არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განქორწინებით ცხოვრება არ მთავრდება

განქორწინებით ცხოვრება არ მთავრდება

„განადგურებული ვიყავი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს კლდიდან გადმომაგდეს. თითქოს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ უცებ ხელმოცარული რჩები“(მარკი, * რომელიც ერთი წელია, რაც განქორწინებულია).

„ჩემმა ქმარმა რომანი გააბა ჩვენი ქალიშვილის ტოლ გოგოსთან. ერთი მხრივ, განქორწინებით თავი დავაღწიე მის მძიმე ხასიათს, მაგრამ თავს მაინც დამცირებულად და უღირსად ვგრძნობდი“ (ემილი, რომელიც 17 წელია, რაც განქორწინებულია).

ზოგი იმიტომ ეყრება მეუღლეს, რომ ფიქრობს, მის გარეშე უფრო ბედნიერი იქნება. ზოგს კი — პირიქით, სურს შეინარჩუნოს ოჯახი, მაგრამ მეუღლეს ვერ აიძულებს დარჩენას. სინამდვილეში, განქორწინების შემდეგ თითქმის ყველა ხვდება, რომ ცხოვრება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. თუ ახლახან განქორწინდით, შესაძლოა თქვენც გრძნობთ, რომ ეს თქვენთვის ყველაზე მძიმე პერიოდია. განვიხილოთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ბიბლიიდან, რომლებიც დაგეხმარებათ, წარმატებით გაუმკლავდეთ განქორწინებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

პრობლემა 1: უარყოფითი გრძნობები.

ფულთან, შვილების აღზრდასთან და მარტოობასთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს სტრესს, რაც ძალიან დამღლელი და დამთრგუნველია. უარყოფითი გრძნობების მოშორებას ზოგჯერ დიდი დრო სჭირდება. აწ განსვენებული ფსიქოლოგი ჯუდით ვოლერშტაინი შენიშნავს, რომ ზოგი განქორწინებიდან წლების შემდეგაც კი თავს მიტოვებულად გრძნობს და ფიქრობს, რომ „ცხოვრება უსამართლოა, ადამიანს იმედებს უცრუებს და მარტოობისთვის სწირავს“.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

  • იტირეთ. თუ ჯერაც გიყვართ თქვენი მეუღლე და გენატრებათ, ტირილის მიზეზი ნამდვილად გაქვთ. თუ ისეთი მეუღლე გყავდათ, რომელთანაც სულაც არ ყოფილხართ ბედნიერი, იმაზე იტირეთ, რომ თქვენი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც ფიქრობდით (იგავები  5:18). ბიბლიაში წერია, რომ არის „ტირილის დრო“, ამიტომ ნუ მოგერიდებათ, იტირეთ (ეკლესიასტე 3:1, 4).

  • ნუ განმარტოვდებით. გასაგებია, რომ ზოგჯერ გჭირდებათ განმარტოება, რომ იტიროთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დიდხანს მარტო ყოფნა არ არის გონივრული (იგავები 18:1). შეეცადეთ, მეგობრებთან გამამხნევებელ თემებზე ისაუბროთ, რადგან ყოფილ მეუღლეზე გამუდმებით უარყოფითი საუბარი, მაშინაც კი, როცა ამის მიზეზი გაქვთ, ჩამოგაშორებთ სხვებს. თუ განქორწინების შემდეგ მალევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, სთხოვეთ დახმარება ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობით.

  • იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. განქორწინებით მიღებული სტრესი ხშირად უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება და შაკიკი. ამიტომ მიიღეთ ჯანსაღი საკვები, ივარჯიშეთ და კარგად გამოიძინეთ (ეფესოელები 5:29).

  • მოიცილეთ ყველაფერი, რაც გახსენებთ ყოფილ მეუღლეს და უარყოფით გრძნობებს გიმწვავებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნივთები თუ საბუთები შეინახეთ. თუ ქორწილის სურათები გაღიზიანებთ, შეინახეთ ისინი თქვენი შვილებისთვის.

  • ებრძოლეთ უარყოფით ფიქრებს. ოლგა, რომელიც მეუღლეს ღალატის გამო გაეყარა, ამბობს: „საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა აქვს იმ ქალს ისეთი, რაც მე არ მაქვს?“. მოგვიანებით ოლგა მიხვდა, რომ თუ გამუდმებით უარყოფითზე იფიქრებდა, ეს მის სულს დაამწუხრებდა (იგავები 18:14).

    ბევრს უარყოფითი ფიქრების მოშორებაში საკუთარი გრძნობების ფურცელზე გადმოტანა ეხმარება. თუ თქვენც ასე გააკეთებთ, შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ (ეფესოელები 4:23). განვიხილოთ ორი მაგალითი:

    უარყოფითი: ჩემი ბრალია, რომ მეუღლემ მიღალატა.

    დადებითი: ჩემი ნაკლოვანებები არ აძლევს მეუღლეს იმის უფლებას, რომ მიღალატოს.

    უარყოფითი: საუკეთესო წლები უვარგის ადამიანს შევალიე.

    დადებითი: უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ წარსულს დავივიწყებ და მომავალზე ვიფიქრებ.

  • ყურადღებას ნუ მიაქცევთ გულსატკენ კომენტარებს. კეთილისმსურველმა მეგობრებმა და ნათესავებმა შესაძლოა ისეთი რამე თქვან, რაც გულს გატკენთ ან თქვენს სიტუაციაში უადგილო იყოს. მაგალითად, მათ შეიძლება გითხრან: „ის არ იყო შენი შესაფერისი“, ან „ღმერთს სძულს გაყრა“. * ბიბლია გვეუბნება: „გულთან ნუ მიიტან ყველა სიტყვას, რასაც ხალხი ამბობს“ (ეკლესიასტე 7:21). მარტინა, რომელიც ორი წელია, რაც განქორწინდა, ამბობს: „ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გულსატკენ სიტყვებზე გავამახვილო, ვცდილობ, საკითხებს იეჰოვას თვალით შევხედო. იეჰოვას აზრები ჩვენს აზრებზე მაღალია“ (ესაია 55:8, 9).

  • ილოცეთ. ღმერთი მოუწოდებს თავის თაყვანისმცემლებს, რომ „ყველა თავიანთი საწუხარი მას მიანდონ“, განსაკუთრებით მაშინ, როცა საწუხარი მეტისმეტად მძიმეა (1 პეტრე 5:7).

ეცადეთ ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ თქვენთვის გამამხნევებელი ბიბლიური მუხლები და გამოსაჩენ ადგილას დადეთ, რომ ხშირად წაიკითხოთ. გარდა ზემოთ მოყვანილი მუხლებისა, მრავალი განქორწინებულისთვის დამხმარე აღმოჩნდა შემდეგი მუხლებიც: ფსალმუნის 27:10; 34:18; ესაიას 41:10 და რომაელების 8:38, 39.

ყველაზე რთულ პერიოდში ღვთის სიტყვა გაგაძლიერებთ

პრობლემა 2: ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან.

ჯულიანა, რომელიც 11 წელი იყო დაქორწინებული, ამბობს: „ვემუდარებოდი ჩემს ქმარს, რომ არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. განრისხებული ვიყავი მასზე და იმ ქალზე, ვის გამოც მიმატოვა“. ბევრი, ვინც განქორწინდა, ძალიან განაწყენებულია ყოფილ მეუღლეზე და წლების მანძილზე გულში ბოღმას დაატარებს. თუმცა, ასეთი ადამიანები იძულებული არიან, გარკვეული სახის  ურთიერთობა მაინც ჰქონდეთ ყოფილ მეუღლესთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები ჰყავთ.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

  • იყავით თავაზიანი ყოფილი მეუღლის მიმართ. მხოლოდ აუცილებელი საკითხებით შემოიფარგლეთ, საუბრისას იყავით კონკრეტული და სათქმელი მოკლედ უთხარით. ბევრის აზრით, ასეთი მიდგომა მშვიდობას უწყობს ხელს (რომაელები 12:18).

  • მოერიდეთ გამაღიზიანებელ საუბრებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოფილი მეუღლე შეტევაზე გადმოდის, კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ შემდეგ ბიბლიურ რჩევას: „ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება“ (იგავები 17:27). თუ ატყობთ, რომ გიჭირთ საუბრის მშვიდად გაგრძელება, შეგიძლიათ უთხრათ: „ვიფიქრებ შენს ნათქვამზე, მოგვიანებით ვისაუბროთ“.

  • მაქსიმალურად შეეცადეთ, არ ჩაერიოთ ყოფილი მეუღლის საქმეებში, მათ შორის იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში.

ეცადეთ ასე მოიქცეთ: მომავალში, როდესაც ყოფილ მეუღლესთან მოგიწევთ საუბარი, ყურადღება მიაქციეთ, რა შემთხვევაში გადადის რომელიმე თქვენგანი თავდაცვაზე ან ჯიუტად იცავს თავის აზრს. თუ საჭიროა, სთხოვეთ, დრო მოგცეთ და შეთანხმდით, რომ იმ საკითხზე იმეილით გააგრძელებთ მსჯელობას (იგავები 17:14).

პრობლემა 3: დაეხმარეთ შვილებს, შეეგუონ მდგომარეობას.

მარია გვიყვება, რა ხდებოდა მის ოჯახში განქორწინების შემდეგ: „ჩემი პატარა გოგონა გამუდმებით ტიროდა და ძილის დროს შარდს ვერ იკავებდა. ცვლილებებს უფროს ქალიშვილშიც ვხედავდი, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, დაემალა თავისი გრძნობები“. ზოგჯერ ალბათ გრძნობთ, რომ აღარც ძალა გაქვთ და აღარც საკმარისი დრო, თქვენს შვილებს სწორედ მაშინ დაეხმაროთ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

  • აღძარით შვილები, თავისუფლად ისაუბრონ თქვენთან თავიანთ გრძნობებზე, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ საუბარი მშვიდად არ წარიმართება (იობი 6:2, 3).

  • ბავშვს ზედმეტ ტვირთს ნუ აჰკიდებთ. შეიძლება ნამდვილად საჭიროებთ ემოციურ მხარდაჭერას და თქვენი შვილიც მზად არის დასახმარებლად, მაგრამ არ იქნებოდა სწორი დიდების პრობლემების მოგვარება ბავშვისთვის გეთხოვათ (1 კორინთელები 13:11). ბავშვს მესაიდუმლედ ნუ გაიხდით და ნურც შუამავლად გამოიყენებთ თქვენსა და ყოფილ მეუღლეს შორის.

  • მოერიდეთ ცვლილებებს. ბავშვისთვის უკეთესი იქნება, თუ არ შეიცვლით საცხოვრებელს და დღის განრიგს. თუმცა ამ დროს მეტად მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად ჩაერთოთ სულიერ საქმეებში, რაშიც შედის შვილებთან ერთად ბიბლიის კითხვა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემა (კანონი 6:6—9).

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: დაარწმუნეთ შვილები თქვენს სიყვარულში და უთხარით, რომ მათი ბრალი არ არის, თქვენ რომ განქორწინდით. უპასუხეთ მათ ყველა კითხვას, ოღონდ ისე, რომ ყოფილი მეუღლე არ დაადანაშაულოთ.

განქორწინებით ცხოვრება არ მთავრდება. მელისა, რომელიც 16 წელი იყო დაქორწინებული, ამბობს: „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ქორწინებას ასეთი ბოლო ექნებოდა“. თუმცა თავისი ახლანდელი მდგომარეობის მიუხედავად, მელისა ცხოვრებით კმაყოფილია. „მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ წარსულს ვეღარ შევცვლიდი, თავი უკეთ ვიგრძენი“,— დასძენს ის.

^ აბზ. 2 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 18 იეჰოვას სძულს, როცა კაცი ვერაგულად ეყრება მეუღლეს. მაგრამ როდესაც ქმარი ან ცოლი სიძვას სჩადის, ღმერთი აძლევს უფლებას უდანაშაულო მეუღლეს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, გაეყაროს მეუღლეს თუ არა (მალაქია 2:16; მათე 19:9). იხილეთ 1994 წლის 8 თებერვლის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სტატია „როგორი გაყრა სძულს ღმერთს“ (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • გამოვიტირე ჩემი მდგომარეობა?

  • როგორ მოვიშორო ბრაზი, რომელიც დღემდე მაქვს ყოფილი მეუღლისადმი?