არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ განსაზღვრავდნენ ბიბლიურ დროში წელიწადისა და თვეების ხანგრძლივობას?

ᲐᲦᲗᲥᲛᲣᲚ მიწაზე მცხოვრები ებრაელებისთვის საერო კალენდრით წელიწადი იწყებოდა ხვნა-თესვით, რომელიც ემთხვეოდა ჩვენებურ სექტემბერ-ოქტომბერს.

მთვარისმიერი კალენდარი შედგება 29-30-დღიანი 12 თვისგან. შესაბამისად, ამ კალენდრით წელიწადი რამდენიმე დღით მოკლეა, ვიდრე მზისიერი წელიწადი. მთვარისმიერი და მზისიერი კალენდრების ერთმანეთთან მორგება სხვადასხვა მეთოდით ხდება. ეს ხორციელდება მთვარისმიერი კალენდრისთვის რამდენიმე დღის ან შესაძლოა ახალი წლის დაწყებამდე პერიოდულად მე-13 თვის დამატებით. ამგვარად კალენდარული თარიღები წელიწადის შესაბამის დროს ემთხვევა.

მოსეს დროს ღმერთმა ახალი მითითება მისცა თავის ხალხს, რომლის თანახმადაც, წმინდა წელი გაზაფხულზე აბიბის, იგივე ნისანის, თვეში უნდა დაწყებულიყო (გამ. 12:2; 13:4). ამ თვეში გამართული დღესასწაული ქერის აღებას ემთხვეოდა (გამ. 23:15, 16).

თეოლოგი ემილ შიურერი თავის წიგნში წერდა: „კალენდარული თვის დამატება ძალიან მარტივად განისაზღვრებოდა. პასექის დღესასწაული ყოველთვის აღინიშნებოდა გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ ნისანის თვეში (14 ნისანი) სავსემთვარობისას … თუ წლის ბოლოს აშკარა ხდებოდა, რომ პასექი გაზაფხულის ბუნიობას გაასწრებდა, ნისანამდე მე-13 თვის ჩამატება ხდებოდა“ (The History of the Jewish People in the Age of Jesus Christ (175 B.C.-A.D. 135)).

იეჰოვას მოწმეები სწორედ ამ მეთოდით განსაზღვრავენ უფლის გახსენების საღამოს თარიღს, რომელიც ებრაული კალენდრის მიხედვით გაზაფხულზე 14 ნისანს ემთხვევა. კრებები მთელ მსოფლიოში წინასწარ იგებენ ამ თარიღის შესახებ.

როგორ ხვდებოდნენ ებრაელები, როდის მთავრდებოდა ერთი თვე და როდის იწყებოდა მეორე? დღეს ამის გაგება საკმაოდ მარტივია. საკმარისია ბეჭდურ ან ელექტრონულ კალენდარში ჩაიხედო. ბიბლიურ დროში კი ამის განსაზღვრა გაცილებით რთული იყო.

წარღვნის პერიოდში თვის ხანგრძლივობა 30-დღიანი იყო (დაბ. 7:11, 24; 8:3, 4). მოგვიანებით ებრაელები უკვე თვეებს ასე აღარ აღრიცხავდნენ. ებრაული კალენდრით თვე იწყებოდა ნამგალა მთვარის გამოჩენიდან, რაც, ჩვეულებრივ, წინა თვის დაწყებიდან 29 ან 30 დღის შემდეგ ხდებოდა.

დავითისა და იონათანის ერთ-ერთი დიალოგიდან ირკვევა, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მეორე დღეს ახალმთვარობა იყო (1 სამ. 20:5, 18). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძვ. წ. მე-11 საუკუნეში თვეები წინასწარ იყო გამოთვლილი. როგორ უნდა განესაზღვრა რიგით ებრაელს, როდის იწყებოდა ახალი თვე? ამის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის მიშნა, ებრაული ზეპირი კანონებისა და ტრადიციების კრებული. როგორც მიშნიდან ირკვევა, გადასახლების შემდგომ პერიოდში ამაზე სინედრიონი (ებრაელთა უზენაესი სასამართლო) ზრუნავდა. წელიწადში შვიდჯერ თვის 30-ე დღეს ეს სასამართლო იკრიბებოდა და ბჭობდა, როდის უნდა დაწყებულიყო მომდევნო თვე. რის საფუძველზე ადგენდნენ ისინი ამას?

იერუსალიმის გარშემო შემაღლებულ ადგილებზე განლაგებული გუშაგები მთელი ღამე აკვირდებოდნენ ცას. ახალი მთვარის გამოჩენისთანავე ამის შესახებ სინედრიონს ატყობინებდნენ. როცა სინედრიონის წევრები დარწმუნდებოდნენ, რომ ახალი მთვარე ნამდვილად გამოჩნდა, ახალი თვის დაწყებას იუწყებოდნენ. რა ხდებოდა მაშინ, თუ ღრუბლების ან ნისლის გამო გუშაგები ვერ ხედავდნენ ახალ მთვარეს? მაშინ მიმდინარე თვეს 30-დღიანად აცხადებდნენ და მომდევნო დღიდან ახალ თვეს იწყებდნენ.

მიშნის თანახმად, სინედრიონის გადაწყვეტილებას იერუსალიმთან ახლოს მდებარე ზეთისხილის მთაზე დანთებული კოცონით ამცნობდნენ ხალხს. ახალი თვის საუწყებლად ისრაელის მთელ ტერიტორიაზე შემაღლებულ ადგილებზე კოცონს ანთებდნენ. მოგვიანებით შიკრიკების მეშვეობით ატყობინებდნენ ხალხს ამის შესახებ. ასე იგებდნენ ებრაელები იერუსალიმში, მთელ ისრაელსა თუ ცალკეულ დასახლებებში ახალი თვის დაწყებას. ამგვარად ისინი ყოველწლიურ დღესასწაულებს ერთდროულად აღნიშნავდნენ.

თანდართული ცხრილი წარმოდგენას შეგიქმნით ებრაული კალენდრის, დღესასწაულებისა და თანმხლები სეზონური მოვლენების შესახებ.