არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი

ბიბლიამ გაუძლო არაერთ წინააღმდეგობას

ბიბლიამ გაუძლო არაერთ წინააღმდეგობას

რა საფრთხე ემუქრებოდა: საუკუნეების მანძილზე ბევრი პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერი ყველაფერს აკეთებდა, რომ ბიბლია ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო უბრალო ხალხისთვის. ისინი ხშირად ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას, რათა შეეჩერებინათ ამ წიგნის თარგმნა და გავრცელება. მოვიყვანოთ ორი შემთხვევა.

  • დაახლოებით ძვ. წ. 167 წელს სელევკიდების მეფე ანტიოქე ეპიფანემ, რომელიც იუდეველებს ბერძნული წეს-ჩვეულებებისა და რელიგიის მიღებას აიძულებდა, ბრძანება გასცა, რომ ებრაული წერილების ყველა ასლი უკლებლივ გაენადგურებინათ. როგორც ისტორიკოსი ჰაინრიხ გრეტსი წერდა, მეფის განკარგულებით, მისმა ხელქვეითებმა „დახიეს და დაწვეს ყველა გრაგნილი, რომელზეც კანონის სიტყვები ეწერა. აგრეთვე დახოცეს ყველა, ვინც არ უშინდებოდა მეფის ბრძანებას და მაინც კითხულობდა წმინდა წერილებს“.

  • შუა საუკუნეებში ზოგი კათოლიკური ეკლესიის ლიდერი შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ ხალხი კათოლიკურ მოძღვრებებზე მეტად ბიბლიურ სწავლებებს ეცნობოდა. ამიტომ ყველას, ვისაც ლათინურ ენაზე შესრულებული „ფსალმუნების“ გარდა, ბიბლიის რომელიმე წიგნს უპოვიდნენ, ერეტიკოსებად რაცხავდნენ. ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც, სასწრაფოდ უნდა შემოეარათ ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული, გაეჩხრიკათ ყველა ის სახლი და სარდაფი, რომლებიც რაიმე ეჭვს იწვევდა, მოეძებნათ ერეტიკოსები და დაეხოცათ ისინი.

ბიბლიის მტრებს რომ თავიანთი მიზნისთვის მიეღწიათ და წმინდა წერილები გაენადგურებინათ, მაშინ ბიბლიური ცნობაც უკვალოდ გაქრებოდა.

უილიამ ტინდალის მიერ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ბიბლია გადაურჩა განადგურებას, თავად ტინდალი კი ამის გამო 1536 წელს სიკვდილით დასაჯეს

როგორ მოაღწია ჩვენამდე: მეფე ანტიოქე მხოლოდ ისრაელში ავიწროებდა ებრაელებს და მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ცდილობდა ბიბლიის ხელნაწერების ასლების განადგურებას, მაგრამ ბოლომდე ვერ მიაღწია თავის მიზანს, რადგან იუდეველთა სათვისტომოები სხვა მრავალ ქვეყანაშიც არსებობდა. სწავლულების აზრით, ახ. წ.  I საუკუნეში ისრაელის საზღვრებს გარეთ იუდეველთა 60 პროცენტზე მეტი ცხოვრობდა. ისინი თავიანთ სინაგოგებში ინახავდნენ წმინდა წერილების ასლებს, რომელთაც მოგვიანებით შემდგომი თაობები, მათ შორის ქრისტიანები, იყენებდნენ (საქმეები 15:21).

შუა საუკუნეებში ისინი, ვისთვისაც ბიბლია ძალიან ძვირფასი წიგნი იყო, არ უშინდებოდნენ არანაირ წინააღმდეგობას და განაგრძობდნენ მის თარგმნასა და გადაწერას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბიბლიის ესა თუ ის მონაკვეთი XV საუკუნის შუა პერიოდისთვის, სანამ საბეჭდ დაზგას გამოიგონებდნენ, უკვე 33 ენაზე იყო ხელმისაწვდომი. ამ პერიოდიდან მოყოლებული ბიბლიის თარგმნისა და გამოცემის საქმე საგრძნობლად დაჩქარდა.

შედეგი: ძლევამოსილი მეფეებისა და სასულიერო პირების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიბლია დღემდე ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი წიგნია. ბიბლიამ დიდი გავლენა იქონია ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაზე, მათი ენის განვითარებასა და აგრეთვე მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე.