არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„სიკვდილი არ მინდოდა“

„სიკვდილი არ მინდოდა“
  • დაბადების წელი: 1964

  • ქვეყანა: ინგლისი

  • წარსულში: თავაშვებული მოზარდი, რომელსაც 16 წლის ასაკში უკვე შვილი ჰყავდა

მოკლე ბიოგრაფია.

დავიბადე პადინქტონში, ლონდონის მჭიდროდ დასახლებულ უბანში. დედასთან და სამ უფროს დასთან ერთად ვცხოვრობდი. მამაჩემი ალკოჰოლიკი იყო და სახლში თითქმის არ მოდიოდა.

ბავშვობაში დედამ მასწავლა, რომ ძილის წინ ყოველთვის მელოცა. პატარა ბიბლია მქონდა, რომელშიც მხოლოდ ფსალმუნები იყო; მელოდია მოვიგონე, ფსალმუნები რომ მემღერა. მახსოვს, ერთხელ ერთი წიგნიდან ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: „ერთ დღესაც შეიძლება აღარ გაგვითენდეს ხვალინდელი დღე“. ამ სიტყვებმა იმდენად შემაშფოთა, რომ ღამეებს მომავალზე ფიქრში თეთრად ვათენებდი. ჩემთვის ვფიქრობდი, რატომ გავჩნდი — ნუთუ სულ ეს იყო ცხოვრება?! სიკვდილი არ მინდოდა.

ცოტა ხანში ოკულტიზმმა გამიტაცა. მკვდართა სულებთან კავშირის დამყარებას ვცდილობდი და სკოლის მეგობრებთან ერთად ხშირად დავდიოდი სასაფლაოებზე. გარდა ამისა, საშინელებათა ფილმებს ვუყურებდით. მართალია, გვეშინოდა, მაგრამ თან ინტერესი გვკლავდა.

ათი წლისა უკვე ხელიდან წავედი. დავიწყე მოწევა; მალე სიგარეტზე გავხდი დამოკიდებული. ცოტა ხანში მარიხუანასაც გავუსინჯე გემო. 11 წლის რომ გავხდი, სმაც დავიწყე. მართალია, სასმლის გემო დიდად არ მომწონდა, მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა მსიამოვნებდა. ძალიან მიყვარდა მუსიკა და ცეკვა. როცა კი შესაძლებლობა მომეცემოდა, დავდიოდი წვეულებებზე და ღამის კლუბებში. ღამღამობით ხშირად ვიპარებოდი სახლიდან და გამთენიისას ვბრუნდებოდი. მეორე დღეს იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ გაკვეთილებზე ჯდომის თავი არ მქონდა და ხშირად ვაცდენდი ხოლმე. მაგრამ თუ სკოლაში წავიდოდი, შესვენებაზე ალკოჰოლურ სასმელებს ვსვამდი.

ბოლო კლასში ცუდი ნიშნები მყავდა. დედას ძალიან ეტკინა გული და იმედი გაუცრუვდა, როცა ჩემი საქციელის შესახებ შეიტყო. ჩვენ ვიჩხუბეთ, რის შემდეგაც სახლიდან წავედი. რაღაც პერიოდი ჩემს მეგობარ ბიჭთან, ტონისთან, ვცხოვრობდი. მას დაუნდობელი მოძალადის რეპუტაცია ჰქონდა; ის ქურდობდა და ნარკოტიკებს ყიდდა. მალე დავფეხმძიმდი და 16 წლის ასაკში ვაჟი მეყოლა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა.

პირველად იეჰოვას მოწმეებს მაშინ შევხვდი, როცა თავშესაფარში ვცხოვრობდი. ეს საცხოვრებელი მთავრობამ იმ ქალებს გამოუყო, რომლებსაც უკანონო შვილები ჰყავდათ. იქ ორი იეჰოვას მოწმე ქალი ხშირად ინახულებდა რამდენიმე ახალგაზრდა დედას. ერთხელ მათთან საუბარში ჩავები. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ. მაგრამ მათ ბიბლიის მეშვეობით ჩემს კითხვებს აუღელვებლად გასცეს პასუხი და ყველაფერი გასაგებად ამიხსნეს. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ისინი ძალიან თავაზიანები და გულისხმიერები იყვნენ. ამიტომ ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი.

მალე ისეთი რამ გავიგე ბიბლიიდან, რამაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, სიკვდილის მეშინოდა. მაგრამ ახლა ვიცოდი, რომ იესოს სწავლების თანახმად, იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (იოანე 5:28, 29). ისიც გავიგე, რომ ღმერთისთვის სულერთი არ ვიყავი და ზრუნავდა ჩემზე (1 პეტრე 5:7). გულზე მალამოსავით დამედო იერემიას 29:11-ში ჩაწერილი სიტყვები: „რადგან ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ“. ვირწმუნე, რომ არსებობდა მარადიული ცხოვრების იმედი დედამიწაზე სამოთხეში (ფსალმუნი 37:29).

იეჰოვას მოწმეებისგან ნამდვილი სიყვარული ვიგრძენი. როდესაც პირველად დავესწარი მათ შეხვედრას, იქ თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო დამხვდა; ყველა მეგობრულად შემხვდა (იოანე 13:34, 35). ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ ეკლესიის მსახურებისგან. მოწმეებმა გულთბილად მიმიღეს მიუხედავად იმისა, რომ აწეწილი ცხოვრება მქონდა. ისინი გაგებით მეკიდებოდნენ, რადგან ესმოდათ, რომ ცვლილებების მოსახდენად დრო მჭირდებოდა; მეტიც, ზრუნავდნენ ჩემზე, ყურადღებას არ მაკლებდნენ და პრაქტიკულ დახმარებასაც მიწევდნენ. თავს ერთი დიდი, მოსიყვარულე ოჯახის წევრად ვგრძნობდი.

ბიბლიის შესწავლის შედეგად მივხვდი, რომ სრულიად უნდა გარდავქმნილიყავი, რათა ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად მეცხოვრა. ძალიან გამიჭირდა სიგარეტის გადაგდება. ამავდროულად, ისიც დავინახე, რომ ზოგი სიმღერა, რომელსაც ვუსმენდი, ჩემში მარიხუანის მოწევის სურვილს აძლიერებდა; ამიტომ გადავწყვიტე, აღარ მომესმინა ასეთი სიმღერებისთვის. შევწყვიტე წვეულებებზე და ღამის კლუბებში სიარული, სადაც დალევის ცდუნება მექნებოდა. მსურდა, ისეთი მეგობრები შემეძინა, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენდნენ ჩემზე და გამოსწორებაში დამეხმარებოდნენ (იგავები 13:20).

იმ პერიოდში ტონიც სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას. ვინაიდან მოწმეები მის კითხვებს ბიბლიიდან პასუხობდნენ, ისიც დარწმუნდა, რომ რასაც სწავლობდა, ჭეშმარიტება იყო. მან რადიკალური ცვლილებები მოახდინა ცხოვრებაში; გაწყვიტა ურთიერთობა ძველ მეგობრებთან, მიატოვა მარიხუანის მოწევა და ქურდობა. იმისათვის, რომ იეჰოვას მოსაწონად გვეცხოვრა, ორივემ გადავწყვიტეთ, მიგვეტოვებინა უზნეო ცხოვრების წესი და ჩვენი ვაჟისთვის თბილი ოჯახური გარემო შეგვექმნა. ამიტომ 1982 წელს კანონიერად დავქორწინდით.

„ახლა უკვე მშვიდად მძინავს, რადგან აღარც სიკვდილი მაშინებს და აღარც მომავალზე ფიქრი“

მახსოვს, როგორ ვეძებდი ხოლმე სტატიებს ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში, * სადაც მათი ისტორიები იყო მოთხრობილი, რომლებსაც ერთ დროს ჩემნაირი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ შეიცვალნენ. მათმა მაგალითებმა ძალიან გამამხნევა, რამაც ძალა შემმატა, ბოლომდე მებრძოლა. იეჰოვა ღმერთს ვთხოვდი, რომ არ ჩაექნია ჩემზე ხელი. 1982 წლის ივლისში მე და ტონი მოვინათლეთ და იეჰოვას მოწმეები გავხდით.

კურთხევები.

იეჰოვა ღმერთი რომ არ გამეცნო, შეიძლება დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი. მე და ტონიმ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ იეჰოვა მხარში გვედგა. სირთულეების დროს ვისწავლე ღმერთზე მინდობა. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით მის მხარდაჭერას (ფსალმუნი 55:22).

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ვაჟსა და ქალიშვილს დავეხმარე იეჰოვას გაცნობაში. დღეს მსგავსი გრძნობა მეუფლება, როცა ვხედავ, როგორ ეცნობიან ჩემი შვილიშვილებიც ღმერთს.

ახლა უკვე მშვიდად მძინავს, რადგან აღარც სიკვდილი მაშინებს და აღარც მომავალზე ფიქრი. მე და ტონი ყოველკვირა ვინახულებთ იეჰოვას მოწმეების კრებებს და ვამხნევებთ მათ. ჩვენ მათთან ერთად ვუზიარებთ სხვებს სასიხარულო ცნობას და ვასწავლით, რომ თუ იესოს მიმართ რწმენას გამოავლენენ, მომავალში ისინიც იცოცხლებენ მარადიულად.

^ აბზ. 17 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.