არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენც განიცადეთ გაცემით გამოწვეული სიხარული!

თქვენც განიცადეთ გაცემით გამოწვეული სიხარული!

„შეხედე, ავტობუსი სადაცაა დაიძვრება, მაგრამ ამ ჩინელ მგზავრს ავტობუსში აღარ უშვებენ!“, — ერთმანეთს გადაულაპარაკეს მგზავრებმა, რომლებიც სამხრეთ ამერიკის ერთი ქვეყნიდან მეორეში მიემგზავრებოდნენ. მათ ლაპარაკს ყური მოჰკრა ალექსანდრამ. მან გაიხედა ფანჯარაში და შენიშნა ახალგაზრდა ჩინელი მამაკაცი, რომელიც დამტვრეული ესპანურით ცდილობდა, მესაზღვრისთვის აეხსნა თავისი მდგომარეობა. ალექსანდრა იეჰოვას მოწმეების ჩინურენოვან კრებაში დადიოდა, ამიტომ გადაწყვიტა, დახმარებოდა ამ ახალგაზრდას და მესაზღვრისთვის მისი ნათქვამი გადაეთარგმნა.

ამ მამაკაცმა მესაზღვრეს უთხრა, რომ საბუთები და ფული მოჰპარეს; იგი არწმუნებდა მას, რომ არ იყო არალეგალი ემიგრანტი. თავიდან მესაზღვრე არ იჯერებდა მის ნათქვამს და ისიც კი იფიქრა, რომ ალექსანდრა და ეს მამაკაცი ტრეფიკინგით იყვნენ დაკავებული. ბოლოს დაუჯერა, მაგრამ საბუთების არქონის გამო ჯარიმა დააკისრა. ვინაიდან ამ საბრალო მგზავრს ფული არ ჰქონდა, ალექსანდრამ 20 დოლარი ასესხა. ეს ახალგაზრდა ძალიან მადლიერი იყო მისი და პირობა მისცა, რომ ამ თანხაზე მეტს დაუბრუნებდა. ალექსანდრამ უთხრა, რომ დასაჩუქრებას არ ელოდა; მან სიხარულით გაუწოდა გასაჭირში მყოფს დახმარების ხელი, რადგან იცოდა, რომ სწორად იქცეოდა. ალექსანდრამ მას ბიბლიური ლიტერატურა მისცა და ურჩია, მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაეწყო.

ალბათ, გულს გვითბობს, როცა ვიგებთ, რომ ვიღაცამ სრულიად უცნობის მიმართ სიკეთე გამოავლინა. რა თქმა უნდა, ასე მხოლოდ მორწმუნეები კი არა, ყველა იქცევა. თქვენც გაუწვდით სხვას დახმარების ხელს? ამ კითხვაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება, რადგან იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ეს საკითხი მკვლევართა ყურადღებასაც იქცევს, რომელთაც დაკვირვებების შედეგად აღმოაჩინეს, რომ გაცემა თავად გამცემისთვისაც სასიკეთოა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვიმსჯელებთ.

სიხარულით გაეცით!

ცნობილია, რომ ვისაც გაცემა უყვარს, თავს ბედნიერად გრძნობს. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“. ის იმ ქრისტიანებზე საუბრობდა, რომლებმაც გულუხვად გაიღეს შესაწირავი თანამორწმუნეების დასახმარებლად (2 კორინთელები 8:4; 9:7). პავლეს სიტყვების თანახმად, ისინი იმიტომ კი არ გასცემდნენ, რომ ბედნიერები იყვნენ, არამედ თავად გაცემა ანიჭებდა მათ ბედნიერებას.

ერთი გამოკვლევის თანახმად, როცა გავცემთ, „ტვინის ის უბნები აქტიურდება, რომლებიც დადებით ემოციებზეა პასუხისმგებელი. ამ დროს ადამიანი განიცდის სიამოვნებას, იკმაყოფილებს ურთიერთობის მოთხოვნილებას, განიმსჭვალება თბილი გრძნობებით და მეტი ნდობით განეწყობა სხვების მიმართ“. მეორე გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ „როცა ადამიანი სხვას ფულს ჩუქნის, უფრო მეტ სიხარულს განიცდის, ვიდრე მაშინ, როცა ამ ფულს საკუთარი თავისთვის ხარჯავს“.

ოდესმე გაგჩენიათ ისეთი გრძნობა, რომ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრს ვერაფერს აკეთებთ სხვებისთვის? სინამდვილეში ყველას შეუძლია სიხარული განიცადოს მთელი გულით გაცემის შედეგად. როდესაც სწორი მოტივით ვჩუქნით ვინმეს ფულს, ასეთ შემთხვევაში მის ოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ერთმა იეჰოვას მოწმემ ამ ჟურნალის გამომცემლებს შესაწირავი გაუგზავნა და თან ასეთი სიტყვები მისწერა: „მთელი ამ წლების მანძილზე მცირე თანხას ვაგდებდი ხოლმე შესაწირავების ყუთში. მაგრამ იეჰოვა ღმერთისგან გაცილებით მეტს ვიღებდი სანაცვლოდ . . . დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის, ის ძალიან მანუგეშებს!“.

რასაკვირველია, გაცემა მხოლოდ ფულის ჩუქებას არ გულისხმობს. არსებობს გაცემის არაერთი საშუალება.

გაცემა კარგ ჯანმრთელობას უწყობს ხელს

გაცემა თქვენთვისაც სასიკეთოა და სხვებისთვისაც

ბიბლიაში ვკითხულობთ: „კეთილი კაცი აჯილდოებს თავის სულს, სასტიკი კი თავის თავს ვნებს“ (იგავები 11:17). კეთილი ადამიანები ხელგაშლილები არიან; მათ სხვებისთვის არაფერი ენანებათ, იქნება ეს დრო, ენერგია თუ სახსრები. ასეთი განწყობა თავად გამცემისთვისაც მრავალმხრივაა სასიკეთო. მაგალითად, გულუხვობა ხელს უწყობს კარგ ჯანმრთელობას.

დაკვირვებებიდან გამოჩნდა, რომ მას, ვინც საკუთარი ნებით ეხმარება სხვებს, ნაკლებად აწუხებს რამე და არც დეპრესიისკენ არის მიდრეკილი. მოკლედ რომ ვთქვათ, გულუხვი ადამიანები სხვებთან შედარებით უფრო ჯანმრთელები არიან. უხვად გაცემა მათ ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს, ვინც ისეთი ქრონიკული დაავადებით იტანჯება, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი ან აივ-ი. საგულისხმოა ისიც, რომ ალკოჰოლიკებს, რომლებიც ცდილობენ, სმას გადაეჩვიონ, ნაკლებად ემართებათ დეპრესია და უფრო უადვილდებათ თავშეკავების გამოვლენა, როცა სხვებს დახმარების ხელს უწვდიან.

ამის მიზეზი ისაა, რომ „როცა ადამიანი სხვებს უთანაგრძნობს და სიკეთეს და გულუხვობას ავლენს მათ მიმართ, უარყოფითი გრძნობები ნაკლებად ეძალება“. გარდა ამისა, მას, ვინც გასცემს, შეიძლება იშვიათად შეაწუხოს წნევამ და სტრესიც იშვიათად ჰქონდეს. ის ადამიანები, რომლებმაც მეორე ნახევარი დაკარგეს, უფრო ადვილად გამოდიან კრიზისული მდგომარეობიდან, როცა სხვებს ეხმარებიან.

ერთი რამ გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ: გაცემა ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება.

სიკეთის კეთება გადამდებია

იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „გაეცით და მოგეცემათ. უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკა 6:38). როცა რაღაცას გულუხვად გასცემთ, ხშირად ეს სხვებში მადლიერებას იწვევს და აღძრავს მათ, მსგავსად მოიქცნენ. გაცემა ურთიერთთანამშრომლობასა და მეგობრობას უწყობს ხელს.

გაცემა ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობასა და მეგობრობას

მკვლევრები, რომლებიც ადამიანთა ურთიერთობებს აკვირდებიან, აღნიშნავენ, რომ „ის, ვინც ყოველთვის მზად არის, გულუხვად გასცეს, სხვებსაც გულუხვობისკენ უბიძგებს“. სინამდვილეში, „საკმარისია, ადამიანებმა უბრალოდ წაიკითხონ მათ შესახებ, ვინც განსაკუთრებული სახით გამოავლინა ვინმეს მიმართ სიკეთე, რომ აღიძვრებიან, თავადაც გასცენ“. ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „სოციალური ქსელის მეშვეობით თითოეულ ადამიანს შეუძლია ათობით და ასობით ადამიანზეც კი მოახდინოს გავლენა, რომელთაგან ზოგს შეიძლება არც კი იცნობს“. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ერთმა კეთილმა საქმემ შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. ისურვებდით ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას, რომელიც გაცემის სულისკვეთებითაა განმსჭვალული? ნამდვილად, რაც მეტი ადამიანი იქნება გამცემი, ეს მით მეტ სიკეთეს მოიტანს.

ფლორიდაში (აშშ) მომხდარი ერთი შემთხვევაც გვიჩვენებს, რომ სიკეთეს სიკეთე მოაქვს. გამანადგურებელი ქარიშხლის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი თანამორწმუნეთა დასახმარებლად აღდგენით სამუშაოებში ნებაყოფლობით იღებდა მონაწილეობას. როდესაც ერთი სახლისთვის სარემონტო მასალას ელოდებოდნენ, მათ შენიშნეს, რომ მეზობლის ღობე დაზიანებული იყო და სახლის პატრონს მისი შეკეთება შესთავაზეს. მოგვიანებით ამ მადლიერმა მეზობელმა იეჰოვას მოწმეების მთავარ სამმართველოს წერილი მისწერა: „არასდროს დავივიწყებ ამ სიკეთეს! დღემდე არ შევხვედრივარ ასეთ კეთილ ადამიანებს!“. მადლიერების ნიშნად მან გულუხვი შესაწირავი გაიღო, რათა, როგორც თავად თქვა, მოწმეებს განსაკუთრებული საქმეებისთვის გამოეყენებინათ.

მიჰბაძეთ ყველაზე გულუხვ გამცემს!

ჩატარებული კვლევებიდან გამოიკვეთა ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი: „სხვების დახმარება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია“. ამავე კვლევებიდან გამოჩნდა, რომ „ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბავშვი ლაპარაკს ისწავლის, მისი ქცევებიდან სიკეთე გამოსჭვივის“. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანები „ღვთის ანარეკლად“ არიან შექმნილნი და ისეთივე თვისებები აქვთ, როგორიც მას (დაბადება 1:27).

ჩვენი შემოქმედის გასაოცარი თვისებებიდან ერთ-ერთი გულუხვობაა. მან გვაჩუქა სიცოცხლე და ყველაფერი, რაც ჩვენი ბედნიერებისთვისაა საჭირო (საქმეები 14:17; 17:26—28). ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას რომ გავეცნოთ და გავიგოთ მისი განზრახვების შესახებ, მისი სიტყვა, ბიბლია უნდა შევისწავლოთ. ამ წიგნიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთმა იზრუნა ადამიანთა მომავალზე * (1 იოანე 4:9, 10). ვინაიდან ჩვენ გულუხვი ღმერთის, იეჰოვას, ანარეკლად ვართ შექმნილი, როცა მას ვბაძავთ და გავცემთ, კმაყოფილებას ვგრძნობთ და მის კეთილგანწყობასაც ვიმსახურებთ (ებრაელები 13:16).

გაინტერესებთ, როგორ დასრულდა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ალექსანდრას ისტორია? მართალია, მას ერთ-ერთმა თანამგზავრმა უთხრა, რომ ფულის დაბრუნების იმედი აღარ ჰქონოდა, მაგრამ გზაში ჩინელმა მამაკაცმა დაურეკა მეგობრებს და ქალაქში ჩასვლისთანავე დაუბრუნა ალექსანდრას 20 დოლარი. მეტიც, მან გაითვალისწინა ალექსანდრას რჩევა და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ალექსანდრას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სამი თვის შემდეგ ამ ახალგაზრდას იეჰოვას მოწმეთა ჩინურენოვან კონგრესზე შეხვდა პერუში. მადლიერების ნიშნად მან ალექსანდრა და მისი მეგობრები საკუთარ რესტორანში დაპატიჟა.

გაცემასა და სხვების დახმარებას დიდი სიხარული მოაქვს! თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდ სიხარულს მაშინ ვგრძნობთ, როცა ადამიანებს იეჰოვა ღმერთის გაცნობაში ვეხმარებით, რომლისგანაც „ყოველი კარგი ძღვენი“ მომდინარეობს (იაკობი 1:17). თქვენც განიჭებთ გაცემა სიხარულს?

^ აბზ. 21 მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr418.com. (იხილეთ პუბლიკაციები > წიგნები და ბროშურები).