არჩეულ მასალაზე გადასვლა

მშვიდი პასუხი მღვდლების რისხვაზე

მშვიდი პასუხი მღვდლების რისხვაზე

 სომხეთში სარაიონო ზედამხედველი არტური იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთ კრებაში იყო სტუმრად. მან შენიშნა, რომ კრება ჯერ კიდევ არ ქადაგებდა საზოგადოებრივ ადგილებში ბიბლიური ლიტერატურის სტენდებით. კრების წევრები რომ ამ სახის მსახურებისკენ წაეხალისებინათ, არტურმა, მისმა მეუღლე ანამ და კიდევ ერთმა ძმამ, ჟერარმა, ლიტერატურის სტენდი დადგეს ერთ პატარა ქალაქში. მათ ისეთი ადგილი შეარჩიეს, სადაც ბევრი ადამიანი დადიოდა ფეხით.

 სტენდმა თავიდანვე მიიპყრო გამვლელთა ყურადღება; ბევრი ინტერესდებოდა ამ სიახლით და იღებდა ლიტერატურას. თუმცა მალევე ქადაგების ამ ახალმა მეთოდმა მოწინააღმდეგეების ყურადღებაც მიიპყრო. სტენდთან ორი მღვდელი მივიდა; ერთ-ერთმა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ფეხი ჰკრა სტენდს; მერე არტურს ისეთი სილა გააწნა, რომ სათვალე ძირს დაუვარდა. არტური, ანა და ჟერარი მღვდლების დამშვიდებას შეეცადნენ, მაგრამ ამაოდ. ისინი სტენდს ეცნენ, ფეხები ურტყეს და ლიტერატურა აქეთ-იქით მიმოფანტეს. ლანძღვა-გინებისა და მუქარის შემდეგ, როგორც იქნა გაეცალნენ იქაურობას.

 არტური, ანა და ჟერარი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში მივიდნენ და საჩივარი შეიტანეს; განყოფილებაში თანამშრომლებს მოუყვნენ, რაც მოხდა და მოკლედ აუხსნეს თავიანთი რელიგიური პოზიციაც. ამის შემდეგ სამივენი წაიყვანეს გამომძიებელთან, რომელმაც მათი დაკითხვა დაიწყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ არტურმა, რომელიც საკმაოდ ჩასხმული მამაკაცია, ხელი არ შეუბრუნა მღვდელს, გამომძიებელმა შეწყვიტა დეტალების გარკვევა და იეჰოვას მოწმეთა მრწამსის შესახებ დაუწყო შეკითხვების დასმა. მათი საუბარი ოთხ საათს გაგრძელდა. მოსმენილმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა გამომძიებელზე, რომ გაოცებულმა წამოიძახა: „რა მაგარი რელიგიაა! მეც სიამოვნებით შემოგიერთდებოდით!“

არტური და ანა

 მომდევნო დღეს, როდესაც არტურმა კვლავ გაიტანა სტენდი იმავე ადგილას, მასთან ერთი მამაკაცი მივიდა, რომელსაც წინა დღეს განვითარებული მოვლენები საკუთარი თვალით ენახა. მან შეაქო არტური იმისთვის, რომ სიმშვიდე შეინარჩუნა და მღვდელს სამაგიერო არ გადაუხადა. ბოლოს კი თქვა, რომ ნანახისა და მოსმენილის შემდეგ საერთოდ დაკარგა მღვდლებისადმი პატივისცემა.

 იმ საღამოს უფროსმა გამომძიებელმა არტური კვლავ დაიბარა განყოფილებაში, მაგრამ საქმის შესახებ კი არ ესაუბრა მას, არამედ კიდევ უფრო მეტი კითხვა დაუსვა ბიბლიურ თემებზე. საუბარში ორი სხვა პოლიციელიც ჩაერთო.

 მომდევნო დღეს არტური კვლავ ესტუმრა გამომძიებელს და ამჟამად მას ბიბლიაზე დაფუძნებული ვიდეოები აყურებინა. გამომძიებელმა სხვა პოლიციელებსაც დაუძახა, რომ მათაც ენახათ ვიდეოები.

 მღვდლების ცუდი საქციელის შედეგად არაერთ პოლიციელს ცხოვრებაში პირველად მიეცა ბიბლიური ცნობის მოსმენის შესაძლებლობა. მომხდარმა მათ იეჰოვას მოწმეებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება შეუქმნა.