არჩეულ მასალაზე გადასვლა

გერმანიაში ლიტერატურის სტენდები საკურორტო ქალაქებს „სტუმრობენ“

გერმანიაში ლიტერატურის სტენდები საკურორტო ქალაქებს „სტუმრობენ“

მსოფლიოს დიდ ქალაქებში გამვლელებს შეუმჩნეველი არ რჩებათ სტენდები, რომლებზეც განთავსებულია იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიური ლიტერატურა. ასეთ სტენდებს შეხვდებით გერმანიის ისეთ ხალხმრავალ და ხმაურიან ქალაქებშიც, როგორიცაა ბერლინი, კელნი, ჰამბურგი და მიუნხენი.

მაგრამ საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვა სტენდებით ქადაგებას პატარა ქალაქებში, მაგალითად, ჩრდილოეთ გერმანიის საკურორტო ქალაქებში, სანაპირო რაიონებსა და ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვის კუნძულებზე, სადაც გერმანელები დასასვენებლად ჩადიან. 2016 წელს იეჰოვას მოწმეების ცენტრალური ევროპის ფილიალმა ორგანიზება გაუწია სპეციალურ კამპანიას, რომელიც მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩრდილოეთ გერმანიაში დაახლოებით 60 ადგილას ჩატარდა. ამ კამპანიაში 800-მდე იეჰოვას მოწმე ჩაერთო, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში ხშირად ქადაგებენ სტენდებით. აღსანიშნავია, რომ ზოგი ვენიდანაც (ავსტრია) კი ჩამოვიდა სპეციალურ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.

„თავს შინაურებად ვგრძნობდით“

ქალაქში ყველამ, სტუმარმა თუ მასპინძელმა, იეჰოვას მოწმეები თბილად მიიღო. ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც კამპანიაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს: „ხალხი ინტერესს ავლენდა. ისინი ძალიან მეგობრულები იყვნენ და სიამოვნებით საუბრობდნენ ჩვენთან“. ჰაიდი, რომელიც ქალაქ პლიონში ქადაგებდა სტენდებით, აღნიშნავს: „რამდენიმე დღის შემდეგ თავს უკვე შინაურებად ვგრძნობდით. ზოგი მოსალმების ნიშნად შორიდან ხელს გვიქნევდა“. ერთმა ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა მოწმეებს ჟესტურ ენაზე უთხრა: „თქვენ ყველგან ხართ!“. როგორც აღმოჩნდა, ის და მისი მეგობრები იეჰოვას მოწმეებს სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაშიც შეხვდნენ, სადაც ყრუ-მუნჯთათვის გამართულ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასულები.

ზოგმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მოწმეებს დახმარებაც კი შესთავაზა. მაგალითად, ვანგეროგეს კუნძულზე ერთი პოლიციელი იეჰოვას მოწმეებს მიუახლოვდა და მეგობრულად ურჩია, რა უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს გასაუბრებოდნენ. ქალაქ ვარენში ერთმა ექსკურსიამძღოლმა, რომელიც სტუმრებს ნავით ათვალიერებინებდა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ნავსადგურზე განთავსებული იეჰოვას მოწმეების სტენდისკენ გაიშვირა ხელი და ასეთი რამ თქვა: „ამ სტენდიდან კი ბევრ რამეს გაიგებთ ღმერთის შესახებ“. ბევრი დამსვენებელი მიდიოდა სტენდთან და კითხულობდა ბანერზე მოცემულ წარწერებს.

სტუმრები და ადგილობრივები განსაკუთრებით სამი ბროშურით ინტერესდებოდნენ:

  • „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ — ერთმა სტუმარმა თქვა: „დიდი ხანია, ეს კითხვა მაწუხებს. ახლა, როცა დასასვენებლად ვარ ჩამოსული, დრო მექნება, ამ კითხვაზე პასუხი მივიღო“.

  • სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ — ერთმა ხანდაზმულმა მამაკაცმა მოწმეებს უთხრა, რომ საკუთარმა რელიგიამ იმედები გაუცრუა. მოწმეებმა მას აუხსნეს, რომ ღმერთის გარდა არავის შეუძლია ჩვენი პრობლემების მოგვარება. მან სიხარულით აიღო ბროშურა და თქვა, რომ წაიკითხავდა.

  • ჩემი ბიბლიური გაკვეთილები“ — მამამ თავის პატარა გოგონას უფლება მისცა, აეღო ბროშურა, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადდა. გარდა ამისა, მან აიღო წიგნი „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და თქვა: „ეს ჩემს ოჯახს ნამდვილად გამოადგება“.

ამ კამპანიის დროს 3 600-ზე მეტი პუბლიკაცია გავრცელდა. ზოგმა მოწმეებს სთხოვა, მათთან სახლში მისულიყვნენ და გაეგრძელებინათ ბიბლიურ თემებზე მსჯელობა.

იეჰოვას მოწმეებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ამ კამპანიამ. იერგი და მისი მეუღლე მარინა, რომლებიც ბალტიის ზღვასთან ახლოს ქადაგებდნენ სტენდებით, ასეთ რამეს ამბობენ: „ეს განსაკუთრებული საჩუქარი იყო ჩვენთვის. იეჰოვას შემოქმედებით ვტკბებოდით და, ამავე დროს, მის შესახებ ხალხს ვესაუბრებოდით“. 17 წლის ლუკასი გვიყვება: „კამპანიაში მონაწილეობა ძალიან მომეწონა. ჩემთვის იქ ყოფნა სახალისო იყო, თუმცა ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ სხვებს რაღაც ღირებულს და მნიშვნელოვანს ვუზიარებდი“.