არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ვინ არის ესაიას 60:1-ში მოხსენიებული „ქალი“ და რატომ არის მისი მისამართით ნათქვამი: „ადექი და გამოანათე“?

ესაიას 60:1-ში ვკითხულობთ: „ადექი და გამოანათე, ქალო, გამოგიბრწყინდა ნათელი! ანათებს შენზე იეჰოვას დიდება!“. კონტექსტიდან ჩანს, რომ „ქალში“ იგულისხმება სიონი ანუ იერუსალიმი, რომელიც იმ დროს იუდას დედაქალაქი იყო (ეს. 60:14; 62:1, 2). რაც შეეხება თავად იერუსალიმს, ის მთელ ერს განასახიერებდა. თუმცა წამოიჭრება კითხვები: რატომ არის მისი მისამართით ნათქვამი, „ადექი და გამოანათე“, და როდის შესრულდა ეს სიტყვები? ჩვენს დროსაც ეხება ეს წინასწარმეტყველება?

რატომ არის იერუსალიმის მისამართით ნათქვამი: „ადექი და გამოანათე“, და როდის შესრულდა ეს სიტყვები? 70 წლის განმავლობაში იუდეველები ბაბილონში იყვნენ გადასახლებული. ამ დროს ღვთის ტაძარიც და მთლიანად იერუსალიმიც ნანგრევებად იყო ქცეული. თუმცა ბაბილონის დაცემის შემდეგ სპარსეთის მეფემ ებრაელებს სამშობლოში დაბრუნების და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის უფლება მისცა (ეზრ. 1:1–4). ეს ასეც მოხდა. ძვ. წ. 537 წელს ისრაელის 12 ტომიდან პირველი ნაკადი შეიკრიბა და სამშობლოში დაბრუნდა. მათ განაახლეს მსხვერპლშეწირვა, დღესასწაულებსაც აღნიშნავდნენ და ტაძრის აღდგენასაც შეუდგნენ (ეზრ. 3:1–4, 7–11; 6:16–22). ამ დროს იეჰოვას დიდებამ, ასე ვთქვათ, გამოანათა იერუსალიმზე ანუ სამშობლოში დაბრუნებულ ღვთის ხალხზე. თავის მხრივ, მათ სულიერ წყვდიადში მყოფი ერებისთვის „გამოანათეს“.

თუმცა წინასწარმეტყველებები, რომლებიც ესაიამ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენასთან დაკავშირებით წარმოთქვა, იმ დროს მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. ებრაელთა უმეტესობამ დაივიწყა ღვთის კანონი და მათ მოგვიანებით მესიაც კი უარყვეს (ნეემ. 13:27; მალ. 1:6–8; 2:13, 14; მათ. 15:7–9; 27:1, 2). საბოლოოდ, ახ. წ. 70 წელს ტაძარიც და მთლიანად იერუსალიმიც მეორეჯერ გაასწორეს მიწასთან.

მოვლენების ასეთი განვითარება იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რაც იმაზე მოწმობს, რომ ესაიას მე-60 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდებოდა ძველ იერუსალიმზე (დან. 9:24–27).

ჩვენს დროსაც ეხება ესაიას წინასწარმეტყველება? დიახ, თუმცა ამ შემთხვევაში „ქალში“ იგულისხმება „ზედა იერუსალიმი“ ანუ ღვთის ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი, რომელიც მისი ერთგული ანგელოზებისგან შედგება. პავლე მოციქულმა დაწერა: „ის დედაჩვენია“ (გალ. 4:26). მისი „შვილები“ იესო და 144 000 ცხებული ქრისტიანები არიან. პავლეს მსგავსად სხვა ცხებულებსაც ზეციური ცხოვრების იმედი აქვთ და მათ „წმინდა ერი“ და „ღვთის ისრაელიც“ ეწოდებათ (1 პეტ. 2:9; გალ. 6:16).

სწორედ მათი მეშვეობით შესრულდა „ზედა იერუსალიმზე“ ნათქვამი სიტყვები: „ადექი და გამოანათე“. ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები.

მეორე საუკუნისთვის ფეხი მოიკიდა ნაწინასწარმეტყველებმა განდგომილებამ და ცხებული ქრისტიანები სულიერ სიბნელეში ანუ „დიდი ბაბილონის“, ცრუ რელიგიური სამყაროს, ტყვეობაში აღმოჩნდნენ (მათ. 13:37–43). ტყვეობაში ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე დარჩნენ. 1914 წელს დაიწყო იმ დროის ათვლა, რომელსაც ბიბლია „ქვეყნიერების ბოლოს“ უწოდებს (მათ. 13:39, 40). მალევე, 1919 წელს, ცხებული ქრისტიანები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ და სამქადაგებლო საქმეს შეუდგნენ. a ამ დროს მათ, ასე ვთქვათ, გამოანათეს. იმ დროიდან მოყოლებული ხალხი ყველა ერიდან სულიერ სინათლეში გამოდის. მათ შორის არიან ესაიას 60:3-ში მოხსენიებული „მეფეებიც“ ანუ დარჩენილი ცხებული ქრისტიანები (გამოცხ. 5:9, 10).

მომავალში ცხებული ქრისტიანები კიდევ უფრო მეტად აირეკლავენ ღვთის სინათლეს. რა მოვლენები მოხდება ამის წინ? ყველა ცხებული ქრისტიანი ზეცაში შეიკრიბება და ისინი ქრისტეს „პატარძალი“ და მისი თანამეფეები და მღვდლები გახდებიან. ამ ჯგუფს ბიბლია „ახალ იერუსალიმსაც“ უწოდებს (გამოცხ. 14:1; 21:1, 2, 24; 22:3–5).

„ახალი იერუსალიმი“ უდიდეს როლს ითამაშებს ესაიას 60:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებაში (შეადარეთ ერთმანეთს ესაიას 60:1, 3, 5, 11, 19, 20 და გამოცხადების 21:2, 9–11, 22–26). ძველად იერუსალიმი სატახტო ქალაქი იყო, „ახალი იერუსალიმით“ კი ახალი ქვეყნიერების ხელისუფლებაა წარმოდგენილი, რომელიც ქრისტესთან ერთად იმმართველებს. „ახალ იერუსალიმზე“ ისიც არის ნათქვამი, რომ ის „ზეციდან, ღვთისგან [არის] ჩამომავალი“, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის მკვიდრებზე იზრუნებს. იმ დროს „ხალხები მისი სინათლით ივლიან“, ათასწლიანი მმართველობის ბოლოს კი ცოდვისა და სიკვდილისგანაც გათავისუფლდებიან (გამოცხ. 21:3, 4, 24). ამგვარად, საბოლოოდ დასრულდება ის, რაც ქრისტეს გამეფებით დაიწყო და როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, „აღდგება ყველაფერი“ (საქ. 3:21).

a ცხებული ქრისტიანების სულიერ აღდგენაზე, რომელიც 1919 წელს მოხდა, აგრეთვე საუბარია ეზეკიელის 37:1–14-სა და გამოცხადების 11:7–12-ში. ეზეკიელის წინასწარმეტყველების თანახმად, ეს მოხდებოდა ყველა ცხებული ქრისტიანის საუკუნოვანი ტყვეობის შემდეგ. წიგნი „გამოცხადება“ კი ცხებულების პატარა ჯგუფზე საუბრობს, კერძოდ ხელმძღვანელ ძმებზე. ისინი უსამართლოდ დააპატიმრეს, რის გამოც მოკლე პერიოდი სულიერად უმოქმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა 1919 წელს ისინიც გამოცოცხლდნენ და „ერთგულ და გონიერ მონად“ დაინიშნენ (მათ. 24:45; იხილეთ „წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!“, გვ. 118).