არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ მათ რწმენას | ტიმოთე

„ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“

„ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“

ტიმოთე სწრაფად მიაბიჯებს გზაზე. თითოეული ნაბიჯი მას მშობლიურ კერას აშორებს. თანამგზავრებთან ერთად იგი კარგად ნაცნობ მინდორ-ველებს მიუყვება. მათ უკან ჩამოიტოვეს პატარა გორაკზე შეფენილი ქალაქი ლისტრა. ტიმოთეს მზერა მომავლისკენ აქვს მიპყრობილი. უცებ თვალწინ წარმოუდგა დედისა და ბებიის სიამაყისგან გაბრწყინებული, თუმცა განშორების ტკივილით დანაღვლიანებული თვალები და სახეზე ღიმილმა გადაურბინა. მიიხედავს უკან და კიდევ ერთხელ დაუქნევს ხელს, სანამ ჰორიზონტს მიეფარება?

მოციქულმა პავლემ ტიმოთეს ამჯერადაც თბილად შეხედა და სიყვარულით გაუღიმა. მან იცოდა, რომ ტიმოთეს ჯერაც ვერ დაეძლია სიმორცხვე, თუმცა ერთობ ხიბლავდა ამ ახალგაზრდის ენთუზიაზმი და ხალისი. ტიმოთე საკმაოდ ახალგაზრდა იყო, შესაძლოა ოც წლამდე ან ოდნავ მეტის. ის პავლეს მიმართ უსაზღვრო პატივისცემითა და სიყვარულით იყო გამსჭვალული. იგი ახლა სწორედ ამ ღვთის ერთგულ და ძალ-ღონით აღსავსე მამაკაცს მიჰყვება შორეულ მოგზაურობაში, რომელმაც შესაძლოა ოჯახის წევრებს ასობით კილომეტრით დააშოროს. მათ ხან ფეხით მოუწევდათ მგზავრობა, ხან — გემით და შესაძლოა, გზაზე ათასგვარ ხიფათსაც გადაჰყროდნენ. დანამდვილებით არ იცოდა ტიმოთემ, დაბრუნდებოდა თუ არა ოდესმე სახლში.

რატომ აირჩია ამ ახალგაზრდა კაცმა ასეთი ცხოვრება? რას მოუტანდა ასეთ მსხვერპლზე წასვლა? როგორ შეიძლება მისმა რწმენამ ჩვენზე იმოქმედოს?

„ჩვილობიდანვე“

მოდი, ორი-სამი წლით უკან გადავინაცვლოთ და ტიმოთეს მშობლიურ ქალაქს, ლისტრას, ვეწვიოთ. ლისტრა განცალკევებით მდგარი, წყალუხვ მიწაზე გაშენებული დაბა-ქალაქი იყო. ლისტრელებს, სავარაუდოდ, ესმოდათ ბერძნული, მაგრამ ადგილობრივ, ლიკაონიურ ენაზე ლაპარაკობდნენ. ერთ დღესაც ამ წყნარ ქალაქში დიდი აურზაური ატყდა. ორი ქრისტიანი მისიონერი, მოციქული პავლე და ბარნაბა, აქ მეზობელი ქალაქიდან, იკონიონიდან, ჩამოვიდნენ, რომელიც ლისტრასთან შედარებით დიდი ქალაქი იყო. საჯაროდ ქადაგების დროს პავლემ შენიშნა წელს ქვემოთ მოწყვეტილი მამაკაცი, რომელმაც ნამდვილი რწმენა გამოავლინა და ის სასწაულებრივად განკურნა (საქმეები 14:5—10).

ბევრ ლისტრელს სჯეროდა ხალხში გავრცელებული ლეგენდების, რომ ღმერთები ადამიანის სახეს იღებდნენ და მიწაზე ჩამოდიოდნენ. ამიტომ ხალხმა არასწორად დაასკვნა, რომ პავლე ჰერმესი იყო, ბარნაბა კი — ზევსი. მაგრამ ამ ორმა თავმდაბალმა ქრისტიანმა ძლივს შეაკავა ხალხი, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ (საქმეები 14:11—18).

ლისტრაში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ეს სასწაული არანაირი მითებისა და წარმართული ღვთაებებისთვის არ დაუკავშირებიათ. ისინი ხედავდნენ, რომ ნამდვილად რაღაც საოცრება ხდებოდა. მაგალითად, პავლესა და ბარნაბას გაფაციცებით უსმენდნენ ებრაელი ქალები — ევნიკე, რომელსაც ბერძენი, * ურწმუნო ქმარი ჰყავდა, და დედამისი ლოისი. მათ, როგორც იქნა, მოისმინეს ცნობა, რომელსაც ყველა ერთგული იუდეველი ელოდა; ცნობა იმის შესახებ, რომ მესია მოვიდა და მასზე შესრულდა წმინდა წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები.

წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებდა პავლეს სიტყვები ტიმოთეზე, რომელსაც ჩვილობიდან შეაყვარეს წმინდა წერილები (2 ტიმოთე 3:15). დედისა და ბებიის მსგავსად, ტიმოთეც დარწმუნდა, რომ პავლე და ბარნაბა მესიის შესახებ ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ. ის, ალბათ, განკურნებულ მამაკაცზეც ფიქრობდა, რომელიც შესაძლოა არაერთხელ უნახავს ლისტრის ქუჩებში. ახლა კი ხედავდა, როგორ გაიარა ფეხზე წელს ქვემოთ მოწყვეტილმა კაცმა ცხოვრებაში პირველად. უდავოა, რომ ტიმოთე მიჰბაძავდა დედას და ბებიას და მათსავით ისიც ქრისტიანი გახდებოდა. დღევანდელ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს ლოისმა და ევნიკემ შესანიშნავი მაგალითი დაუტოვეს. ცდილობთ, კარგი გავლენა მოახდინოთ ახალგაზრდებზე?

„მრავალი გასაჭირის გადატანა“

იმ ლისტრელებს, რომლებიც გაქრისტიანდნენ, გულს სიხარულით აუვსებდა იმედი, რომელიც ქრისტეს მიმდევრებს ჰქონდათ. თუმცა მათ ისიც ესმოდათ, რომ ქრისტიანული გზა არ იქნებოდა ია-ვარდებით მოფენილი. ფანატიკოსი იუდეველი მოწინააღმდეგეები იკონიონიდან და ანტიოქიიდან ლისტრაში ჩავიდნენ და მერყევი ხალხი პავლესა და ბარნაბას წინააღმდეგ წააქეზეს. ცოტა ხანში გახელებულმა და მოძალადე ბრბომ მოციქული პავლე ჯერ ქვებით ჩაქოლა, შემდეგ კი ცოცხალმკვდარი ქალაქგარეთ გაათრია, რათა იქ მომკვდარიყო (საქმეები 14:19).

ლისტრელი მოწაფეები პავლეს საშველად გაემართნენ. ძირს დაგდებული რომ დაინახეს, გარს შემოეხვივნენ. წარმოიდგინეთ, რა შვებით ამოისუნთქეს, როდესაც უგონო მდგომარეობაში მყოფი პავლე გაინძრა, ფეხზე წამოდგა და უშიშრად ისევ ლისტრაში დაბრუნდა! მეორე დღეს ბარნაბასთან ერთად პავლე საქადაგებლად დერბეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც იქ ახალი მოწაფეები შეემატათ, საფრთხის მიუხედავად, ისინი კვლავ ლისტრაში დაბრუნდნენ. რა მიზნით? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ისინი იქ „მოწაფეებს განამტკიცებდნენ“ და „რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ“. წარმოიდგინეთ, რა გაფართოებული თვალებით უსმენდა ყმაწვილი ტიმოთე პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ქრისტიანებს არწმუნებდნენ, რომ ნამდვილად ღირდა განსაცდელების ატანა იმ დიდებული იმედისთვის, რომელიც მათ გააჩნდათ. „ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო“, — ამბობდნენ ისინი (საქმეები 14:20—22).

ტიმოთეს გულთან ახლოს მიჰქონდა პავლე მოციქულის რჩევები

ტიმოთე ხედავდა, რომ პავლე ჰაერზე არ ლაპარაკობდა. იგი ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობდა. სასიხარულო ცნობა სხვების ყურამდე რომ მიეტანა, ის ვაჟკაცურად იტანდა გასაჭირს. ტიმოთემ იცოდა, რომ თუ პავლეს მიჰბაძავდა, ლისტრელები არც მას დაინდობდნენ. შესაძლოა მას საკუთარი მამაც დაპირისპირებოდა, მაგრამ ტიმოთეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამგვარ წინააღმდეგობებს მის არჩევანზე არ ემოქმედა. ტიმოთეს მსგავსად, დღესაც ბევრი ახალგაზრდა აკეთებს სწორ არჩევანს. ისინი გონივრულ გადაწყვეტილებას იღებენ და ძლიერი რწმენის მქონე ადამიანებს უმეგობრდებიან, რომლებიც გააძლიერებენ რწმენაში და კარგი საქმეებისკენ წაახალისებენ. ასეთ ახალგაზრდებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ ათქმევინებს უარს ჭეშმარიტი ღვთის მსახურებაზე.

„ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ“

პავლე დერბედან ლისტრაში, სავარაუდოდ, ორი-სამი წლის შემდეგ დაბრუნდა. წარმოიდგინეთ, რა სიხარულს მოჰგვრიდა ტიმოთესა და მის ოჯახს პავლეს ხილვა, რომელსაც თან ამჯერად სილა ახლდა. ალბათ, პავლესთვისაც არანაკლებ სასიხარულო იქნებოდა მათთან შეხვედრა. ახლა მას საკუთარი თვალით შეეძლო ენახა, როგორი ნაყოფი გამოიღო ლისტრაში ჩათესილმა ჭეშმარიტების თესლმა. ლოისი და მისი ქალიშვილი ევნიკე ახლა უკვე ერთგული ქრისტიანები იყვნენ, რომელთა „უთვალთმაქცო რწმენაც“ პავლეს ძალიან ხიბლავდა (2 ტიმოთე 1:5). რის თქმა შეიძლებოდა ახალგაზრდა ტიმოთეზე?

პავლემ შეიტყო, რომ მის არყოფნაში ეს ახალგაზრდა კაცი სულიერად საგრძნობლად გაზრდილიყო და მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებულიყო. ტიმოთეს „დადებითად ახასიათებდნენ“ არა მხოლოდ ლისტრელი ძმები, არამედ ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 32 კილომეტრში მცხოვრები იკონიონელებიც (საქმეები 16:2). როგორ შეიქმნა ტიმოთემ ასეთი კარგი რეპუტაცია?

„წმინდა წერილებში“, რომლებიც ტიმოთემ დედისგან და ბებიისგან ჩვილობიდან ისწავლა, ახალგაზრდებისთვის მეტად საჭირო და ძვირფასი რჩევებია თავმოყრილი (2 ტიმოთე 3:15). ერთ-ერთი ასეთი ძვირფასი რჩევა ასე ჟღერს: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 12:1). ამ სიტყვებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ტიმოთესთვის გაქრისტიანების შემდეგ შეიძინა. ის მიხვდა, რომ დიდებული შემოქმედი იმ შემთხვევაში ემახსოვრებოდა, თუ სასიხარულო ცნობას ღვთის ძის, იესო ქრისტეს, შესახებ სხვებსაც გაუზიარებდა. ტიმოთემ თანდათან დასძლია სიმორცხვე და გაბედულად დაიწყო იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის უწყება.

კრების ხელმძღვანელ მამაკაცებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ტიმოთეს წინსვლა. მათ ძალიან გაახარებდა იმის ხილვა, თუ როგორ ამხნევებდა და აძლიერებდა ეს ახალგაზრდა კაცი გვერდით მყოფთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ტიმოთეს საქმეები არც იეჰოვას დარჩენია ყურადღების მიღმა. ღვთის შთაგონებით მასზე რამდენიმე წინასწარმეტყველებაც წარმოითქვა, რომლებიც შესაძლოა კრებებში მის მსახურებას უკავშირდებოდა. ლისტრაში ჩასულმა პავლემ დაინახა, რომ ტიმოთე კარგ პარტნიორობას გაუწევდა მისიონერულ მსახურებაში. ამაში მას იქაური ძმებიც დაეთანხმნენ. მათ ხელები დაადეს ახალგაზრდა ტიმოთეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას განსაკუთრებული დავალების შესრულება მიენდო (1 ტიმოთე 1:18; 4:14).

ამხელა ნდობა და პასუხისმგებლობა უთუოდ მოწიწების გრძნობას გაუჩენდა ტიმოთეს. ის მზად იყო, გაჰყოლოდა პავლეს. * როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს ტიმოთეს ურწმუნო მამა? ალბათ, მას შვილის მომავალი სულ სხვაგვარად წარმოედგინა. დედასა და ბებიაზე რაღას ვიტყვით? ბუნებრივია, რომ ისინი ამაყები და ბედნიერები იქნებოდნენ, თუმცა, ამავდროულად, როგორც მშობლები, იდარდებდნენ მის უსაფრთხოებაზე, მაგრამ შეეცდებოდნენ, ტიმოთესთვის არაფერი ეგრძნობინებინათ.

როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტი ერთია: ტიმოთე სისხამ დილით პავლესთან ერთად მისიონერული მსახურებისკენ მიმავალ გზას დაადგა, როგორც ეს სტატიის დასაწყისში აღვწერეთ. მათ მალე ლისტრა უკან ჩამოიტოვეს. ტიმოთე შეუპოვრად მიაბიჯებდა ქვა-ღორღიან, მტვრიან თუ ბალახით მოსილ გზაზე, რომელიც სულ უფრო აშორებდა სახლს. დამქანცველი დღის ბოლოს ეს სამი მამაკაცი იკონიონს მიადგა. ტიმოთე აკვირდებოდა, როგორ გადასცემდნენ პავლე და სილა იქაურებს იერუსალიმში მყოფი ხელმძღვანელი საბჭოს ბოლო მითითებებს და როგორ აძლიერებდნენ მორწმუნეებს (საქმეები 16:4, 5). მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

გალატიაში კრებების მონახულების შემდეგ მისიონერებმა ფართო და მოკირწყლული რომაული გზებიდან ასობით კილომეტრიან გზაზე გადაინაცვლეს, რომელიც ფრიგიის ვრცელი, პლატო ადგილის გავლით მათ ჯერ ჩრდილოეთით მიუძღოდა, შემდეგ კი — დასავლეთით. ღვთის სულის ხელმძღვანელობით მისიონერები ტროაში ჩავიდნენ, იქიდან კი გემით მაკედონიისკენ გაცურეს (საქმეები 16:6—12). ამ მოგზაურობის დროს პავლე დარწმუნდა, რომ ტიმოთე ნამდვილად ღირსეული თანამშრომელი იყო, ამიტომ ის სილასთან ერთად ბერეაში დატოვა (საქმეები 17:14). შემდეგ კი მარტოც გაგზავნა თესალონიკეში. ტიმოთე ზუსტად მიჰყვებოდა თავისი მასწავლებლების მაგალითს და იქაურ ერთგულ ქრისტიანებს განამტკიცებდა (1 თესალონიკელები 3:1—3).

მოგვიანებით პავლემ ტიმოთეს შესახებ დაწერა: „არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს თქვენზე“ (ფილიპელები 2:20). ასეთი რეპუტაცია თავისით არ მოდის. ტიმოთემ კარგი სახელი მუყაითი შრომის, თავმდაბლობისა და მოთმინების შედეგად შეიძინა. რა შესანიშნავი მაგალითია ახალგაზრდებისთვის! არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენზე დიდად არის დამოკიდებული ის, თუ როგორ რეპუტაციას შეიქმნით. ახალგაზრდებს ბრწყინვალე შესაძლებლობა გაქვთ, იეჰოვა ღმერთი პირველ ადგილზე დააყენოთ, გარეშეებს პატივისცემით და კეთილად მოეპყროთ და ამგვარად, კარგი სახელი შეიქმნათ.

„ყველანაირად ეცადე . . . მოხვიდე ჩემთან“

ტიმოთემ ახალგაზრდობიდანვე მიუძღვნა თავი ქრისტიანულ მსახურებას

14 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტიმოთე დროის უმეტეს ნაწილს თავის მეგობართან, პავლესთან, მსახურებაში ატარებდა. მასთან ერთად გადაიტანა მრავალი საფრთხე და მისი სიხარულის მოზიარეც არაერთხელ გამხდარა (2 კორინთელები 11:24—27). ერთხელ ტიმოთე რწმენის გამო დაპატიმრებულიც იყო (ებრაელები 13:23). პავლესავით მასაც მთელი გულით უყვარდა თანაქრისტიანები და მათ ჭირ-ვარამს იზიარებდა. ეს მისადმი მიწერილ პავლეს წერილიდანაც გამოჩნდა, სადაც ამბობს: „შენი ცრემლები . . . მახსენდება“ (2 ტიმოთე 1:4). როგორც ჩანს, პავლეს მსგავსად, ტიმოთემაც ისწავლა მოტირალებთან ტირილი. მათი გასაჭირი გულთან მიჰქონდა და ამგვარად, შეეძლო უკეთ გაემხნევებინა და ენუგეშებინა თანამორწმუნეები (რომაელები 12:15). მოდი, თითოეულმა მივბაძოთ ტიმოთეს სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლენაში.

გასაკვირი არ არის, რომ დროთა განმავლობაში ტიმოთესგან გამორჩეული ქრისტიანი ზედამხედველი დადგა. პავლემ მას არა მარტო კრებების მონახულება და თანაქრისტიანების გაძლიერების პასუხისმგებლობა მიანდო, არამედ ისიც, რომ შესაფერისი ძმები უხუცესებად და მომსახურეებად დაენიშნა (1 ტიმოთე 5:22).

პავლეს ძალიან თბილი გრძნობები ჰქონდა ტიმოთეს მიმართ და უმცროს მეგობარს მამაშვილურად არიგებდა და ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევდა. ის მოუწოდებდა ტიმოთეს, „ცეცხლივით [აეგიზგიზებინა] ღვთის ძღვენი“ და ესწრაფა მოწიფულობისა და წარმატებისკენ (1 ტიმოთე 4:15, 16). მოციქული მას იმასაც ურჩევდა, რომ ახალგაზრდობისა და მოკრძალებულობის გამო არ მორიდებოდა, მტკიცედ დამდგარიყო სიმართლის მხარეს (1 ტიმოთე 1:3; 4:6, 7, 11, 12). პავლე მას იმასაც ასწავლიდა, როგორ გამკლავებოდა ხშირ ავადმყოფობას, სავარაუდოდ, კუჭის ტკივილს (1 ტიმოთე 5:23).

პავლემ იცოდა, რომ მისი სიკვდილის ჟამი ახლოვდებოდა; როგორც ჩანს, მას დღე-დღეზე სიკვდილით დასჯიდნენ. მან ტიმოთეს ღვთის შთაგონებით უკანასკნელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც გულის ამაჩუყებელი სიტყვები ეწერა: „ყველანაირად ეცადე, მალე მოხვიდე ჩემთან“ (2 ტიმოთე 4:9). პავლეს ძალიან უყვარდა ტიმოთე, მას ისე მოიხსენიებდა, როგორც „საყვარელ და ერთგულ შვილს უფალში“ (1 კორინთელები 4:17). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პავლეს სურდა, სიცოცხლის ბოლო წუთებში ერთგული მეგობარი გვერდით ჰყოლოდა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: გასაჭირში მყოფნი მიმიჩნევენ ნუგეშის წყაროდ?

არ ვიცით, ჩაუსწრო თუ არა ტიმოთემ პავლეს ცოცხალს, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია: პავლესა და თანამორწმუნეების გასამხნევებლად და სანუგეშებლად ის ძალ-ღონეს არ იშურებდა. ტიმოთემ გაამართლა თავისი სახელის მნიშვნელობა, რაც „ღვთის პატივისმცემელს“ ნიშნავს. მან ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს რწმენის არაჩვეულებრივი მაგალითი დაგვიტოვა.

^ აბზ. 9 იხილეთ ამ ჟურნალის რუბრიკა „იცოდით თუ არა?“.

^ აბზ. 20 ტიმოთე მზად იყო, პავლეს სურვილისამებრ წინადაცვეთილიყო, არა იმიტომ, რომ ეს ქრისტიანებს მოეთხოვებოდათ, არამედ იმიტომ, რომ არ დაბრკოლებულიყვნენ იუდეველები, რომლებთანაც მათ მოუწევდათ ქადაგება, ვინაიდან ამ ახალგაზრდა კაცს უცხოტომელი მამა ჰყავდა (საქმეები 16:3).