არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

ბავშვები და სოციალური მედია | უნდა გამოიყენოს ჩემმა შვილმა სოციალური მედია? (ნაწილი 1)

ბავშვები და სოციალური მედია | უნდა გამოიყენოს ჩემმა შვილმა სოციალური მედია? (ნაწილი 1)

 ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოზარდების 97 პროცენტი იყენებდა სოციალურ მედიას. შეიძლება თქვენს შვილსაც სურს სოციალური მედიით სარგებლობა. თუ ასეა, ღირს რამდენიმე საკითხზე დაფიქრება.

ამ სტატიაშია:

 დროის კონტროლი

 „სოციალური მედიის პლატფორმა ისეა შექმნილი, რომ თქვენი ყურადღება მიიპყროს, რათა რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ იქ და გამუდმებით ამოწმოთ სიახლეები“, — ნათქვამია ერთ-ერთ ვებგვერდზე (HelpGuide).

 „უსასრულო პოსტების თვალიერებაში საათები წუთებივით გადის. ამ დროს ძალიან რთულია, ტელეფონი გვერდზე გადადო და რაიმე უფრო სასარგებლო საქმით დაკავდე“ (ლინი, 20 წლის ).

 დაფიქრდით: შეძლებს ჩემი შვილი, გაითვალისწინოს დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელთაც მე დავუდგენ? არის ჩემი შვილი საკმარისად მოწიფული საიმისოდ, რომ თავად დაუდგინოს საკუთარ თავს საზღვრები?

 ბიბლიური პრინციპი: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (ეფესოელები 5:15, 16).

თუ შვილს სოციალური მედიის გამოყენების ნებას დართავთ ისე, რომ არანაირ მითითებას არ მისცემთ, ეს იმის მსგავსი იქნება, რომ მას, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, ცხენზე ჯირითის უფლება მისცეთ.

მეგობრობა

  სოციალური ქსელების მიზანია, ადამიანს აფიქრებინოს, რომ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. თუმცა ხშირად ასეთი ონლაინმეგობრობა მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობით შემოიფარგლება.

 „ბევრ ახალგაზრდას ჰგონია, რომ, თუ ბევრი მოწონება აქვს და ბევრი ონლაინმეგობარი ჰყავს, ესე იგი, ბევრი ადამიანია მისით დაინტერესებული. არადა შეიძლება ზოგს სულაც არ იცნობდეს“ (პატრიცია, 17 წლის).

 დაფიქრდით: არის ჩემი შვილი საკმარისად მოწიფული საიმისოდ, რომ ზედმეტი მნიშვნელობა არ მიანიჭოს მოწონებებისა და ონლაინმეგობრების რაოდენობას? რამდენად კარგად გამოსდის მას მეგობრების შეძენა რეალურ ცხოვრებაში?

 ბიბლიური პრინციპი: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

ემოციური მდგომარეობა

 მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სოციალური ქსელების გადაჭარბებული გამოყენება იწვევს მარტოობის გრძნობას, შფოთს და დეპრესიასაც კი.

  „თავს ძალიან ცუდად გრძნობ, როცა სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოებიდან ხედავ, როგორ ერთობიან შენი მეგობრები შენ გარეშე“ (სერენა, 19 წლის).

 დაფიქრდით: არის ჩემი შვილი საკმარისად მოწიფული საიმისოდ, რომ არ გახდეს საკუთარ თავზე ზედმეტად კონცენტრირებული და არ დაიწყოს სხვებთან შეჯიბრება? უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს მის ემოციურ მდგომარეობაზე, თუ სოციალური ქსელით შეიტყობს, რით არიან სხვები დაკავებული?

 ბიბლიური პრინციპი: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნურც შევეჯიბრებით ერთმანეთს და ნურც შეგვშურდება“ (გალატელები 5:26).

ზნეობრივი ფასეულობები

 სოციალური მედიის მეშვეობით ადამიანი შეიძლება ადვილად გახდეს კიბერბულინგისა თუ სექსტინგის მსხვერპლი ან გადააწყდეს პორნოგრაფიულ კადრებს. შეიძლება თქვენს შვილს განზრახული სულაც არ ჰქონდეს ცუდი რამის გაკეთება, მაგრამ სოციალური მედიის გამოყენების დროს რისკი დიდია.

 „შევნიშნე, რომ სოციალურ მედიაში განთავსებული მასალა შეიძლება უწყინარი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყოს, რადგან ხშირად იყენებენ ვულგარულ სიტყვებს და უხამს მუსიკას“ (ლინდა, 23 წლის).

  დაფიქრდით: არის ჩემი შვილი საკმარისად მოწიფული საიმისოდ, რომ გონიერება გამოიჩინოს ინტერნეტსივრცეში ყოფნისას? აქვს მტკიცე ზნეობრივი ფასეულობები, რისი წყალობითაც გაუძლებს უხამსი მასალის ნახვის ცდუნებას?

 ბიბლიური პრინციპი: „თქვენ შორის არც კი იხსენიებოდეს უზნეობა, არავითარი უწმინდურება და სიხარბე … არც სამარცხვინო საქციელი, სულელური ლაპარაკი და უხამსი ხუმრობა“ (ეფესოელები 5:3, 4).

ნამდვილად საჭიროა სოციალური მედია?

 სოციალური მედია არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის არც ბედნიერებისთვისაა აუცილებელი. ბევრ ახალგაზრდას აზრიანი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება აქვს სოციალური ქსელების გარეშეც. მათ რიცხვს ისინიც მიეკუთვნებიან, ვინც ერთ დროს სარგებლობდნენ სოციალური ქსელებით, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეს მათი გამოყენება.

 „როცა დავინახე, რამდენად უარყოფითად მოქმედებდა სოციალური მედია ჩემს დაზე, გადავწყვიტე, გამეუქმებინა ჩემი ანგარიში. ახლა თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობ და ჩემი ცხოვრებაც უფრო საინტერესო გახდა“ (ნათანი, 17 წლის).

 დასკვნა: სანამ თქვენს შვილს სოციალური ქსელებით სარგებლობის უფლებას მისცემთ, დაფიქრდით, არის თუ არა ის საკმარისად მოწიფული საიმისოდ, რომ განსაზღვრულ დროზე მეტი არ დაუთმოს სოციალურ მედიას, შეინარჩუნოს მეგობრებთან ჯანსაღი ურთიერთობები რეალურ ცხოვრებაში და არ დაინტერესდეს ინტერნეტში განთავსებული შეუფერებელი და უხამსი მასალით.

  ბიბლიური პრინციპი: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).