არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„ქუჩა ჩემი სახლი გახდა“

„ქუჩა ჩემი სახლი გახდა“
  • დაბადების წელი: 1955

  • ქვეყანა: ესპანეთი

  • წარსულში: ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული; მოძალადე

მოკლე ბიოგრაფია:

 ზოგს დიდი დრო სჭირდება, რომ მწარე გამოცდილებიდან ისწავლოს. მეც ასეთი ადამიანების რიცხვს მივეკუთვნებოდი. დავიბადე და გავიზარდე ბარსელონაში, რომელიც ესპანეთში სიდიდით მეორე ქალაქია. ვცხოვრობდით ქალაქის ყველაზე დიდ სანაპირო ზოლში, სომოროსტროში, რომელიც კრიმინალითა და ნარკოვაჭრობით იყო ცნობილი.

 ცხრა დედმამიშვილიდან უფროსი მე ვიყავი. ძალიან ღარიბები ვიყავით, ამიტომ მამაჩემმა ადგილობრივი ჩოგბურთის გუნდში ბურთების ამკრეფად დამაწყებინა მუშაობა. სულ რაღაც 10 წლის ვიყავი და დღეში ათ საათს ვმუშაობდი, რის გამოც სკოლაში ვერ დავდიოდი. 14 წლის ასაკში ლითონის საამქროში მექანიკოსად დავიწყე მუშაობა.

1975 წელს ჩრდილოეთ აფრიკაში ესპანეთის უცხოურ ლეგიონში ვმსახურობდი და სპეციალურ ფორმას ვატარებდი

 1975 წელს სამხედრო სამსახურში გამომიძახეს, რომელიც სავალდებულო იყო. მინდოდა ჩემი ცხოვრება თავგადასავლებით სავსე ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ მელილიაში წავსულიყავი და იქ უცხოურ ლეგიონში მოხალისედ მემსახურა. ამ დროის განმავლობაში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მორევში ვიყავი ჩაძირული.

 ლეგიონიდან წამოსვლის შემდეგ ბარსელონაში დავბრუნდი და ბანდა ჩამოვაყალიბე. ყველაფერს ვიპარავდით, რაზეც კი ხელი მიგვიწვდებოდა. შემდეგ მოპარულ ნივთებს ვყიდდით და ნარკოტიკებს ვყიდულობდით. მოგვიანებით ძლიერმოქმედი ნარკოტიკის ლსდ-სა და ამფეტამინის მიღება დავიწყე და ხელი მივყავი უზნეო ცხოვრებას, დალევასა და აზარტულ თამაშებს. ასეთმა ცხოვრებამ უფრო და უფრო მოძალადე გამხადა. ყოველთვის თან დამქონდა დანა, ნაჯახი ან მაჩეტე და მზად ვიყავი გამომეყენებინა.

 ერთხელ მე და ჩემმა ბანდამ მანქანა გავიტაცეთ, რის გამოც პოლიცია დაგვედევნა. ეს შემთხვევა ფილმის სცენარს ჰგავდა. მოპარული მანქანით დაახლოებით 30 კილომეტრი გავიარეთ, სანამ პოლიციამ სროლა არ დაგვიწყო. ბოლოს ჩვენმა მძღოლმა მანქანა დაამტვრია; ყველანი ადგილიდან მივიმალეთ. როცა მამაჩემმა მომხდარის შესახებ გაიგო, სახლიდან კინწისკვრით გამაგდო.

 მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქუჩა ჩემი სახლი გახდა. ვიძინებდი სხვადასხვა სახლის კარის ზღურბლთან, სატვირთო მანქანებში, სკამებზე პარკებში და სასაფლაოებზე. ცოტა ხნით გამოქვაბულშიც კი ვცხოვრობდი. სიცოცხლის აზრი დავკარგე და ჩემთვის სულერთი იყო, ცოცხალი ვიქნებოდი თუ მკვდარი. ერთხელ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მაჯები და ხელები დავისერე. იარები დღემდე მეტყობა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 როცა 28 წლის გავხდი, დედამ მიპოვა და მთხოვა, სახლში დავბრუნებულიყავი. მე დავთანხმდი და პირობა მივეცი, რომ ცხოვრების წესს შევიცვლიდი. თუმცა საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რომ პირობა შემესრულებინა.

 ერთ დღეს ჩვენს კარზე ორმა იეჰოვას მოწმემ დააკაკუნა. კარი გავაღე და მათი მოსმენა დავიწყე. ამ დროს მამაჩემმა შიგნიდან მიყვირა, რომ მოწმეებისთვის კარი მიმეჯახუნებინა. ბრძანებების შესრულება არასდროს მიყვარდა, ამიტომ მისი ნათქვამს წავუყრუე. მოწმეებმა სამი წიგნი შემომთავაზეს, მეც სიამოვნებით გამოვართვი. შემდეგ ვკითხე, სად ატარებდნენ შეხვედრებს. რამდენიმე დღეში სამეფო დარბაზში მივედი.

 პირველი, რაც იქ მისულს თვალში მომხვდა ის იყო, რომ ყველას სუფთად და აკურატულად ეცვა. მათგან განსხვავებით, მე გაცვეთილი სამოსი მეცვა და გრძელი თმა და მოუვლელი წვერი მქონდა. თავი უხერხულად ვიგრძენი და გადავწყვიტე, შიგნით არ შევსულიყავი. ძალიან გავოცდი, როცა მოწმეებს შორის შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ძველი ნაცნობი ხუანი შევნიშნე, რომელიც ერთ დროს ბანდის წევრი იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ ერთი წლის წინ იგი იეჰოვას მოწმე გამხდარა. მისმა დანახვამ მხნეობა შემმატა, შიგნით შევსულიყავი და პროგრამისთვის მომესმინა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები.

 ბიბლიის შესწავლა დავიწყე და მალევე მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა ჩემი აგრესიული ხასიათი და მიმეტოვებინა უზნეო ცხოვრება, რათა ღვთისთვის მესიამოვნებინა. ამის გაკეთება იოლი არ იყო. მაგრამ, თუ იეჰოვას მოსაწონად ცხოვრება მსურდა, უნდა „განმეახლებინა“ გონება და გარდავქმნილიყავი (რომაელები 12:2). ჩემი შეცდომების მიუხედავად, ვგრძნობდი, რომ იეჰოვამ შანსი მომცა, ცხოვრება ახლიდან დამეწყო. მისმა ასეთმა გულმოწყალებამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველაფერი, რასაც იეჰოვას შესახებ ვსწავლობდი, გულის სიღრმემდე აღწევდა. დავრწმუნდი, რომ არსებობდა შემოქმედი, რომელიც ზრუნავდა ჩემზე (1 პეტრე 5:6, 7).

 ამის ცოდნამ აღმძრა, ცვლილებების მოხდენა დამეწყო. მაგალითად, როცა შესწავლის დროს თამბაქოს საკითხი წამოიჭრა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ რახან იეჰოვას სურს, ყველაფერში სუფთა და წაუბილწველი ვიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ თამბაქოს მოწევას თავი უნდა დავანებო! (2 კორინთელები 7:1). ასე რომ, სიგარეტს ნაგავში გადავუძახე!

 გარდა ამისა, უნდა შემეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება და გაყიდვა. ამ მიზნის მისაღწევად საკმაო დრო და დიდი ძალისხმევა დამჭირდა. უნდა გამეწყვიტა ყოველგვარი კავშირი ძველ მეგობრებთან. მათთან ურთიერთობა ხელს მიშლიდა სულიერ ზრდაში. დროთა განმავლობაში ვისწავლე იეჰოვაზე მინდობა. ამასთანავე, კრებაში შეძენილი მეგობრებიც მხარში მედგნენ. სიყვარული და გულწრფელი ინტერესი, რომელსაც ისინი ავლენდნენ ჩემ მიმართ, მანამდე არასდროს მიგრძნია. რამდენიმე თვის შემდეგ საბოლოოდ გავთავისუფლდი ნარკოტიკებისგან და დავიწყე „ახალი პიროვნებით“ შემოსვა, რაც ღვთისმოსაწონად ცხოვრებაში მეხმარება (ეფესოელები 4:24). 1985 წლის აგვისტოში მოვინათლე და მოწმეთა რიგებს შევუერთდი.

კურთხევები

 ბიბლიამ უკეთესობისკენ შეცვალა ჩემი ცხოვრება. მისი დახმარებით გავთავისუფლდი ისეთი ცხოვრებისგან, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ ზიანს მაყენებდა, არამედ ღირსებასაც მილახავდა. 30-ზე მეტი ჩემი მეგობარი ადრეულ ასაკში დაიღუპა შიდსისა თუ ნარკოტიკებით გამოწვეული სხვა დაავადებებისგან. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ბიბლიური პრინციპების მიყოლამ სიცოცხლე შემინარჩუნა.

 ახალგაზრდობაში დანებსა და ნაჯახებს ვიყენებდი სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად, და რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც მათ ნაცვლად ხელში ბიბლიას დავიჭერდი და სხვებს დავეხმარებოდი. დღეს მე და ჩემი მეუღლე იეჰოვას სრული დროით ვემსახურებით.

 ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არ გამხდარან, მაგრამ ისინი აფასებენ იმას, რომ ბიბლიის დახმარებით ცხოვრება შევიცვალე. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა მამაჩემმა იეჰოვას მოწმეები თავისი თანამშრომლების წინაშე დაიცვა. მისთვის ცხადი იყო, რომ ახალშეძენილმა რწმენამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დედა ხშირად ამბობს, რომ ბიბლიის შესწავლა უფრო ადრე უნდა დამეწყო. მეც სრულად ვეთანხმები მას!

 საკუთარი გამოცდილებით ვისწავლე, რომ ნარკოტიკებსა და უზნეო ცხოვრებას კმაყოფილება არ მოაქვს. ნამდვილ კმაყოფილებას ახლა ვგრძნობ, როცა სხვებს ბიბლიას ვასწავლი. სწორედ ამ წიგნის დამსახურებაა, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ!