არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გადავჭრათ პრობლემები?

როგორ გადავჭრათ პრობლემები?

რჩევები ოჯახებისთვის

როგორ გადავჭრათ პრობლემები?

— გოგოები სად არიან? — ეკითხება ქმარი ცოლს.

— სავაჭრო ცენტრში წავიდნენ ახალი ტანსაცმლის საყიდლად, — პასუხობს ცოლი.

— რას ჰქვია „ახალი ტანსაცმლის საყიდლად წავიდნენ?!“ წინა თვეში არ იყიდეს?! — ხმას უწევს გაღიზიანებული ქმარი.

— ახლა ფასდაკლებაა. თანაც ჯერ მკითხეს, წასულიყვნენ თუ არა, და მეც გავუშვი, — განაწყენებული პასუხობს ცოლი, რადგან ფიქრობს, რომ ქმარი რაღაცაში ადანაშაულებს.

— შენ ხომ იცი, რომ ვერ ვიტან, როცა გოგოები ფულს ჩემ დაუკითხავად ხარჯავენ! უჩემოდ რატომ მიიღე ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება? — ყვირის მოთმინებიდან გამოსული ქმარი.

თქვენი აზრით, რა პრობლემა აქვს ზემოხსენებულ წყვილს? ქმარს აშკარად უჭირს თავის მოთოკვა. გარდა ამისა, ისინი, როგორც ჩანს, იმაზეც ვერ შეთანხმებულან, თუ რამდენი თავისუფლება უნდა მისცენ შვილებს. ამასთანავე, ჩანს, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობაც უჭირთ.

არც ერთი ქორწინება არ არის სრულყოფილი. ყველა წყვილი რაღაც პრობლემას ხვდება. დიდია პრობლემა თუ მცირე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქმარმაც და ცოლმაც პრობლემების მოგვარება ისწავლონ. რატომ?

დროთა განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემების გამო ცოლ-ქმარს შორის შეიძლება აღიმართოს ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლიდა მათ ურთიერთობას. „ზოგი უთანხმოება კოშკის ურდულს ჰგავს“, — თქვა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 18:19). როგორ უნდა მოიქცეთ, რომ პრობლემის გადაჭრისას მეუღლესთან მშვიდად შეძლოთ საუბარი?

თუ ქორწინებაში ურთიერთობას სისხლს შევადარებდით, მაშინ სიყვარული და პატივისცემა შეიძლება გულსა და ფილტვებს შევადაროთ (ეფესოელები 5:33). როდესაც საქმე ეხება პრობლემების გადაჭრას, სიყვარული აღძრავს წყვილს, რომ დაივიწყონ ერთმანეთის ძველი შეცდომები და ერთმანეთისთვის მიყენებული ტკივილი, და მხოლოდ ახლანდელ პრობლემაზე გაამახვილონ ყურადღება (1 კორინთელები 13:4, 5; 1 პეტრე 4:8). წყვილი, რომელიც ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ავლენს, ერთმანეთს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას აძლევს და ცდილობს მხოლოდ ზედაპირულად კი არ მოუსმინოს მეუღლეს, არამედ ჩასწვდეს მის ნათქვამს.

ოთხი ნაბიჯი პრობლემების მოსაგვარებლად

განიხილეთ ქვემოთ მოცემული ოთხი ნაბიჯი და ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ დაგეხმარებათ ბიბლიური პრინციპები, რომ პრობლემები სიყვარულითა და პატივისცემით გადაჭრათ.

1. გამოყავით დრო, რომ პრობლემაზე იმსჯელოთ. „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . [არის] დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 7). როგორც ზემოთ აღწერილი ოჯახური სცენიდანაც ჩანს, ზოგმა პრობლემამ ადამიანი შეიძლება მდგომარეობიდან გამოიყვანოს. თუ თქვენც ასე გემართებათ, თავი ხელში აიყვანეთ, დროებით შეწყვიტეთ დავა და ‘დადუმდით’, სანამ დაშოშმინდებით. თქვენ შეძლებთ მოუფრთხილდეთ თქვენს ურთიერთობებს, თუ ყურად იღებთ შემდეგ ბიბლიურ რჩევას: „დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა“ (იგავები 17:14, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).

თუმცა, არის „ლაპარაკის დროც“. მოუგვარებელი პრობლემები შეიძლება სარეველა ბალახივით მომრავლდეს. ამიტომ ნუ წაუყრუებთ პრობლემას იმ იმედით, რომ ის თავისთავად გადაიჭრება. თუ მეუღლეს სთხოვეთ, რომ შეგეწყვიტათ პრობლემაზე საუბარი, გამოავლინეთ მის მიმართ პატივისცემა და უთხარით, რომ ახლო მომავალში, კონკრეტულ დროს განაგრძობთ წამოჭრილ პრობლემაზე საუბარს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა ორივეს დაგეხმარებათ ბიბლიის შემდეგი რჩევის გათვალისწინებაში: „მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26). ცხადია, შემდეგ თქვენი სიტყვისამებრ უნდა მოიქცეთ კიდეც და დაუბრუნდეთ წამოჭრილ პრობლემას.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: კონკრეტული დრო დაადგინეთ იმისთვის, რომ ყოველკვირა ოჯახურ პრობლემებზე იმსჯელოთ. თუ ატყობთ, რომ უფრო ადვილად იწყებთ კამათს დღის განსაზღვრულ დროს — მაგალითად, სამსახურიდან მოსვლისას ან სანამ საჭმელს შეჭამთ — შეთანხმდით, რომ ასეთ დროს არ გაარჩევთ თქვენს პრობლემებს. შეარჩიეთ ისეთი დრო, როდესაც ორივე ნაკლებად დაძაბულები ხართ ხოლმე.

2. თქვენი აზრი გულწრფელად და პატივისცემით გამოხატეთ. „თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25). დაქორწინებული ადამიანისთვის უახლოესი „მოყვასი“ მეუღლეა. ამიტომ, გულწრფელად დაელაპარაკეთ მეუღლეს და უთხარით მას, კონკრეტულად რას გრძნობთ. მარგარეტა *, რომელიც უკვე 26 წელია რაც გათხოვილია, ამბობს: „როცა ახალი გათხოვილი ვიყავი, მეგონა, რომ ჩემი ქმარი თავისთავად მიხვდებოდა, რას ვიგრძნობდი პრობლემის წამოჭრის დროს. მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი მხრიდან ეს არარეალური მოლოდინი იყო. ახლა ვცდილობ, რომ ჩემი ფიქრები და გრძნობები გასაგებად გამოვხატო“.

გახსოვდეთ, პრობლემის გარჩევისას თქვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ „ბრძოლაში გაიმარჯვოთ“ ან „მტერი დაამარცხოთ“, არამედ ის, რომ უბრალოდ აუხსნათ თქვენს მეუღლეს, რას ფიქრობთ. ამის გაკეთება რომ შეძლოთ, გაუზიარეთ მეუღლეს თქვენი აზრი იმაზე, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, უთხარით, როდის იჩენს ხოლმე ის თავს, და შემდეგ აუხსენით, როგორ მოქმედებს ის თქვენზე. მაგალითად, თუ ღიზიანდებით, როდესაც თქვენი მეუღლე ტანსაცმელს უწესრიგოდ ყრის აქეთ-იქით, შეგეძლოთ მისთვის პატივისცემით გეთქვათ: „როდესაც სამსახურიდან ბრუნდები და ტანსაცმელს იატაკზე ყრი [რაში მდგომარეობს პრობლემა და როდის იჩენს ის თავს], ვფიქრობ, რომ შენ არ აფასებ ჩემს შრომას [ზუსტად უხსნი, როგორ გრძნობ თავს]“. შემდეგ ტაქტიანად უთხარით, თქვენი აზრით, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: რომ არ დაგავიწყდეთ, რისი თქმა გინდათ მეუღლისთვის, ფურცელზე დაწერეთ, რა მიგაჩნიათ პრობლემად და რაში ხედავთ გამოსავალს.

3. მოუსმინეთ მეუღლეს და გაითვალისწინეთ მისი გრძნობები. მოწაფე იაკობმა დაწერა, რომ ქრისტიანი „სწრაფი [უნდა] იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). ქორწინებაში არცთუ ისე ბევრი რამ უშლის ხელს ბედნიერებას ისე, როგორც ის, რომ პრობლემის გარჩევისას მეუღლეთაგან ერთ-ერთს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მეორეს არ ესმის მისი გრძნობები. ასე რომ, ყველანაირად ეცადეთ, თქვენს მეუღლეს ასეთი გრძნობა არ დაეუფლოს! (მათე 7:12).

ვოლფგანგი, რომელიც 35 წელია, რაც დაქორწინებულია, ამბობს: „როდესაც პრობლემაზე ვმსჯელობთ, შინაგანად ვიძაბები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვგრძნობ, რომ ჩემს მეუღლეს ჩემი არ ესმის“. დაიანა, რომელიც 20 წელია, რაც გათხოვილია, აღიარებს: „მე ხშირად ვსაყვედურობ ქმარს იმის გამო, რომ ის სინამდვილეში არ მისმენს, როცა პრობლემებზე ვსაუბრობთ“. როგორ შეგიძლიათ ასეთ სიტუაციასთან გამკლავება?

ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ კარგად გესმით, რას გრძნობს ან რას ფიქრობს თქვენი მეუღლე. „კადნიერება უთანხმოებას იწვევს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში (იგავები 13:10). პატივი ეცით თქვენს მეუღლეს და სათქმელი ბოლომდე ათქმევინეთ, ისე რომ არ შეაწყვეტინოთ. შემდეგ, რომ დარწმუნდეთ, სწორად გაიგეთ თუ არა მეუღლის აზრი, გაიმეორეთ მისი ნათქვამი, ოღონდ სარკაზმისა და აგრესიის გარეშე. თუ ნათქვამიდან რაიმე სწორად ვერ გაიგეთ, მიეცით მეუღლეს იმის საშუალება, რომ აზრი შეგისწოროთ. მარტო თქვენ ნუ ილაპარაკებთ. ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით ორივემ ისაუბრეთ წამოჭრილ პრობლემაზე, სანამ ბოლომდე არ ჩასწვდებით ერთმანეთის ფიქრებსა და გრძნობებს.

მართალია, თავმდაბლობა და მოთმინებაა საჭირო იმისთვის, რომ ყურადღებით მოუსმინოთ მეუღლეს და გაითვალისწინოთ მისი აზრი, მაგრამ თუ თქვენ პირველ ნაბიჯს გადადგამთ და მეუღლის მიმართ ასეთ პატივისცემას გამოავლენთ, ისიც უფრო მეტად აღიძვრება, რომ თქვენდამი პატივისცემა გამოხატოს (მათე 7:2; რომაელები 12:10).

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: მეუღლის ნათქვამის გამეორებისას სიტყვასიტყვით ნუ გაიმეორებთ მის ნათქვამს. შეეცადეთ თბილი ტონით აუხსნათ, როგორ გაიგეთ მისი სიტყვები და ის, თუ რას გრძნობს (1 პეტრე 3:8).

4. ერთობლივად მიიღეთ გადაწყვეტილება. „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“ (ეკლესიასტე 4:9, 10). შეუძლებელი იქნება ქორწინებაში წამოჭრილი ბევრი პრობლემის გადაჭრა, თუ წყვილი არ ითანამშრომლებს და მხარს არ დაუჭერს ერთმანეთს.

იეჰოვამ ქმარი დანიშნა ოჯახისთავად (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 5:23). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქმარი დიქტატორი უნდა იყოს ოჯახში. გონიერი ქმარი თვითნებურად არ მიიღებს გადაწყვეტილებებს. დეივიდი, რომელიც 20 წელია, რაც დაქორწინებულია, ამბობს: „ვცდილობ, რომ ცოლს ყველაფერში შევუთანხმდე, და ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელსაც ორივე ვიწონებთ“. ტანია, რომელიც შვიდი წლის წინ გათხოვდა, ამბობს: „მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის მართალი და ვინ — მტყუანი. ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ განსხვავებული აზრი გვაქვს იმაზე, თუ როგორ გადავჭრათ პრობლემა. მივხვდი, რომ ქორწინებაში წარმატების მისაღწევად საჭიროა, იყო დამყოლი და გონიერი“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ერთმანეთთან ითანამშრომლეთ — ორივემ ჩამოწერეთ პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტები. ამის შემდეგ ერთად გადახედეთ თქვენს ნაწერს და ისეთ გადაწყვეტილებაზე შეჩერდით, რომელსაც ორივე ეთანხმებით. შემდეგ დათქვით დრო, როდესაც გარკვეული ხნის შემდეგ შეამოწმებთ, განახორციელეთ თუ არა თქვენი გადაწყვეტილება და იყო თუ არა ის წარმატებული.

იმოქმედეთ ერთად და არა ცალ-ცალკე

იესომ ქორწინება უღელს შეადარა (მათე 19:6). იესოს დროს უღელი წარმოადგენდა ხის ძელს, რომლითაც ორ პირუტყვს ერთად აბამდნენ სამუშაოს შესასრულებლად. თუ ერთი ერთ მხარეს გასწევდა, მეორე კი — მეორე მხარეს, ისინი კარგად ვერ შეასრულებდნენ საქმეს და უღელიც კისერს გადაუტყავებდათ. ხოლო თუ ისინი ერთი მიმართულებით ივლიდნენ, მაშინ არც მძიმე ტვირთის გაწევა გაუჭირდებოდათ და არც მიწის მოხვნა.

მსგავსად ამისა, ცოლ-ქმარმა, რომლებიც ერთმანეთს მხარში არ უდგანან, ქორწინების „უღელქვეშ“ შეიძლება „კისერი გადაიტყავონ“. მაგრამ, თუ ისინი ისწავლიან თანამშრომლობას, თითქმის ყველა პრობლემის მოგვარებასა და ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებენ. მამაკაცი, სახელად კალალა, რომელსაც ბედნიერი ოჯახი აქვს, ამბობს: „25 წელია, რაც მე და ჩემი ცოლი პრობლემებს ისე ვაგვარებთ, რომ გულწრფელად ვესაუბრებით ერთმანეთს, საკუთარ თავს ერთმანეთის ადგილზე ვაყენებთ, იეჰოვას ვთხოვთ დახმარებას ლოცვით და ბიბლიურ პრინციპებს ვიყენებთ“. შეგიძლიათ, თქვენც ასე მოიქცეთ?

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

ყველაზე მეტად რომელ პრობლემაზე მსურს, ვესაუბრო ჩემს მეუღლეს?

▪ როგორ შემიძლია დავრწმუნდე იმაში, რომ ნამდვილად მესმის ჩემი მეუღლის ფიქრები და გრძნობები, როდესაც წამოჭრილ პრობლემაზე ვსაუბრობთ?

▪ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს იმან, თუ ყოველთვის ვცდილობ, ჩემი გავიტანო?

[სქოლიო]

^ აბზ. 17 ზოგი სახელი შეცვლილია.