არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

აღარ ვარ სასტიკი და ულმობელი

აღარ ვარ სასტიკი და ულმობელი
  • დაბადების წელი: 1973

  • ქვეყანა: უგანდა

  • წარსულში: ეწეოდა უზნეო ცხოვრებას; იყო მოძალადე და სასმელს მიძალებული

მოკლე ბიოგრაფია

 დავიბადე უგანდაში, გომბას ოლქში, სადაც ხალხი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ჩვენს ქალაქში ელექტროენერგია არ იყო, ამიტომ ღამე ლამპებს ვიყენებდით.

 ჩემი მშობლები, რომლებიც ფერმერები იყვნენ, საცხოვრებლად რუანდიდან უგანდაში გადავიდნენ. მათ ყავა და ბანანი მოჰყავდათ. ბანანისგან საკმაოდ პოპულარულ სპირტიან სასმელს, უარაგის ამზადებდნენ. ოჯახს მოშენებული გვყავდა ქათმები, თხები, ღორები და ძროხები. კულტურისა და აღზრდის გამო ვთვლიდი, რომ ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა ქმარს და საკუთარი აზრი არასდროს გამოეხატა.

 23 წლის ასაკში რუანდაში გადავედი, სადაც თანატოლებთან ერთად დისკოთეკებზე დავდიოდი. ერთ კლუბს იმდენად ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე, რომ ადმინისტრაციამ უფასოდ შესვლის უფლება მომცა. გარდა ამისა, ვუყურებდი ძალადობისა და სისასტიკის ამსახველ ფილმებს. ცუდმა სამეგობრო წრემ და გართობამ უზნეო ცხოვრებამდე მიმიყვანა. ამას ისიც დაემატა, რომ მოძალადე და სასმელზე დამოკიდებული გავხდი.

 2000 წელს მე და ჩემმა მეგობარმა გოგონამ, სკოლასტიკ კაბაგუაირამ, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ჩვენ სამი შვილი გვეყოლა. მისგან მოვითხოვდი, რომ, სანამ მომესალმებოდა ან რამეს მთხოვდა, ჩემ წინაშე დაჩოქილიყო. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ ქალი ასე უნდა მოქცეულიყო. ყველაფერს, რაც გაგვაჩნდა, ჩემს საკუთრებად მივიჩნევდი და ვთვლიდი, რომ შემეძლო ისე მოვპყრობოდი, როგორც მომესურვებოდა. სახლიდან შუაღამისას გავდიოდი და შინ გამთენიისას, როგორც წესი, ნასვამი ვბრუნდებოდი. თუ სკოლასტიკი მალევე არ გამიღებდა კარს, ვცემდი.

 დაცვის სამსახურის უფროსი ვიყავი და საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა. სკოლასტიკს სურდა, ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში გავყოლოდი, რადგან იმედოვნებდა, რომ იქ სიარული აზროვნებას გამომისწორებდა. მათ ეკლესიაში წასვლის არანაირი სურვილი არ მქონდა. სწორედ ამ პერიოდში რომანი გავაბი სხვა ქალთან. ჩემი ულმობელი ხასიათისა და ორგულობის გამო სკოლასტიკი იძულებული გახდა, ბავშვებთან ერთად მშობლებთან გადასულიყო.

 ერთმა მეგობარმა, რომელიც ჩემზე უფროსი იყო, ცხოვრებაზე დამაფიქრა. მან მირჩია, სკოლასტიკს შევრიგებოდი, ბავშვები რომ უმამოდ არ გაზრდილიყვნენ. მეც გავითვალისწინე მისი რჩევა — სმას თავი დავანებე, საყვარელი მივატოვე და სკოლასტიკს შევურიგდი. ერთ წელიწადში, 2006 წელს, ოფიციალურად დავქორწინდით. თუმცა მეუღლეს მაინც ვამცირებდი და ულმობლად ვექცეოდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 2008 წელს ერთმა იეჰოვას მოწმემ, სახელად ჯოელმა მოგვაკითხა, რომელსაც ინტერესით მოვუსმინე. რამდენიმე თვის განმავლობაში ის და კიდევ ერთი ძმა, ბონავენტურა, რეგულარულად მოდიოდნენ ჩემთან და ბიბლიურ თემებზე მესაუბრებოდნენ. მათ ბევრ კითხვას ვუსვამდი, განსაკუთრებით წიგნ „გამოცხადებიდან“, რადგან მათი გამოჭერა მინდოდა. მაგალითად, მაინტერესებდა, რატომ ამბობდნენ, რომ გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“ დედამიწაზე იცხოვრებდა, მაშინ როცა ამავე მუხლში ნათქვამია, რომ ისინი ღვთის „ტახტისა და კრავის წინ“ იდგნენ. ჯოელი მოთმინებით პასუხობდა ჩემს კითხვებს. მან ესაიას 66:1 ამომიკითხა, სადაც ღმერთი დედამიწას თავის ფეხსადგამს უწოდებს. აქედან გამომდინარე, „უამრავი ხალხი“ ღვთის ტახტის წინ დედამიწაზე იდგებოდა. შემდეგ ფსალმუნის 37:29 წავიკითხე, სადაც ნათქვამია, რომ მართლები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე.

 რაღაც დროის შემდეგ მათ შესწავლაზე დავთანხმდი. ბონავენტურა მე და ჩემს მეუღლეს ერთად გვასწავლიდა ბიბლიას. დროთა განმავლობაში სურვილი გამიჩნდა, ცხოვრებაში ცვლილებები მომეხდინა. ვისწავლე, ცოლს პატივისცემით მოვპყრობოდი. აღარ მოვითხოვდი მისგან, რომ ჩემ წინაშე დაჩოქილიყო და აღარც იმას ვფიქრობდი, რომ ოჯახში ყველაფერი მე მეკუთვნოდა. შევწყვიტე ძალადობრივი ფილმების ყურებაც. ჩემთვის ადვილი არ იყო ასეთი ცვლილებების მოხდენა, რადგან ეს დიდ ნებისყოფასა და თავმდაბლობას მოითხოვდა.

ბიბლიის დახმარებით უკეთესი მეუღლე გავხდი

 ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩვენი უფროსი ვაჟი კრისტიანი უგანდაში, ნათესავებთან საცხოვრებლად გავგზავნეთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც კანონის 6:4—7 წავიკითხე, მივხვდი, რომ ღმერთი მშობლებს გვაკისრებდა პასუხისმგებლობას, გვეზრუნა შვილებზე და მათთვის ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება გვესწავლებინა. ამიტომ კრისტიანი სახლში დავაბრუნეთ, რამაც მთელი ოჯახი გაგვახარა.

კურთხევები

 მივხვდი, რომ იეჰოვა მწყალობელი ღმერთია. მჯერა, რომ მან მაპატია წარსულში დაშვებული შეცდომები. ბედნიერი ვიყავი, რომ სკოლასტიკიც ჩემთან ერთად სწავლობდა ბიბლიას. ჩვენ თავი მივუძღვენით იეჰოვას და 2010 წლის 4 დეკემბერს მოვინათლეთ. დღეს უკვე მე და ჩემი მეუღლე ვენდობით ერთმანეთს და ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება სიხარულს გვანიჭებს. ჩემს ცოლს უხარია, რომ სამსახურიდან პირდაპირ სახლში ვბრუნდები და პატივისცემით და ღირსეულად ვეპყრობი. მას ისიც ახარებს, რომ უზომოდ აღარ ვსვამ და აღარ ვარ სასტიკი და ულმობელი. 2015 წელს კრებაში უხუცესად დავინიშნე. ჩვენი ხუთი შვილიდან სამი იეჰოვას ემსახურება.

 როცა მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ყველაფერს ბრმად არ ვიჯერებდი. ძალიან მომწონდა, რომ ჩემს ყველა კითხვას ბიბლიიდან პასუხობდნენ. მე და სკოლასტიკი მივხვდით, რომ თუ ღვთის მსახურება გვინდოდა, მხოლოდ იმაში კი არ უნდა დავმორჩილებოდით იეჰოვას, რაც ჩვენთვის იყო მისაღები, არამედ ყველაფერში მისი ნების თანახმად უნდა მოვქცეულიყავით. მადლიერი ვარ, რომ იეჰოვამ თავისთან დაახლოების შესაძლებლობა მომცა და სულიერი ოჯახის ნაწილად მაქცია. როცა განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ იეჰოვას დახმარებით ნებისმიერ წრფელი გულის ადამიანს შეუძლია შეიცვალოს და მის მოსაწონად იცხოვროს.