არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

სიღარიბე

სიღარიბე

მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მრავალი რამ კეთდება, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კვლავაც სიღარიბეში ცხოვრობს.

შეუძლიათ ღარიბებს, იყვნენ ბედნიერები?

რას ამბობს ხალხი:

მრავალს სჯერა, რომ ბედნიერება და კმაყოფილება მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობას მოაქვს და ნამდვილი წარმატება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა თანხას ფლობს ადამიანი. რადგანაც ხელი არ მიუწვდებათ ელემენტარულ განათლებაზე, სათანადო მკურნალობასა და სხვადასხვა მომსახურებაზე, ღარიბებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ ბედნიერი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება.

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანის ბედნიერება მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ სულიერ კეთილდღეობასა და შემოქმედთან ურთიერთობაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ვინც ათვითცნობიერებს საკუთარ სულიერ მოთხოვნილებებს, აღძრულია, გაიგოს ღვთის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე და ამგვარად, ჩასწვდეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რასაც ნამდვილი ნუგეში და შინაგანი სიმშვიდე მოაქვს. აი, ეს არის ნამდვილი ბედნიერება.

ვინც უკვირდება და პრაქტიკაში იყენებს ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს, უკეთ უმკლავდება სიღარიბეს. მაგალითად, ბიბლია მოგვიწოდებს, მოვერიდოთ ისეთ საზიანო ჩვევებს, როგორიცაა, სიგარეტის მოწევა და გადამეტებული სმა. ასეთი არასწორი მიდრეკილებების გამო ადამიანი ბევრ ფულს ფლანგავს და საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, რისი გამოსწორებაც დიდ თანხებს საჭიროებს (იგავები 20:1; 2 კორინთელები 7:1).

ბიბლია აგრეთვე გვაფრთხილებს სიხარბისა და მატერიალიზმის დამღუპველ შედეგებზე (მარკოზი 4:19; ეფესოელები 5:3). ამ მხრივ ბიბლიური რჩევის გათვალისწინება იცავს ადამიანს, არ გაანიავოს ფული აზარტულ თამაშებში და არ განუვითარდეს „ფულის სიყვარული“, რასაც ბიბლია „ყოველგვარი ბოროტების ფესვს“ უწოდებს (1 ტიმოთე 6:10). ბიბლიაში შემდეგი ჭეშმარიტებაც წერია: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). მარტივად რომ ვთქვათ, ფულით სიცოცხლეს ვერ ვიყიდით. მეორე მხრივ, თუ ბიბლიაში ჩაწერილ ბრძნულ რჩევებს გამოვიყენებთ, ჩვენი ცხოვრება აზრით აღსავსე და ნამდვილი ბედნიერების მომტანი გახდება.

მათაც კი, ვისაც არსებობისთვის უწევს ბრძოლა — საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფარის მოსაპოვებლად, შეუძლიათ იყვნენ მეტ-ნაკლებად ბედნიერები, თუ განივითარებენ კმაყოფილების სულს და ეცდებიან, იცხოვრონ ღვთის ნების თანახმად. ამგვარად ისინი დარწმუნდებიან, რომ უტყუარია ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის შემდეგი დაპირება: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავები 10:22).

საკვანძო ბიბლიური მუხლი: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

მოეღება ოდესმე სიღარიბეს ბოლო?

რას ამბობს ბიბლია:

მაშინ როცა, ადამიანს არ ძალუძს სიღარიბის დამარცხება, იეჰოვა დანიშნულ დროს აღმოფხვრის მის გამომწვევ მიზეზს — ადამიანებისა და მთავრობების ეგოიზმს, რომელთაც საკუთარი ინტერესების მეტი არაფერი აღელვებთ (ეკლესიასტე 8:9). შემოქმედი ბოლოს მოუღებს ეგოიზმით გაჟღენთილ ხელისუფლებებს. მისი სამეფო, ანუ ზეციური ხელისუფლება, გულუხვად იზრუნებს განურჩევლად ყველა ადამიანზე. ბიბლია ნათელ დაპირებას გვაძლევს, რომ ღვთის სამეფოს მეფე თანაგრძნობით იზრუნებს ღარიბებზე და დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს . . . ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს“ (ფსალმუნი 72:12—14).

დედამიწა ნამდვილ სამოთხეს დაემსგავსება, სადაც ყველას ექნება საკუთარი სახლი და საკვები. სიღარიბის ნიშან-წყალი საერთოდ გაქრება. ბიბლიის წიგნ „ესაიაში“ ღმერთი თავის ხალხზე ამბობს: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს . . . სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22). აღარავის მოუწევს არსებობისთვის ბრძოლა, ვინაიდან ყველა დანაყრდება მსუყე კერძებით და გაიხარებს უამრავი კარგი რამით, რასაც იეჰოვა ღმერთი უხვად უბოძებს ადამიანებს (ესაია 25:6).

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ღვთის დაპირებაზე ფიქრი, რომ მალე სიღარიბე წარსულს ჩაბარდება, ამხნევებს უკიდურესად რთულ პირობებში მცხოვრებთ და არწმუნებს, რომ ღმერთი ზრუნავს მათზე და, რომ მათ ტანჯვას მალე ბოლო მოეღება. ამაზე ფიქრი დაგვეხმარება, გავუძლოთ დღევანდელ მძიმე ცხოვრებას.

საკვანძო ბიბლიური მუხლი: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს . . . ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს“ (ფსალმუნი 72:12, 13).