არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 რჩევები ოჯახებისთვის

როცა ბავშვი ინვალიდია

როცა ბავშვი ინვალიდია

კარლო: * „ჩვენს ბიჭს, ანჯელოს, დაუნის სინდრომი აქვს. მისი მოვლა ადვილი არ არის. ემოციურად და ფიზიკურად თითქმის გამოფიტულები ვართ. ჯანმრთელ ბავშვთან ­შედარებით ასეთი ბავშვის მოვლას ასჯერ მეტი ენერგია სჭირდება. ზოგჯერ ისე ვართ გათანგულები, რომ მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთთან ურთიერთობა სერიოზულად გვეძაბება“.

მია: „ანჯელოს უმარტივესი რამე რომ ასწავლო, დიდი მოთმინება და შეუპოვრობაა საჭირო. როცა ძალიან დაღლილი ვარ, ადვილად ვკარგავ მოთმინებას და მე და კარლო უმნიშვნელო რამეებზეც კი ვკამათობთ“.

შეგიძლიათ, გაიხსენოთ ის დღე, როცა შვილი შეგეძინათ? ალბათ, ერთი სული გქონდათ, როდის აიყვანდით თქვენს პატარას ხელში. მაგრამ ბავშვის დაბადებით განცდილი თავდაპირველი სიხარული კარლოსა და მიას შემთხვევაში დიდმა მწუხარებამ შეცვალა, რადგან გაიგეს, რომ მათი შვილი მთელი ცხოვრება ინვალიდი იქნებოდა.

თუ თქვენც მსგავსი სამწუხარო რეალობის წინაშე დგახართ, ალბათ, გაღელვებთ იმაზე ფიქრი, როგორ გაართვათ თავი ამ პრობლემას. გვინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ბევრმა მშობელმა ამ მხრივ წარმატებას მიაღწია. ვისაუბროთ სამ ძირითად სირთულეზე, რასაც თქვენ მდგომარეობაში მყოფი მშობელი შეიძლება შეხვდეს და გავიგოთ, როგორ დაგეხმარებათ ბიბლიური რჩევები.

სირთულე 1: ვერ იჯერებთ, რომ თქვენი შვილი მთელი ცხოვრება ინვალიდი იქნება

რთულია აღწერო, რა გრძნობა ეუფლებათ მშობლებს, როცა იგებენ, რომ ინვალიდი შვილი ეყოლათ. „ვერ ვიჯერებდი,  როცა ექიმებმა მითხრეს, რომ ჩვენს შვილს ცერებრული დამბლა ჰქონდა, — ამბობს მექსიკელი ჯულიანა. — მოულოდნელად მთელი სამყარო თავზე დამექცა“. ზოგს შეიძლება ისეთი გრძნობა უჩნდება, როგორიც ერთ იტალიელ დედას, სახელად ვილიანას: „ჩემს ასაკში შვილის გაჩენა სარისკო იყო, მაგრამ შვილის ყოლა მაინც გადავწყვიტე, ჩემი ვაჟი დაუნის სინდრომით დაიბადა და ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ“.

სავსებით ბუნებრივია, თუ გულგატეხილობის ან დანაშაულის გრძნობა გტანჯავთ. ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ადამიანი ავად არ უნდა გამხდარიყო (დაბადება 1:27, 28). ადამიანი ისე არ არის შექმნილი, რომ იმას, რაც არაბუნებრივია, იოლად და უმტკივნეულოდ შეეგუოს. გასაკვირი არ არის, რომ მშობელი, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს, დარდსა და გლოვას მიეცეს. დროა საჭირო, რომ მოერიო ემოციებს და მდგომარეობას შეეგუო.

თუმცა შესაძლოა, შვილის უმწეობას მაინც საკუთარ თავს აბრალებთ. მაგრამ ერთი რამ არ დაგავიწყდეთ: დღემდე ზუსტად არავინ იცის, როგორ მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე მემკვიდრეობითი ფაქტორები, გარემო პირობები, თუ სხვა რამ. შეიძლება ამაში მეუღლეს ადანაშაულებდეთ. მოიშორეთ ასეთი ფიქრები. უმჯობესი იქნება, თუ ორივე ერთმანეთს მხარში ამოუდგებით და ყურადღებას ბავშვის ზრუნვაზე გადაიტანთ (ეკლესიასტე 4:9, 10).

რჩევა: მეტი გაიგეთ თქვენი შვილის მდგომარეობაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიბრძნით აშენდება ოჯახი და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი“ (იგავები 24:3).

სთხოვეთ ექიმებს, მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ ამ დაავადების შესახებ. წაიკითხეთ მასთან დაკავშირებული სანდო ლიტერატურა. ეს პროცესი შეიძლება უცხო ენის სწავლას შევადაროთ. სწავლა თავიდან რთულია, მაგრამ შედეგი ღირს ძალისხმევად.

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული კარლო და მია ხშირად საუბრობდნენ თავიანთ ექიმთან. „ამის წყალობით ჩვენ არა მარტო იმას ვიგებდით, თუ რა პრობლემების პირისპირ შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით, არამედ იმასაც ვიგებდით, თუ რის გაკეთება შეეძლო ჩვენს შვილს, — ამბობენ ისინი. — მივხვდით, რომ ჩვენს ბიჭს შეეძლო ბევრი რამ ნორმალურად გაეკეთებინა. ამან ძალიან დაგვამშვიდა“.

ეცადეთ: ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, თუ რის გაკეთება შეუძლია თქვენს შვილს. დაგეგმეთ, რომ რაღაც-რაღაცები მთელმა ოჯახმა ერთად გააკეთოთ. როცა თქვენი შვილი თუნდაც უმნიშვნელო რამეს კარგად გააკეთებს, შეაქეთ და მისი სიხარული თქვენც გაიზიარეთ.

სირთულე 2: ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტული ხართ და თქვენს ტკივილს ვერავის უზიარებთ

შეიძლება ასეთ მდგომარეობაში მყოფი შვილის მოვლა მთელ ძალასა და ენერგიას გართმევთ. ახალ ზელანდიაში მცხოვრები ჯენი ამბობს: „მას შემდეგ, რაც ჩემს შვილს ხერხემლის ნაპრალის დიაგნოზი დაუსვეს, რამდენიმე წლის განმავლობაში საკმარისი იყო სახლის საქმეებით ცოტათი მეტად დავტვირთულიყავი, რომ მაშინვე ძალა მეცლებოდა და ტირილი მივარდებოდა“.

კიდევ ერთი სირთულე შეიძლება ის იყოს, რომ თავს გარიყულად გრძნობდეთ. ბენის ბიჭს კუნთების ატროფია და ასპერგერის სინდრომი აქვს. ბენი ამბობს: „ბევრი ბოლომდე ვერასდროს გაიგებს, რამხელა სადარდებელს ვატარებთ“. ზოგჯერ შეიძლება გინდათ, ვინმესთან დაიცალოთ, მაგრამ ირგვლივ თითქმის ყველა თქვენს მეგობარს ჯანმრთელი შვილი ჰყავს. ასე რომ, ხალისი აღარა გაქვთ, სხვებს მოუყვეთ თქვენი სატკივარი.

რჩევა: ითხოვეთ დახმარება. და თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარს ნუ ეტყვით. ზემოხსენებული ჯულიანა აღიარებს: „ზოგჯერ მე და ჩემს მეუღლეს გვერიდება, ვინმეს დახმარება ვთხოვოთ. მაგრამ აშკარად ვხედავთ, რომ გვჭირდება ეს. როცა გვეხმარებიან, თავს მიტოვებულად აღარ ვგრძნობთ“. თუ კრების შეხვედრაზე ან სადმე სხვაგან ახლო მეგობარი ან ნათესავი შემოგთავაზებთ, რომ თქვენს შვილს გვერდით მიუჯდება, უარს ნუ ეტყვით. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ისევე როგორც სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ იქნება მობილიზებული ავადმყოფების დასახმარებლად თუ მასში არ იქნება საწვავის მარაგი, თქვენც გაგიჭირდებათ შვილზე ზრუნვა, თუ არ გექნებათ „საწვავი“ ანუ საკმარისი ძალა და ენერგია. ამიტომ იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ და დაისვენეთ. ხავიერი, რომელსაც ხეიბარი შვილი ჰყავს, ამბობს: „ჩემს შვილს სიარული არ შეუძლია, ყველგან მე დამყავს. ამიტომ ვფიქრობ, ჩემთვის ჯანსაღ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

როგორ უნდა გამონახოთ დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის? ზოგ ოჯახში მშობლები შვილს მორიგეობით უვლიან. როცა ერთი მშობელი ბავშვთან არის, მეორეს შეუძლია დაისვენოს ან პირად საჭიროებებზე იზრუნოს. რადგანაც რთულია გაწონასწორებულობის შენარჩუნება, ამიტომ კარგი იქნება, თუ დროს ნაკლებად აუცილებელი საქმეებისგან გამოისყიდით. ინდოელი მაიური ამბობს: „ნელ-ნელა ეს შენი ცხოვრების წესი ხდება“.

 ესაუბრეთ სანდო მეგობარს. ისეთ ადამიანსაც შეუძლია იყოს თანამგრძნობი მსმენელი, რომელსაც ინვალიდი შვილი არა ჰყავს. ასეთ შემთხვევაში ლოცვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იაზმინის ორ შვილს კისტოზური ფიბროზი აქვს, ის ამბობს: „ზოგჯერ ისეთ სტრესში ვვარდები, რომ დარდი მახრჩობს და მკლავს. ვლოცულობ და იეჰოვას ვევედრები, რომ დამეხმაროს და ძალა მომცეს. იეჰოვას დახმარებას ნამდვილად ვგრძნობ“ (ფსალმუნი 145:18).

ეცადეთ: ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ, რამდენს ვარჯიშობთ და რამდენ ხანს გძინავთ. მოიფიქრეთ, როგორ გამოითავისუფლოთ დრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისგან, რათა შეძლოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ცვალეთ გეგმა საჭიროებისამებრ.

სირთულე 3: ინვალიდ შვილს უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ, ვიდრე ოჯახის დანარჩენ წევრებს

ოჯახში ბავშვის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ისვენებენ და როგორ ერთობიან ოჯახის წევრები, რამდენ დროს უთმობენ მშობლები თითოეულ შვილს და იმაზეც კი, თუ რით იკვებება მთელი ოჯახი. შედეგად, ჯანმრთელმა შვილებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. გარდა ამისა, მშობლები შეიძლება ისე იყვნენ დაკავებული ინვალიდი შვილის მოვლით, რომ ერთმანეთისთვისაც ვეღარ მოიცალონ. ლიბერიაში მცხოვრები ლიანელი ამბობს: „ზოგჯერ ჩემი ცოლი მეუბნება ხოლმე, რომ ოჯახში მთელი ტვირთი მას აწევს და მსაყვედურობს, საერთოდ არ ზრუნავო ჩვენს ბიჭზე. ასე მგონია, თითქოს პატივს არ მცემს და მეც უხეშად ვპასუხობ ხოლმე“.

რჩევა: შვილები დაინახავენ, რომ მათაც ყურადღებას აქცევთ, თუ ზოგჯერ გაიყვანთ სადმე ან ისეთ რამეს გაუკეთებთ, რაც მათ სიამოვნებთ. ზემოხსენებული ჯენი ამბობს: „ხანდახან ჩვენს უფროს ბიჭს სიურპრიზებს ვუკეთებთ, იმ რესტორანში მიგვყავს ხოლმე, რომელიც მას ძალიან უყვარს“.

ყველა შვილს დაუთმეთ ყურადღება

ცოლ-ქმრული კვანძები რომ არ დაირღვეს, მეუღლეებმა ერთმანეთთან სალაპარაკოდ და ერთად ლოცვისთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახონ. ინდოელი ასიმი, რომლის ბიჭსაც აპოპლექსიური დამბლა აქვს, ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მე და ჩემი ცოლი ემოციურად და ფიზიკურად ძალიან ვიღლებით, დროს მაინც ვნახულობთ ერთმანეთთან სასაუბროდ და ერთად ლოცვისთვის. ყოველ დილას, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ, ერთად ვსხდებით და ბიბლიურ მუხლს ვარჩევთ“. ზოგი წყვილი საუბრისთვის დროს ძილის წინ გამოყოფს. ასეთი საუბრები და გულწრფელი ლოცვები ამ მეტად რთულ დროს აძლიერებს ოჯახურ კვანძებს (იგავები 15:22). ერთი წყვილი ამბობს: „ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ტკბილი და დაუვიწყარი წუთები სწორედ ასეთ რთულ პერიოდებს უკავშირდება“.

ეცადეთ: შეაქეთ დანარჩენი შვილები იმ უბრალო რამისთვისაც კი, რასაც ისინი თავიანთი დაუძლურებული დაიკოსთვის ან ძამიკოსთვის აკეთებენ. ყოველთვის გამოხატეთ სიყვარული მათთდამი და თქვენი მეუღლისადმი.

იყავით ოპტიმისტი

ბიბლია გვპირდება, რომ მალე ღმერთი მოსპობს ყოველგვარ დაავადებასა და უძლურებას, რაც ასე ტანჯავს ახალგაზრდას თუ მოხუცს (გამოცხადება 21:3, 4). იმ დროს „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ * (ესაია 33:24).

თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, იყოთ წარმატებული ამ რთულ პრობლემასთან ბრძოლაში. „გულს ნუ გაიტეხთ, თუ ერთი შეხედვით არაფერი გამოგდით, — გვირჩევენ კარლო და მია. — ყურადღება იმ დადებით მხარეებზე გადაიტანეთ, რომელიც არცთუ ისე ცოტა აქვს თქვენს შვილს“.

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 29 ბიბლიურ დანაპირებთან დაკავშირებით, რომელიც სრულყოფილ ჯანმრთელობას ეხება, შეგიძლიათ წაიკითხოთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 3.

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • რას ვაკეთებ იმისათვის, რომ ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად რაც შეიძლება ძლიერი ვიყო?
  • ბოლოს როდის შევაქე დანარჩენი შვილები გაწეული დახმარებისთვის?