ჩასულთაგან ზოგი მეგობრებთან რჩებოდა, ზოგი კი ღამეს სასტუმროში ათევდა ან ოთახს ქირაობდა. ბევრი ქალაქსა თუ მის შემოგარენში კარვებში ჩერდებოდა. მაგალითად, იესომ იერუსალიმში ბოლო სტუმრობისას ღამე ახლომდებარე ქალაქ ბეთანიაში გაათია (მათე 21:17).

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს იერუსალიმის ტაძართან ახლოს მდებარე ნაგებობები, რომელთაც ბევრი აუზი ჰქონდა. ფიქრობენ, რომ ეს შენობები სასტუმროები იყო, სადაც სტუმრებს ღამის გათევა და ტაძარში შესვლამდე დაბანვა და თავის მოწესრიგება შეეძლოთ. ერთ ასეთ შენობაზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს, რომ თეოდოტემ, ადგილობრივი სინაგოგის მღვდელმა და წინამძღოლმა, „ააგო სინაგოგა თორას საკითხავად . . . გარდა ამისა, ააშენა სასტუმრო, ოთახები და წყლის საცავები უცხო ქვეყნიდან ჩამოსულთა მისაღებად“.