არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

3. მიზანსწრაფულობა

3. მიზანსწრაფულობა

რა არის მიზანსწრაფულობა?

მიზანსწრაფული ადამიანი არ უშინდება წინააღმდეგობებს და ადვილად არ ნებდება, როცა იმედგაცრუებას ხვდება ცხოვრებაში. ამ უნარს ადამიანს გამოცდილება სძენს. როგორც სიარულს ვერ ისწავლის ბავშვი, თუ ზოგჯერ არ დაეცა, ისე ვერ ისწავლის, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს, თუ დროდადრო არ ექნება ჩავარდნები.

რატომ არის კარგი, იყო მიზანსწრაფული?

ზოგ ბავშვს გული უტყდება, როდესაც რაღაც არ გამოსდის, სირთულეებს ხვდება ან შენიშვნას აძლევენ. ზოგი კი ასეთ დროს ყველაფრის ხალისს კარგავს. ბავშვებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ . . .

თუ ბავშვი მიზანსწრაფული იქნება, სირთულეებს უფრო ადვილად გაართმევს თავს.

როგორ ვასწავლოთ შვილს, იყოს მიზანსწრაფული?

როცა რაღაც არ გამოსდის.

ბიბლიური პრინციპი: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“ (იგავები 24:16).

დაეხმარეთ შვილს, სწორად შეაფასოს სიტუაცია. დავუშვათ, სკოლაში რომელიმე საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა. მან შეიძლება ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს და თქვას: „არაფერი არ გამომდის!“.

თუ გინდათ, თქვენი შვილი მიზანსწრაფული გახდეს, დაეხმარეთ, გარკვეული სტრატეგია შეიმუშაოს, რომ მომდევნო ჯერზე უკეთ გაართვას თავი ამ სიტუაციას. შედეგად ხელებს კი არ ჩამოყრის, არამედ იმოქმედებს პრობლემის მოსაგვარებლად.

თქვენ ნუ გადაუჭრით შვილს პრობლემას; დაეხმარეთ, თავად იპოვოს გამოსავალი. შეგიძლიათ ჰკითხოთ: „რის გაკეთება გმართებს, ეს საგანი უკეთ რომ აითვისო?“.

როცა სირთულეებს ხვდება.

ბიბლიური პრინციპი: „არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე“ (იაკობი 4:14).

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ერთ დღესაც მდიდარი შეიძლება გაღარიბდეს, ჯანმრთელი კი — დაავადდეს. ბიბლიაში მართებულადაა ნათქვამი: „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში . . . რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

ბუნებრივია, გსურთ, თქვენი შვილი საფრთხისგან დაიცვათ, თუმცა შეუძლებელია, თავიდან აარიდოთ მას ყველა საფრთხე თუ სირთულე.

შესაძლოა თქვენი შვილი ჯერ პატარაა და ნაკლებად ემუქრება იმის საფრთხე, რომ სამსახური დაკარგოს ან ფინანსური პრობლემები შეექმნას. მაგრამ პატარებიც ხვდებიან სირთულეებს და ამ დროს დახმარებას საჭიროებენ; მაგალითად, მათ შეიძლება მეგობართან ურთიერთობა გაუფუჭდეთ ან ოჯახის წევრი დაკარგონ. *

როცა შენიშვნას აძლევენ.

ბიბლიური პრინციპი: „მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“ (იგავები 19:20).

როცა თქვენს შვილს შენიშვნას აძლევენ, ნუ ჩათვლით, რომ მას ჩაგრავენ ან ამცირებენ. სინამდვილეში ეს ეხმარება ბავშვს, უკეთესი გახდეს.

თუ შვილს ასწავლით, რომ შენიშვნა გაითვალისწინოს, ეს მასაც წაადგება სასიკეთოდ და თქვენც. ერთი მშობელი, სახელად ჯონი, ამბობს: „თუ ბავშვს ყოველთვის თავზე ხელს გადაუსვამ და არასდროს მოსთხოვ პასუხს, ვერაფერს ისწავლის. ასე მას პრობლემები არ დაელევა და ყოველთვის თქვენ მოგიწევთ მათი გადაჭრა, რაც ორივეს გაგიმწარებთ სიცოცხლეს“.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილს, გაითვალისწინოს შენიშვნა? თუ ბავშვს შენიშვნას სკოლაში ან სადმე სხვაგან მისცემენ, ნუ შეეცდებით მის დაცვას და ნუ იტყვით, რომ ამ შენიშვნას არ იმსახურებდა. ნაცვლად ამისა, ჰკითხეთ შვილს:

  • „როგორ ფიქრობ, რატომ მოგცეს შენიშვნა?“

  • „როგორ შეგიძლია გამოსწორდე?“

  • „სხვა დროს როგორ მოიქცევი მსგავს სიტუაციაში?“

გახსოვდეთ, თუ შვილს ასწავლით, მიიღოს შენიშვნა, ეს დღესაც წაადგება და მომავალშიც.

^ აბზ. 20 იხილეთ 2008 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „როგორ შეგიძლიათ გადაატანინოთ ბავშვს მწუხარება?“.