არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როცა თქვენი მოზარდი შვილი თავს ისახიჩრებს

როცა თქვენი მოზარდი შვილი თავს ისახიჩრებს

პრობლემა

ერთხელაც აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მოზარდი შვილი საკუთარ თავს განზრახ აყენებს ფიზიკურ ზიანს. საგონებელში ჩავარდნილი ფიქრობთ: „რას უნდა ნიშნავდეს ეს? ნეტა, თავის მოკვლას ხომ არ აპირებს ჩემი შვილი?“

უმეტესწილად, ის, ვინც საკუთარ სხეულს ზიანს აყენებს, ამას თვითმკვლელობის მიზნით არ აკეთებს. მაგრამ, თუ თქვენი შვილი თავს ისახიჩრებს, ის დახმარებას საჭიროებს. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას? პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის მისი ასეთი მოქმედების მიზეზი.

რატომ ხდება?

თვითდასახიჩრება უბრალოდ ახირებაა? ზოგი ახალგაზრდა თავს იმიტომ ისახიჩრებს, რომ სმენიათ, როგორ აყენებენ საკუთარ თავს ზიანს სხვები. ასეც რომ იყოს, ეს არ არის უბრალოდ ახირება. რატომ? როგორც წესი, მოზარდები ამას მალულად აკეთებენ. მათ რცხვენიათ საკუთარი მოქმედების. „არ მინდოდა ვინმეს გაეგო, რას ვაკეთებდი. ამიტომ საგულდაგულოდ ვმალავდი ნაიარევს“, — ამბობს 20 წლის სილია. *

ყურადღების მიქცევის მიზნით ისახიჩრებენ სხეულს? ზოგჯერ შეიძლება ეს ასეც იყოს. მაგრამ ამ სტატიაში საუბარია ისეთ მოზარდებზე, რომლებიც მალავენ თავიანთ საქციელს და სულაც არ ცდილობენ თავიანთი ჭრილობებითა თუ ნაიარევებით სხვების ყურადღების მიპყრობას. თუმცა, ერთი ახალგაზრდა, რომელიც ადრე საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს აყენებდა, ამბობს, რომ მას სურდა, ვინმეს შეემჩნია მისი ჭრილობები, რათა რაც შეიძლება მალე აღმოეჩინათ მისთვის დახმარება.

მაშ, რატომ ისახიჩრებენ თავს? შეიძლება ბევრი რამის გამო, მაგრამ ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდა განიცდის ემოციურ ტკივილს, რომლის გამოხატვაც სიტყვებით უჭირს. ფსიქოთერაპევტი სტივენ ლევენკროუნი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ის, ვინც თავს ისახიჩრებს, ცდილობს, „ემოციური ტკივილი ფიზიკური ტკივილით შეიმსუბუქოს“ (Cutting).

ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ თავს ზიანს აყენებს, განიცდის ემოციურ ტკივილს, რომლის გამოხატვაც სიტყვებით უჭირს

ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს. ნაცვლად იმისა, რომ თავი დაიდანაშაულოთ და იფიქროთ, რომ არ ხართ კარგი მშობელი, ყურადღება იმაზე გადაიტანეთ, თუ როგორ აღმოუჩინოთ შვილს დახმარება.

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

აღძარით თქვენი შვილი, გულწრფელად გელაპარაკოთ თავის პრობლემაზე. შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში:

იყავით თანამგრძნობი. თუ შვილი გაგიმხელთ, რომ საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს აყენებს, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ნაცვლად ამისა, მშვიდად ელაპარაკეთ და თანაუგრძნეთ (ბიბლიური პრინციპი: 1 თესალონიკელები 5:14).

არ დაუსვათ ისეთი კითხვები, რითაც დააფრთხობდით. შეგიძლიათ ასეთი რამ ჰკითხოთ: ვიცი, რომ ზოგჯერ თავს ცუდად გრძნობ. შეგიძლია მითხრა, ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს? რით შემიძლია დაგეხმარო, როცა თავს ცუდად გრძნობ ან დეპრესიაში ხარ? შენი აზრით, რა უნდა გავაკეთო, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს? ბოლომდე მოუსმინეთ, არ შეაწყვეტინოთ (ბიბლიური პრინციპი: იაკობი 1:19).

დაეხმარეთ, სწორად შეაფასოს საკუთარი თავი. ახალგაზრდები, რომლებიც სხეულს ისახიჩრებენ, საკუთარ თავს ხშირად უარყოფითად აფასებენ. ამიტომ კარგი იქნება, თუ ყურადღებას დადებით თვისებებზე გაუმახვილებთ. შეგიძლიათ ურჩიოთ თქვენს შვილს, ჩამოწეროს სამი რამ, რაც მას საკუთარ თავში მოსწონს. „ჩამოვწერე რამდენიმე ძლიერი მხარე, რაც დამეხმარა, საკუთარ თავში დადებითი თვისებები დამენახა“ — ამბობს ერთი გოგო, სახელად ბრიანა. *

ხშირად ადამიანს, რომელიც თავს ისახიჩრებს, აქვს დეპრესია ან სხვა რაიმე სახის დარღვევა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის დახმარება. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს. თუმცა ქრისტიანები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ არჩეული მკურნალობის მეთოდი არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს.

აღძარით, ილოცოს. ბიბლია გვეუბნება: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). „ძალიან მიჭირდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი, ჩემი გრძნობები იეჰოვასთან დამეცალა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი თავის დასახიჩრების სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა. ლოცვამ ძალა მომცა, ასეთი რამ აღარ გამეკეთებინა“ — ამბობს 17 წლის ლორენა (ბიბლიური პრინციპი: 1 თესალონიკელები 5:17).

^ აბზ. 7 საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაში იგულისხმება სხეულის განზრახ დასერვა, დაბეჟვა, ცემა ან სხვა რამ.

^ აბზ. 15 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.