არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1. თავშეკავება

1. თავშეკავება

რა არის თავშეკავება?

თავშეკავება ნიშნავს . . .

  • გამოავლინო საკმარისი ნებისყოფა.

  • დაიოკო სურვილები.

  • საქმე ბოლომდე მიიყვანო.

  • სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დააყენო.

რატომ არის კარგი თავშეკავების გამომუშავება?

ბავშვები, რომლებიც თავშეკავებას ავლენენ, ადვილად არ ჰყვებიან ცდუნებას მაშინაც კი, თუ ეს მათთვის მიმზიდველია. ამის საპირისპიროდ, ის ბავშვები, რომლებსაც უჭირთ თავშეკავების გამოვლენა, დიდი ალბათობაა, რომ . . .

  • აგრესიულები გახდნენ.

  • დეპრესიაში ჩავარდნენ.

  • სიგარეტს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალონ.

  • არასწორად იკვებონ.

ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მათი უმეტესობა, ვინც პატარაობიდანვე ავლენდა თავშეკავებას, კანონმორჩილი მოქალაქეა, ნაკლებად აქვს ფინანსური პრობლემები და ჯანმრთელობასაც ნაკლებად უჩივის. ამ გამოკვლევაზე დაყრდნობით პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ენჯელა დაკვორთმა ასეთი დასკვნა გააკეთა: „თავშეკავების გამოვლენა არასდროსაა ზედმეტი“.

როგორ ვასწავლოთ შვილს თავშეკავება?

თქვენი არა იყოს არა.

ბიბლიური პრინციპი: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37).

ზოგჯერ ბავშვს იმდენად უნდა, თავისი გაიტანოს, რომ ისტერიკაში ვარდება და სახალხოდაც კი არ ერიდება ამას. ეს შეიძლება ერთგვარი გამოცდა იყოს მშობლებისთვის. თუ მშობლები მის ჭკუაზე გაივლიან, იფიქრებს, რომ მისი ყველა კაპრიზი შესრულდება, თუ ისტერიკას მოაწყობს.

მეორე მხრივ, თუ მშობლის არა იქნება არა, ბავშვი ისწავლის, რომ ცხოვრებაში ყოველთვის ვერ მიიღებს იმას, რასაც მოისურვებს. ფსიქოლოგი დეივიდ უოლში თავის წიგნში წერს: „პარადოქსია, მაგრამ ის უფრო ბედნიერია, ვინც თავშეკავებას ავლენს, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავს არაფერზე ეუბნება უარს. როცა ბავშვს ყველა სურვილს არ ვუსრულებთ, ვასწავლით, რომ ცხოვრება ყოველთვის ყველაფერს ლანგრით არ მიართმევს“. *

თუ ბავშვს ყველა სურვილს არ შეუსრულებთ, დიდობაში უფრო გაუადვილდება თავშეკავების გამოვლენა, მაგალითად მაშინ, როცა ნარკოტიკებს ან სექსს შესთავაზებენ, ან სხვა ცუდი რამისკენ უბიძგებენ.

დააფიქრეთ შედეგებზე.

ბიბლიური პრინციპი: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

ბავშვმა უნდა შეიგნოს, რომ ყოველ ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს. შესაბამისად, თავშეუკავებლობას არასასურველი შედეგები მოჰყვება. მაგალითად, თუ თქვენი ვაჟი ადვილად გამოდის მდგომარეობიდან, მასთან ურთიერთობას ყველა მოერიდება. მაგრამ, თუ ისწავლის, დაძაბულ სიტუაციებში თავი ხელში აიყვანოს და მოთმინება არ დაკარგოს, მაშინ მასთან ურთიერთობა ყველასთვის სასიამოვნო იქნება. დაანახვე შვილს, რომ, თუ თავშეკავებას გამოიმუშავებს, ნაკლებ პრობლემებს შეხვდება ცხოვრებაში.

ასწავლეთ პრიორიტეტების დადგენა.

ბიბლიური პრინციპი: დარწმუნდით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

თავშეკავება მხოლოდ ცუდის გაკეთებისგან თავის შეკავებას არ ნიშნავს. ის აგრეთვე გულისხმობს აუცილებელი საქმის ბოლომდე მიყვანას მაშინაც კი, თუ ეს საქმე დიდად არ მოგვწონს ან არ გვეხალისება მისი კეთება. ამიტომ ბავშვს უნდა ვასწავლოთ, განსაზღვროს, რა უფრო მნიშვნელოვანია და პირველ რიგში ამით დაკავდეს. მაგალითად, ჯერ საშინაო დავალებები მოამზადოს და მერე გაერთოს.

მაგალითი მიეცით.

ბიბლიური პრინციპი: „მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოანე 13:15).

ბავშვები ხედავენ, როგორ იქცევით ისეთ სიტუაციებში, როცა რაღაცაზე შეიძლება გული აგიცრუვდეთ. თქვენი მაგალითით აჩვენეთ, რომ ასეთ სიტუაციებში თავშეკავების გამოვლენას კარგი შედეგები მოაქვს. მაგალითად, როცა შვილი თქვენს მოთმინებას სცდის, მაშინვე გამოდიხართ წყობილებიდან თუ სიმშვიდეს ინარჩუნებთ?

^ აბზ. 19 ამონარიდი წიგნიდან No: Why Kids—of All Ages—Need to Hear It and Ways Parents Can Say It.