არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

ბიბლიის გარდა კიდევ რა ამტკიცებს, რომ ისრაელები ეგვიპტეში მონები იყვნენ?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ჩაიყვანეს, პატრიარქი იაკობი და მისი ოჯახი საცხოვრებლად ქანაანიდან ეგვიპტეში გადავიდნენ. ისინი იქ გოშენის მიწაზე დასახლდნენ, სადაც მდინარე ნილოსი ხმელთაშუა ზღვას უერთდება (დაბ. 47:1, 6). ისრაელები „იზრდებოდნენ რიცხობრივად . . . [და] მეტისმეტად ძლიერდებოდნენ“, ამიტომ ეგვიპტელებს შეეშინდათ და მათი დამონება გადაწყვიტეს (გამ. 1:7—14).

ზოგიერთი კრიტიკოსი ბიბლიაში ჩაწერილ ამ ისტორიას სასაცილოდ იგდებს და მითს უწოდებს. თუმცა არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულებები, რომ სემიტები * ძველ ეგვიპტეში მონები იყვნენ.

მაგალითად, არქეოლოგებმა ჩრდილოეთ ეგვიპტეში უძველეს ნასახლარებს მიაკვლიეს. როგორც დოქტორმა ჯონ ბიმსონმა აღნიშნა, ამ ტერიტორიაზე (ჩრდილოეთ ეგვიპტე) 20-ზე მეტი სემიტური ნასახლარი იქნა აღმოჩენილი. უფრო მეტიც, ეგვიპტოლოგი ჯეიმზ ჰოფმაიერი ამბობს: „დაახლოებით ძვ. წ. 1800—1540 წლებში დასავლეთ აზიაში მცხოვრები სემიტურ ენებზე მოსაუბრე ხალხისთვის ეგვიპტე დასასახლებლად სასურველი ადგილი იყო“. ის დასძენს: «ეს პერიოდი ემთხვევა პატრიარქალურ ეპოქას და სრულ თანხვედრაშია წიგნ „დაბადებაში“ ჩაწერილ ისტორიასთან».

ზოგიერთი მტკიცებულება სამხრეთ ეგვიპტეშიც იქნა აღმოჩენილი. დაახლოებით ძვ. წ. 2000—1600 წლებით დათარიღებულ პაპირუსზე იმ მონების სახელებს ვკითხულობთ, რომლებიც სამხრეთ ეგვიპტეში ოჯახებში ჰყავდათ. მათგან 40-ზე მეტ სახელს სემიტური წარმომავლობა აქვს. ეს მონები თუ მსახურები სხვადასხვა საქმეს ასრულებდნენ. მაგალითად, ზოგი მზარეული, ფეიქარი და მძიმე სამუშაოს შემსრულებელი იყო. ეგვიპტოლოგი ჰოფმაიერი ამბობს: „რადგანაც თებაისში [სამხრეთ ეგვიპტე] მხოლოდ ერთ ოჯახს 40-ზე მეტი სემიტი მონა ჰყავდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელ ეგვიპტეში, განსაკუთრებით, მდინარე ნილოსის შესართავთან, საკმაოდ ბევრი სემიტი ცხოვრობდა“.

არქეოლოგი დეივიდ როლი წერს, რომ ზოგიერთი მონის სახელი „ემთხვევა ბიბლიაში მოხსენიებულ სახელებს“. მაგალითად, პაპირუსის ფრაგმენტზე მოხსენიებული სახელები ეტიმოლოგიურად ძალიან ჰგავს ისეთ ებრაულ სახელებს, როგორიცაა ისაქარი, აშერი და შიფრა (გამ. 1:3, 4, 15). „ეს აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ისრაელები ძველ ეგვიპტეში მონები იყვნენ“, — აღნიშნავს დეივიდ როლი.

დოქტორი ბიმსონი დასძენს: „ეგვიპტეში ისრაელების მონობისა და მათი გათავისუფლების შესახებ ბიბლიურ მონათხრობს უტყუარი ისტორიული საფუძველი აქვს“.

^ აბზ. 4 სიტყვა „სემიტი“ მომდინარეობს ნოეს ერთ-ერთი ვაჟის სემის სახელიდან. სემის შთამომავლებად ელამელები, ასურელები, ძველი ქალდეველები, ებრაელები, სირიელები და სხვადასხვა არაბული ტომები მიიჩნეოდნენ.