არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ არ ისხამენ სისხლს იეჰოვას მოწმეები?

რატომ არ ისხამენ სისხლს იეჰოვას მოწმეები?

გავრცელებული მცდარი აზრები

 სიცრუე: იეჰოვას მოწმეები ფიქრობენ, რომ ვერც მედიკამენტები და ვერც ექიმები ვერ დაეხმარებიან. ამიტომ, სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობენ.

 სინამდვილე: ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს გვსურს, რომ მკურნალობის რაც შეიძლება საუკეთესო მეთოდებით ვისარგებლოთ. როდესაც რაიმე გვაწუხებს, გამოცდილ ექიმებს მივმართავთ დახმარებისთვის. ისინი ისეთ პრეპარატებს გვინიშნავენ, რომლებიც არ შეიცავს მთლიან სისხლს და ოპერაციებსაც სისხლის გადასხმის გარეშე გვიკეთებენ. ჩვენ ვაფასებთ სამედიცინო მიღწევებს. უსისხლო მკურნალობის მეთოდებით, რომელიც იეჰოვას მოწმე პაციენტებისთვის შეიმუშავეს, დღეს უკვე სხვებიც სარგებლობენ. ბევრ ქვეყანაში პაციენტები არჩევენ, არ გადაისხან სისხლი, რათა თავიდან აიცილონ ამა თუ იმ დაავადებით დაინფიცირება, იმუნური სისტემის მოშლა და ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგები.

 სიცრუე: იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ადამიანს რწმენა განკურნავს.

 სინამდვილე: ჩვენ არ ვკურნავთ ხალხს რწმენით.

 სიცრუე: უსისხლო მკურნალობა ძალიან ძვირია.

 სინამდვილე: ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობა გაცილებით იაფია. a

 სიცრუე: ყოველწლიურად მრავალი მოწმე, მათ შორის ბავშვებიც, კვდებიან იმის გამო, რომ უარს აცხადებენ სისხლის გადასხმაზე.

 სინამდვილე: ასეთი დასკვნა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ქირურგები რეგულარულად ატარებენ სისხლის გამოყენების გარეშე ისეთ რთულ ოპერაციებს, როგორიცაა გულის ოპერაცია, ორთოპედიული ოპერაციები და ორგანოების გადანერგვა. b იმ პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც ოპერაციის დროს უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, რეაბილიტაციისთვის იგივე დრო სჭირდებათ,რაც სხვა პაციენტებს ან რეაბილიტაციის პერიოდს უფრო სწრაფად გადიან, ვიდრე ისინი, ვინც სისხლს ისხამენ. c დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რომ პაციენტი სისხლის გადასხმაზე უარის თქმის შემთხვევაში მოკვდება, გადასხმის შემთხვევაში კი იცოცხლებს.

რატომ ამბობენ უარს იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმაზე?

 ამის მიზეზი მათი რელიგიური შეხედულებაა. როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა მოგვიწოდებს, რომ მოვერიდოთ სისხლს (დაბადება 9:4; ლევიანები 17:10; კანონი 12:23; საქმეები 15:28, 29). გარდა ამისა, ღვთის თვალში სისხლი იგივე სიცოცხლეა (ლევიანები 17:14). ასე რომ, სისხლის მიღებაზე უარს მხოლოდ იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ღმერთი გვიკრძალავს ამას, არამედ იმიტომ, რომ პატივს მივაგებთ სიცოცხლის მბოძებელს, ღმერთს.

თვალსაზრისის შეცვლა

რთული ოპერაციების წარმატებით ჩატარება სისხლის გადასხმის გარეშე სავსებით შესაძლებელია.

 ერთ დროს მედიცინის მუშაკებისთვის სისხლის გადასხმაზე უარის თქმა თვითმკლელობის ტოლფასიც კი იყო, მაგრამ ბოლო წლებში მათ თვალსაზრისი შეიცვალეს. მაგალითად, 2004 წელს ერთ სამედიცინო ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ „მკურნალობის ბევრი ის მეთოდი, რომლებიც იეჰოვას მოწმე პაციენტებისთვის შემუშავდა, ამ ბოლო დროს მედიცინაში დამკვიდრდა“. d 2010 წელს გამოცემულ ერთ ჟურნალში ნათქვამია: „სისხლის გადასხმის გარეშე ოპერაციები მხოლოდ იეჰოვას მოწმე პაციენტებს კი არ უნდა ჩაუტარდეთ, არამედ ყველა პაციენტს“ (Heart, Lung and Circulation).

 დღეს მსოფლიოში ათასობით ექიმი რთული ოპერაციების დროს სისხლის დაზოგვის მეთოდებს იყენებს. სისხლის გადასხმის მსგავს ალტერნატიულ მეთოდებს განვითარებად ქვეყნებშიც მიმართავენ და ბევრი ისეთი პაციენტიც ითხოვს ოპერაციის უსისხლოდ გაკეთებას, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის.

a იხილეთ ნაშრომი Transfusion and Apheresis Science, ტ. 33, № 3, გვ. 349.

b იხილეთ ნაშრომები: The Journal of Thoracic and Cardiovascular Surgery, ტ. 134, № 2, გვ. 287, 288; Texas Heart Institute Journal, ტ. 38, № 5, გვ. 563; Basics of Blood Management, № 2; Continuing Education in Anaesthesia, Critical Care & Pain, ტ. 4, № 2, გვ. 39.

c იხილეთ ნაშრომები The Journal of Thoracic and Cardiovascular Surgery, ტ. 89, № 6, გვ. 918; Heart, Lung and Circulation, ტ. 19, გვ. 658.

d Continuing Education in Anaesthesia, Critical Care & Pain, ტ. 4, № 2, გვ. 39.