არჩეულ მასალაზე გადასვლა

გადავწყვიტეთ, ცხოვრება გაგვემარტივებინა

გადავწყვიტეთ, ცხოვრება გაგვემარტივებინა

 მადიანა და მარსელა კომფორტულად და უზრუნველად ცხოვრობდნენ მადელინში (კოლუმბია). მადიანას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა, რის წყალობითაც ისინი კეთილმოწყობილ ბინაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ერთხელაც რაღაცამ აღძრა ისინი, კარგად დაფიქრებულიყვნენ, რა იყო მათთვის, როგორც იეჰოვას მსახურებისთვის, ცხოვრებაში მთავარი. «2006 წელს დავესწარით სპეციალურ ერთდღიან კონგრესს, სახელწოდებით „სუფთად დაიცავით თვალი“, — იხსენებენ ისინი, — მოხსენებების უმეტესობაში გამომსვლელები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ცხოვრების გამარტივება, რათა ღვთისთვის სრულად გვემსახურა. მივხვდით, რომ ჩვენ სულ სხვანაირად ვცხოვრობდით. გამუდმებით საყიდლებზე დავდიოდით; როცა საკმარისი ფული არ გვქონდა, ვალს ვიღებდით და ნივთებს იმით ვყიდულობდით».

 ეს კონგრესი გარდამტეხი აღმოჩნდა მათ ცხოვრებაში. ისინი დაუყოვნებლივ შეუდგნენ ცხოვრების გამარტივებას. „დავიწყეთ ხარჯების შემცირება, გადავედით უფრო პატარა ბინაში, გავყიდეთ მანქანა და მოპედი ვიყიდეთ“, — გვიყვებიან ისინი. მათ აგრეთვე შეწყვიტეს სავაჭრო ცენტრებში ხშირი სიარული, რათა კვლავ არ დამდგარიყვნენ არასაჭირო ნივთების ყიდვის ცდუნების წინაშე. ისინი სულ უფრო მეტ დროს უთმობდნენ ქადაგებას და იმ მეგობრებთან ურთიერთობას, რომლებიც გულმოდგინედ ემსახურებოდნენ იეჰოვას სპეციალურ პიონერებად. a

 მალევე მადიანი და მარსელი მსახურების გასაფართოებლად გადავიდნენ პატარა სოფლის კრებაში. ამისთვის მადიანს სამსახურიდან წამოსვლა მოუწია. მისი უფროსი გააოცა მისმა გადაწყვეტილებამ; ვერ გაეგო, რატომ ტოვებდა ის ასეთ კარგ სამსახურს. საუბრის დროს მადიანმა უფროსს ჰკითხა: „თქვენ ძალიან მაღალი ანაზღაურება გაქვთ, მაგრამ ხართ ბედნიერი?“ უფროსმა უთხრა, რომ არ იყო ბედნიერი, რადგან უამრავი პრობლემა ჰქონდა. „ასე რომ, ბედნიერება შემოსავალზე არაა დამოკიდებული, — უთხრა მადიანმა, — მთავარია ვიცოდეთ, რა მოგვანიჭებს ნამდვილ ბედნიერებას. მე და ჩემს ცოლს ღვთის შესახებ სხვებთან საუბარი გვაბედნიერებს. ამიტომ გვინდა, უფრო მეტად შევიგრძნოთ ბედნიერება და გადავწყვიტეთ, მეტი დრო დავუთმოთ ამ საქმეს“, — დასძინა მადიანმა.

 სულიერი მიზნებისკენ სწრაფვამ მადიანსა და მარსელას ნამდვილი კმაყოფილება და ბედნიერება მიანიჭა. გასული 13 წლის განმავლობაში მათ კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ისეთ ტერიტორიებზე იმსახურეს, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ახლა კი ისინი სპეციალურ პიონერებად მსახურობენ.

a სპეციალური პიონერები იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი ფილიალების მიერ ინიშნებიან კონკრეტულ ტერიტორიებზე სასიხარულო ცნობის სრული დროით საქადაგებლად. ისინი იღებენ მცირე რაოდენობის თანხას ყოველდღიური ხარჯების დასაფარავად.