არჩეულ მასალაზე გადასვლა

„სასიხარულო ცნობა“ წყალდიდობით დატბორილ ნაპირებს მიადგა

„სასიხარულო ცნობა“ წყალდიდობით დატბორილ ნაპირებს მიადგა

 2017 წელს 12 მოწმისგან შემდგარი ჯგუფი მოტორიანი ნავით ნიკარაგუის რეგიონში მდებარე მოსკიტების სანაპიროდან დაიძრა. მათ ნავს „სასიხარულო ცნობა“ (მისკიტო ენაზე „ტსური იამნი“) დაარქვეს. ეკიპაჟის ერთი წევრი, სტივენი იხსენებს: „მიზნად დავისახეთ, შორეულ მხარეში მცხოვრები მოწმეთა პატარა ჯგუფი მოგვენახულებინა და ამ უშველებელ ტერიტორიაზე სასიხარულო ცნობის გავრცელებაში დავხმარებოდით.

 ნავი ქალაქ პეარლ ლაგონიდან გავიდა და მდინარე რიო-გრანდე-დე-მატაგალპას აუყვა. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მათ 200 კილომეტრი უნდა დაეფარათ. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რამხელა სიკეთეს მოუტანდა მათი ნავი, „სასიხარულო ცნობა“, მდინარის სანაპიროს გასწვრივ მცხოვრებ ხალხს. დაახლოებით 12-საათიანი მგზავრობის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მთელი ღამე გაჩერება მოუწიათ, მოწმეებმა ქალაქ ლა-კრუს-დე-რიომდე ჩააღწიეს. ექვსი ადგილობრივი და-ძმა მათ გულთბილად დახვდა.

 იმ ღამეს რეგიონს საშინელი სტიქია დაატყდა. ძლიერი ქარიშხლის შედეგად თავსხმა წვიმა წამოვიდა რეგიონის იმ ნაწილში, სადაც მდინარე რიო-გრანდე-დე-მატაგალპა იღებს სათავეს. სულ რაღაც რამდენიმე საათში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. ორი დღის მანძილზე წყალმა იმდენად იმატა, რომ დიდი ტერიტორია დატბორა, მათ შორის ბევრი სახლი და იეჰოვას მოწმეთა დარბაზი ლა-კრუსში. ჩასული ძმები ადგილობრივებს დაეხმარნენ, უსაფრთხოდ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. უმეტესობამ ორი ღამე მოწმეების ორსართულიან სახლს შეაფარა თავი.

დატბორილი იეჰოვას მოწმეთა დარბაზი ლა-კრუსში

 მესამე ღამეს ლა-კრუსის მერმა მოწმეებს თავად მიაკითხა და დახმარება სთხოვა. „სასიხარულო ცნობა“ ერთადერთი გამართული ნავი იყო, რომელიც ადიდებულ მდინარეში შეძლებდა ცურვას. ამიტომაც სთხოვა მერმა ძმებს, სამაშველო ჯგუფი სხვა დასახლებებამდე მიეყვანათ, რაზეც სიამოვნებით დასთანხმდნენ.

 მომდევნო დილით სამი ძმა სამაშველო ჯგუფთან ერთად ნავით მდინარე რიო-გრანდე-დე-მატაგალპას ჩაუყვა. „იმ დროისთვის მდინარე ძალიან იყო ადიდებული, — იხსენებს სტივენი. — ნაკადის სიჩქარე საათში 18 კილომეტრზე მეტს აღწევდა. წყალს ფესვებიანად მოგლეჯილი ხეები მოჰქონდა და ადგილ-ადგილ დიდი მორევები იქმნებოდა“. საშინელი სტიქიის მიუხედავად, ნავმა სამ დასახლებამდე მიაღწია.

 ჩვენმა ძმებმა ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა, იქაური მაცხოვრებლები ბიბლიური ცნობით ენუგეშებინათ. მათ გაავრცელეს 2017 წლის „გამოიღვიძეთ!“-ის ერთ-ერთი ნომერი, სახელწოდებით „რა ზომები უნდა მიიღოთ საგანგებო სიტუაციების დროს?“.

 მდინარის სანაპიროს გაყოლებაზე მცხოვრებმა ხალხმა გულწრფელი მადლიერება გამოხატა მოწმეების მიერ აღმოჩენილი პრაქტიკული დახმარებისა თუ სულიერი მხარდაჭერისთვის. ზოგმა იქაურმა მაცხოვრებელმა მოწმეებზე თქვა: „ისინი მზად არიან, გასაჭირის ჟამს დახმარების ხელი გამოგიწოდონ“. სხვებმა კი აღნიშნეს: „მათ მთელი გულით უყვართ მოყვასი“. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ ეხმარებოდნენ მოწმეები როგორც თანამორწმუნეებს, ისე სხვებს, ბევრმა გამოთქვა ბიბლიური ცნობის მოსმენის სურვილი.

ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, მარკო

ერთ-ერთ დატბორილ სოფელში გაჩერებული „სასიხარულო ცნობა“