არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

შემოქმედებითი თამაშების დადებითი გავლენა

შემოქმედებითი თამაშების დადებითი გავლენა

 „შემოქმედებით თამაშებში“ იგულისხმება გართობის ისეთი სახეობები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვის უნარისა და ცნობისმოყვარეობის განვითარებას, აგრეთვე ასწავლის მას ხელით მუშაობას.

 ესენი შეიძლება იყოს:

  •   ხატვა

  •   ცხობა

  •   „ვითომობანას“ თამაში

  •   მღერა

  •   ასაწყობი კუბიკებით თამაში

  •   მარტივი საგნებით თამაში (მუყაოს ყუთის გამოყენებითაც კი შეიძლება კარგი რამის მოფიქრება)

 ბევრ ქვეყანაში შემოქმედებითი თამაშების ნაცვლად ბავშვები კომპიუტერით ან ტელევიზორით ერთობიან ან მშობლების მიერ შერჩეულ წრეებზე დადიან.

 უნდა დაინტერესდეთ ამ საკითხით?

 რა უნდა იცოდეთ

  •   შემოქმედებითი თამაშები დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. ასეთი თამაშები დადებითად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ხელს უწყობს შემოქმედებითი და სხვებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარებას. შემოქმედებითი თამაშები აგრეთვე ეხმარება ბავშვებს მოთმინების გამომუშავებაში, გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებაში, ემოციების გაკონტროლებაში და გუნდური თამაშის დროს სხვებთან შეწყობაში. მოკლედ რომ ვთქვათ, შემოქმედებითი თამაშები ბავშვებს დიდობისთვის ამზადებს.

  •   ელექტრონული მოწყობილობების ინტენსიურად გამოყენებას ზიანი მოაქვს. ელექტრონული მოწყობილობების ხშირი გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, ჭარბწონიანობას და აგრესიული ხასიათის ჩამოყალიბებას ბავშვებში. მშობლებს, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს ძიძის როლს ანიჭებენ, დიდი სიფრთხილე მართებთ.

  •   წრეებზე სიარულის უარყოფითი მხარეები. როცა მშობლებს შვილები ბევრ წრეზე დაჰყავთ, ბავშვებს აღარ რჩებათ იმის დრო, რომ თავისუფლად გაერთონ ისეთი თამაშებით, რომლებიც დაეხმარება მათ ცნობისმოყვარეობისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

 გამოსავალი

  •   შეუქმენით შვილებს შესაძლებლობები შემოქმედებითი თამაშებისთვის. სიტუაციიდან გამომდინარე, გაუშვით ბავშვები გარეთ სათამაშოდ, რადგან ასე ბუნებასაც გაეცნობიან. დაეხმარეთ მათ, რომ გაიჩინონ რაიმე ჰობი და ითამაშონ სათამაშოებით, რაც უფრო მეტად განუვითარებს მათ შემოქმედებით უნარს. a

     დაფიქრდით: რა თვისებებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება ჩემს შვილს შემოქმედებითი თამაშები და როგორ გამოადგება ეს, როცა გაიზრდება?

     ბიბლიური პრინციპი: „ფიზიკური წვრთნა ... სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8).

  •   შეზღუდეთ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. კარგად დაფიქრდით, სანამ ტელეფონს, პლანშეტს ან ტელევიზორს ძიძის როლს მიანიჭებთ. პედიატრების რჩევით ორ წლამდე ასაკის ბავშვებს საერთოდ არ უნდა ვაჩვენოთ ეკრანი, ორიდან ხუთ წლამდე ბავშვებს კი დღეში ერთ საათზე მეტხანს არ უნდა მივცეთ ელექტრონული მოწყობილობებით გართობის საშუალება. b

     დაფიქრდით: რა შეზღუდვები შეიძლება დავუწესო ჩემს შვილს? მეც მასთან ერთად უნდა ვუყურო ტელევიზორს? რით შემიძლია ჩავანაცვლო ელექტრონული მოწყობილობები?

     ბიბლიური პრინციპი: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (ეფესოელები 5:15, 16).

  •   კარგად დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს ბავშვებზე თქვენ მიერ შერჩეულ წრეებზე სიარული. მართალია, ასეთ წრეებზე სიარულით თქვენს შვილს შეიძლება განუვითარდეს რაიმე უნარი ან დახელოვნდეს სპორტის რომელიმე სახეობაში, თუმცა ხშირად ბევრ წრეზე სიარული დამატებით სტრესს უქმნის როგორც ბავშვს, ისე მშობელს, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის წაყვანა-მოყვანაზე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ ეფესოელების 5:15, 16-ში ჩაწერილი რჩევა დროის გონივრულად გამოყენებასთან დაკავშირებით.

     დაფიქრდით: ძალიან გადატვირთულები ხომ არ არიან ჩემი შვილები წრეებზე სიარულის გამო? თუ ასეა, რა შეიძლება შევცვალოთ?

     ბიბლიური პრინციპი: დაინახეთ „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

a ბევრი სათამაშო ისეა დამზადებული, რომ ბავშვს არ აძლევს შემოქმედებითი უნარის განვითარების საშუალებას. ამის საპირისპიროდ, უბრალო სათამაშოები ან საგნები, მაგალითად, ასაწყობი კუბიკები და მუყაოს ყუთები, შესაძლებლობას აძლევს ბავშვს, გამოიყენოს წარმოსახვის უნარი.

b ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაში ვგულისხმობთ გართობის მიზნით მათ გამოყენებას და არა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ახლობლებთან საუბარს ან სულიერ ღონისძიებებში მონაწილეობას.