არჩეულ მასალაზე გადასვლა

ისინი იისფერ სამკუთხედს ატარებდნენ

ისინი იისფერ სამკუთხედს ატარებდნენ

 მაუდი მუშაობს საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც უნარშეზღუდულ ბავშვებს ეხმარება გაკვეთილების პროცესში. ახლახან მასწავლებელი კლასში განიხილავდა ჰოლოკოსტისა და ნაცისტური ბანაკების ისტორიას. ბანაკის პატიმრებს ტანსაცმელზე მიკერებული ჰქონდათ სხვადასხვა ფერის ნაჭერი. ნაჭრის ფერი და ფორმა იმაზე მიანიშნებდა, თუ რის გამო იყო ადამიანი დაპატიმრებული.

 როცა მასწავლებელმა ის პატიმრები ახსენა, რომლებიც იისფერ სამკუთხედს ატარებდნენ, თქვა: „მგონი, ეს ნიშანი ჰომოსექსუალებს ეკეთათ“. გაკვეთილების შემდეგ მაუდი დაელაპარაკა მასწავლებელს და აუხსნა, რომ ნაცისტურ ბანაკებში იისფერ სამკუთხედს იეჰოვას მოწმეები ატარებდნენ. a მან შესთავაზა მასწავლებელს, რომ მიაწვდიდა დამატებით ინფორმაციას მოწმეების შესახებ; ისიც დასთანხმდა მაუდს და სთხოვა, ეს ინფორმაცია კლასისთვისაც გაეზიარებინა.

 სხვა კლასში მეორე მასწავლებელმა იმავე თემაზე საუბრისას გამოიყენა დიაგრამა, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ რა სიმბოლოებს ატარებდნენ პატიმრები. ამ დიაგრამაზე აღნიშნული იყო, რომ იისფერი სამკუთხედი იეჰოვას მოწმეებს ეკეთათ. გაკვეთილის შემდეგ მაუდმა მასწავლებელს შესთავაზა, რომ დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა ამ საკითხზე. ეს მასწავლებელიც დათანხმდა და მაუდს სთხოვა, მთელი კლასის წინაშე წარმდგარიყო და გადაეცა ეს ინფორმაცია.

მაუდს ხელში უჭირავს ის პუბლიკაციები, რომლებიც საუბრის დროს გამოიყენა

 პირველ შემთხვევაში მაუდმა 15-წუთიანი პრეზენტაცია წარუდგინა კლასს; თუმცა 15 წუთის გასვლის შემდეგ მასწავლებელმა უთხრა მას: „შეგიძლია ერთი საათი ისაუბრო“. მაუდმა ბავშვებს დოკუმენტური ფილმი აჩვენა, სადაც ასახულია, თუ როგორ იდევნებოდნენ ნაცისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეები. იმ ადგილას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნაცისტებმა 800 იეჰოვას მოწმე ბავშვი დააშორეს მშობლებს, მაუდმა გააჩერა ფილმის ჩვენება და წაიკითხა სამი ბავშვის შემთხვევა, რომლებმაც სიმტკიცე შეინარჩუნეს აღნიშნული განსაცდელის პირისპირ. ვიდეოს დასრულების შემდეგ, მაუდმა წაიკითხა 19 წლის ავსტრიელი მოწმის გერჰარდ შტაინახერის წერილი, რომელიც 1940 წელს ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს. სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანამდე რამდენიმე საათით ადრე მან გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა მშობლებს. b

 მაუდმა მეორე კლასის წინაშეც იგივე მასალა წარადგინა. მისი გაბედულების წყალობით ორივე მასწავლებელი იეჰოვას მოწმეების შესახებ აუცილებლად მოუყვება მოსწავლეებს, როცა ისინი მათთან განიხილავენ თემას ჰოლოკოსტისა და ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ.

a მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც „ბიბელფორშერების“ (ბიბლიის მკვლევრები) სახელითაც იყვნენ ცნობილები, იმის გამო აპატიმრებდნენ, რომ უარს ამბობდნენ ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერაზე.

b გერჰარდ შტაინახერი სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა გერმანიის ჯარში მსახურებაზე. გამოსამშვიდობებელ წერილში იგი წერდა: „მე ჯერ ისევ ბავშვი ვარ. ამ ყველაფერს იმ შემთხვევაში გავუძლებ, თუ უფალი ძალას მომცემს და სწორედ ამას ვთხოვ მას“. მეორე დილით გერჰარდი სიკვდილით დასაჯეს. მისი საფლავის ქვაზე წერია: „ის ღვთის განსადიდებლად მოკვდა“.