არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გაგიადვილებთ ახალ კრებასთან შეგუებას?

რა გაგიადვილებთ ახალ კრებასთან შეგუებას?

ᲝᲓᲔᲡᲛᲔ შეგიცვლიათ კრება? თუ ასეა, ალბათ თქვენც დაეთანხმებით ერთი ძმის, ჟან-შარლის, სიტყვებს: „მარტივი არაა, ახალ კრებასაც მოერგო და ოჯახის წევრების სულიერობაზეც იზრუნო“. თანაც, თუ სხვა ტერიტორიაზე გიწევთ გადასვლა, შეიძლება სამსახურის, საცხოვრებლის, შვილებისთვის კი ახალი სკოლის მოძებნაც დაგჭირდეთ. ზოგჯერ არც ის არის ადვილი, სხვა კულტურას, ახალ სამქადაგებლო ტერიტორიას და განსხვავებულ კლიმატს შეეგუოთ.

კიდევ ერთი სირთულე შეიძლება ძველ მეგობრებთან განშორება და ახალი მეგობრების შეძენა იყოს. ნიკოლა და სელინი, რომლებიც საფრანგეთის ფილიალმა დანიშნა ახალ კრებაში, იხსენებენ: „როცა პირველმა ეიფორიამ გადაიარა, ძალიან გაგვიჭირდა. ძველი მეგობრები გვენატრებოდა, ახალ კრებაში კი ჯერ საკმარისად ახლოს არავისთან ვიყავით“. ფაქტია, თუ ახალ კრებაში გადადიხართ, ამა თუ იმ სირთულეს აუცილებლად შეხვდებით. ამიტომ მოდი განვიხილოთ, რა გაგიადვილებთ ახალ კრებასთან შეგუებას. იმაზეც ვიმსჯელოთ, რისი გაკეთება შეუძლიათ და-ძმებს ახალგადმოსულების დასახმარებლად და რა მხრივ შეიძლება ასეთი ცვლილება კურთხევა აღმოჩნდეს როგორც თქვენთვის, ისე კრებაში და-ძმებისთვის.

ᲝᲗᲮᲘ ᲠᲩᲔᲕᲐ

მიენდეთ იეჰოვას.

1) მიენდეთ იეჰოვას (ფსალმ. 37:5). ერთ იაპონელ დას, კაზუმის, თავისი ქმრის სამსახურის გამო იმ კრების დატოვება მოუწია, რომელშიც 20 წელი მსახურობდა. თუმცა მან „იეჰოვას მიანდო თავისი გზა“. აი რა დაეხმარა ამაში: „ჩემს შიშებზე იეჰოვას ვესაუბრებოდი და იმასაც ვეუბნებოდი, როგორ მარტოსულად ვგრძნობდი თავს. ლოცვის შემდეგ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ იეჰოვა ძალას მმატებდა“.

თუმცა ნდობას განმტკიცება სჭირდება. მცენარე წყლისა და საკვები ნივთიერებების გარეშე ვერ გაიზრდება. იმავეს თქმა შეიძლება რწმენაზეც. რა დაეხმარა ზემოთ მოხსენიებულ ნიკოლას, მეტად დარწმუნებულიყო იეჰოვას მხარდაჭერაში? ის ფიქრობდა აბრაამის, იესოს და პავლეს მაგალითებზე, რომლებიც ღვთის ნების შესასრულებლად დიდ მსხვერპლზე წავიდნენ. თუ თქვენც გამოიკვლევთ რეგულარულად ბიბლიას, შეძლებთ ცვლილებებთან შეგუებას და ახალ კრებაში და-ძმების გამხნევებას.

მოერიდეთ შედარებას.

2) მოერიდეთ შედარებას (ეკლ. 7:10). ჟუელისთვის, რომელიც ბენინიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა, რთული აღმოჩნდა სრულიად განსხვავებულ კულტურასთან შეგუება. ის იხსენებს: „მეგონა, ყველა ახალგაცნობილი და-ძმისთვის მთელი ჩემი ისტორია უნდა მომეყოლა“. ამას იმდენად მიუჩვეველი იყო, რომ ბოლოს და-ძმებთან ურთიერთობასაც კი გაურბოდა. თუმცა მათი უკეთ გაცნობის შემდეგ მან ბევრად უკეთ იგრძნო თავი. ის ამბობს: „მივხვდი, რომ საბოლოო ჯამში ადამიანები ერთმანეთს ძალიან ვგავართ, უბრალოდ განსხვავებული ურთიერთობის სტილი გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთები მივიღოთ ერთმანეთი, როგორებიც ვართ“. თქვენც მოერიდეთ შედარებას. ერთი პიონერი დის, ანა-ლიზეს, სიტყვებიც ამ აზრს უჭერს მხარს: „ახალ კრებაში იმიტომ გადავედი, რომ ახალი გამოცდილება მიმეღო და არ მიფიქრია, რომ ყველაფერი ისე უნდა დამხვედროდა, როგორც ძველ კრებაში იყო“.

შედარებას უხუცესებიც უნდა მოერიდონ. გახსოვდეთ, რომ თუ ახალ კრებაში რაიმე განსხვავებულად კეთდება, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ძმები არასწორად იქცევიან. ამიტომ კარგი იქნება, სანამ რაიმეს შესთავაზებთ მათ, ჯერ კარგად გაეცნოთ ადგილობრივ სიტუაციას (ეკლ. 3:1, 7ბ). თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ სიტყვებზე მეტი ძალა პირად მაგალითს აქვს (2 კორ. 1:24).

იყავით აქტიურები.

3) იყავით აქტიურები (ფილ. 1:27). ფაქტია, საცხოვრებლის შეცვლას და ახალ ადგილზე მოწყობას დიდი დრო და ენერგია მიაქვს. და მაინც, ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინვე დაიწყოთ კრების შეხვედრებზე სიარული. ამგვარად, და-ძმებიც გაგიცნობენ და საჭიროების შემთხვევაში თქვენს დახმარებასაც შეძლებენ. აი რას იხსენებს ერთი სამხრეთაფრიკელი და, ლუსინდა, რომელიც თავის ორ გოგონასთან ერთად დიდ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად: „მეგობრებმა მირჩიეს, ახალ კრებაში აქტიური ვყოფილიყავი, კომენტარებშიც მიმეღო მონაწილეობა და და-ძმებთან ერთად მსახურებაშიც გავსულიყავი. ჩვენც ასე მოვიქეცით. მეტიც, ძმებს სამქადაგებლო შეხვედრების ჩასატარებლად ჩვენი სახლი შევთავაზეთ“.

როგორც მოციქული პავლეს სიტყვებიდან ჩანს, ჩვენ „მხარდამხარ უნდა ვიბრძოლოთ სასიხარულო ცნობის რწმენისთვის“. ეს რომ შევძლოთ, ახალი კრების და-ძმებთან ერთად აქტიურად უნდა ჩავებათ თეოკრატიულ საქმეებში. ამგვარად, ჩვენც განვიმტკიცებთ რწმენას და მათაც დავეხმარებით ამაში. ზემოთ მოხსენიებულ ანა-ლიზეს უხუცესებმა ურჩიეს, რომ კრებაში განურჩევლად ყველასთან ემსახურა. ის ამბობს: „ამ რჩევის წყალობით მალევე ვიგრძენი თავი შინაურულად“. და-ძმები ადვილად რომ შეგეჩვიონ და თავი უცხოდ არ იგრძნოთ, მონაწილეობა მიიღეთ დარბაზის დალაგებაში, შეკეთებასა და მსგავს საქმეებში.

შეიძინეთ ახალი მეგობრები.

4) შეიძინეთ ახალი მეგობრები (2 კორ. 6:11–13). მეგობრები რომ შეიძინოთ, გულწრფელად უნდა დაინტერესდეთ და-ძმებით. ამიტომ შეეცადეთ, კრებაზე ადრე მიხვიდეთ და დამთავრების შემდეგაც დარჩეთ, რომ მოიკითხოთ და უკეთ გაიცნოთ ისინი. არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელების დამახსოვრებაც. თანაც თუ უბრალოები და მეგობრულები იქნებით, მათ თქვენკენ მეტად გამოუწევთ გული და მეგობრების შეძენა გაგიადვილდებათ.

ზედმეტად ნუ იფიქრებთ იმაზე, როგორ შთაბეჭდილებას დატოვებთ სხვებზე. პირიქით, ისეთები იყავით, როგორებიც სინამდვილეში ხართ. ეს გაგიადვილდებათ, თუ და-ძმები შინაურულ გარემოში გაგიცნობენ. სწორედ ასე მოიქცა ლუსინდაც. ის ამბობს: „ახლა ბევრი კარგი მეგობარი გვყავს და ეს იმის დამსახურებაა, რომ თანაქრისტიანებს სახლში ვეპატიჟებოდით“.

„ᲒᲣᲚᲗᲑᲘᲚᲐᲓ ᲛᲘᲘᲦᲔᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ“

კრებაში ახალგადასულისთვის დარბაზში შესვლაც კი შეიძლება სტრესული იყოს, მით უმეტეს, თუ არავის იცნობს. როგორ ვაგრძნობინოთ მათ თავი კომფორტულად? აი რას გვირჩევს პავლე: „გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად ღვთის განსადიდებლად“ (რომ. 15:7). უხუცესებო, თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევას და ქრისტეს მიჰბაძავთ, ახალგადმოსულებს თავს შინაურულად აგრძნობინებთ (იხილეთ ჩარჩო  „კრების შეცვლის დროს გასათვალისწინებელი ფაქტორები“). თუმცა ამაში წვლილის შეტანა ყველას შეუძლია, მათ შორის ბავშვებს.

პავლეს რჩევა რომ გავითვალისწინოთ, პრაქტიკულადაც უნდა დავეხმაროთ ახლებს. ერთი და ძალიან მადლიერი დარჩა, როცა ახალ კრებაში თანაქრისტიანმა არ დაინანა დრო, მას ქალაქი მოატარა და ისიც აუხსნა, როგორ ესარგებლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამის წყალობით და მალევე მოერგო ახალ გარემოს.

ᲜᲣ ᲨᲔᲬᲧᲕᲔᲢᲗ ᲡᲣᲚᲘᲔᲠ ᲖᲠᲓᲐᲡ

თავიდან ბარტყს შეიძლება ბუდის დატოვების ეშინოდეს, თუმცა ცაში რომ აიჭრას, უნდა გაბედოს და გაშალოს ფრთები. ჩვენც მსგავსად ვართ. ახალ კრებასთან შეიძლება თავიდან გაგვიჭირდეს გაშინაურება, თუმცა თუ დავძლევთ შიშს, ჩვენც „გავშლით ფრთებს“ იეჰოვას მსახურებაში. ნიკოლა და სელინი ამბობენ: „ჩვენთვის ახალი კრება კარგი „სკოლა“ აღმოჩნდა. მივხვდით, რომ თუ გვინდოდა, ახალ გარემოს მოვრგებოდით და თანაქრისტიანებთან საერთო ენა გამოგვენახა, სხვადასხვა თვისებაზე უნდა გვემუშავა“. დასაწყისში მოხსენიებული ჟან-შარლი კი თავისი ოჯახის მაგალითზე ასეთ რამეს აღნიშნავს: „ახალ კრებაში გადასვლამ საოცრად შეუწყო ხელი ჩვენი შვილების სულიერ ზრდას. რამდენიმე თვეში ჩვენმა გოგონამ შუა კვირის შეხვედრაზე დავალებებით გამოსვლა დაიწყო, ჩვენი ბიჭი კი მოუნათლავი მაუწყებელი გახდა“.

ამ სტატიაში განხილული რჩევები მხოლოდ მათთვის არაა განკუთვნილი, ვინც კრება შეიცვალა, მათი გათვალისწინება ყველას შეგვიძლია. მოდი თითოეულმა განვიმტკიცოთ იეჰოვასადმი ნდობა, მიზნად დავისახოთ ყველასთან მსახურება, შევიძინოთ ახალი მეგობრები და ძველებსაც უფრო დავუახლოვდეთ. შეგვიძლია იმაზეც დავფიქრდეთ, როგორ დავეხმაროთ კრებაში ახლებსა თუ გაჭირვებულ და-ძმებს. ეს ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენის კარგ შესაძლებლობას გვაძლევს და იეჰოვასთანაც უფრო გვაახლოებს (იოან. 13:35). გჯეროდეთ, „ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრ. 13:16).

როგორც დავინახეთ, ბევრმა ქრისტიანმა სირთულეების მიუხედავად შეძლო ახალ კრებასთან შეგუება. ამას თქვენც შეძლებთ! აი რას ამბობს ანა-ლიზე: „კრების შეცვლა დამეხმარა, უფრო მეტი და-ძმისთვის გამეხსნა ფართოდ გულის კარი“. კაზუმი კი აღნიშნავს: „ახალ კრებაში გადასვლის შემდეგ სულ სხვანაირად დავინახე იეჰოვას ხელი“. ხოლო ჟუელი ამბობს: „მას შემდეგ, რაც მეგობრები შევიძინე, უცხოდ აღარ მიგრძნია თავი. ისე შევეჩვიე ამ კრებას, რომ სხვაგან გადასვლა ალბათ ძალიან გამიჭირდება“.