არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როგორ მოქმედებს განქორწინება შვილებზე?

როგორ მოქმედებს განქორწინება შვილებზე?

 ზოგჯერ დაქორწინებული წყვილები, რომლებიც ერთმანეთთან კარგ ურთიერთობას ვერ აწყობენ, ფიქრობენ, რომ შვილების საკეთილდღეოდ განქორწინება საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ რაზე მეტყველებს ფაქტები?

 რა გავლენა შეიძლება იქონიოს განქორწინებამ შვილებზე?

 კვლევებმა აჩვენა, რომ განქორწინება ბავშვებზე ძალიან ცუდ კვალს ტოვებს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა განქორწინებული მშობლების შვილები:

  •   განიცდიან სტრესს და ადვილად ღიზიანდებიან; მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ;

  •   გამოირჩევიან ცუდი ყოფა-ქცევით;

  •   ცუდად სწავლობენ ან საერთოდ არ დადიან სკოლაში;

  •   ადვილად ხდებიან ავად.

 გარდა ამისა, ზოგჯერ ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლების განქორწინების მიზეზი თავად არიან. ისინი იმასაც ფიქრობენ, რომ შეეძლოთ რაიმე ეღონათ ამ ფაქტის თავიდან ასარიდებლად.

 განქორწინებით გამოწვეულმა შედეგებმა შვილებზე შეიძლება წლების განმავლობაში მოახდინოს გავლენა. შესაძლოა მათ უღირსობის გრძნობა განუვითარდეთ და გაუჭირდეთ სხვების ნდობა. არსებობს ალბათობა, რომ ისინიც განქორწინდებიან, როცა მომავალში მეუღლესთან პრობლემები შეექმნებათ.

 დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ ზოგი განქორწინებას შვილების საკეთილდღეოდ გადადგმულ ნაბიჯად თვლის, კვლევები საპირისპიროზე მეტყველებს. „განქორწინება ბავშვებს უზომოდ თრგუნავს“, a — აღნიშნავს პენელოპე ლიჩი, ექსპერტი ბავშვთა დაცვის საკითხებში.

 ბიბლიური პრინციპი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

 იქნება ჩემი შვილი უფრო ბედნიერი, თუ მეუღლეს გავშორდები?

 ზოგმა შეიძლება ამ კითხვას დადებითად უპასუხოს. გახსოვდეთ, რომ მშობლებისა და შვილების საჭიროებები განსხვავდება ერთმანეთისგან. ადამიანი, რომელიც განქორწინებაზე ფიქრობს, ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს ცვლილებები არ სურთ; მათ უნდათ, რომ მთელმა ოჯახმა ერთად იცხოვროს.

 ათასზე მეტი განქორწინების შემთხვევის შესწავლის შემდეგ, ერთ-ერთი ნაშრომის ავტორებმა აღნიშნეს: „ერთი რამ ცხადია, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვები სულაც არ გრძნობენ თავს ბედნიერად. უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ მშობლების განქორწინებით მათი ტკბილი ბავშვობაც დასრულდა“ (The Unexpected Legacy of Divorce). ამ წიგნში აგრეთვე ნათქვამია, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც განქორწინდნენ, თავს დაუცველად გრძნობენ, რადგან მათთვის ყველაზე სანდო და მყარი ურთიერთობა ხელიდან გამოეცალათ.

 დასკვნა: მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვების უმეტესობა თავს ბედნიერად არ გრძნობს.

 ბიბლიური პრინციპი: „მწუხარე სული ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22).

 შესაძლებელია განქორწინებული მშობლების თანამშრომლობა შვილების აღზრდის საკითხში?

 ზოგჯერ განქორწინებული მშობლები ცდილობენ, შვილებს არ აგრძნობინონ რომელიმე მშობლის დანაკლისი. ისინი ფიქრობენ, რომ ორივე მშობელს შეუძლია, თანაბრად მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში, როგორც ამას განქორწინებამდე აკეთებდნენ. თუმცა განქორწინებული მშობლების თანამშრომლობა ძალიან რთულია. კვლევები აჩვენებს, რომ განქორწინებული წყვილები ხშირ შემთხვევაში:

  •   უფრო ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან;

  •   ერთმანეთისგან განსხვავებულ ნორმებსა და პრინციპებს უნერგავენ შვილებს;

  •   დანაშაულის გრძნობის ან გადაღლილობის გამო შვილებს თავიანთ ნებაზე უშვებენ.

 განქორწინებულ ოჯახში აღზრდილმა ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ არ საჭიროებს მშობლის ხელმძღვანელობას და დაასკვნას: „როგორღა უნდა დავუჯერო მშობლებს, როცა მათ ერთმანეთის ნდობა ვერ გაამართლეს და ოჯახი დაანგრიეს?“.

 დასკვნა: განქორწინებული წყვილების ერთმანეთთან თანამშრომლობა ადვილი არაა, თუმცა ასეთ დროს მშობლებთან შედარებით ბავშვების მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია.

 ბიბლიური პრინციპი: „ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21).

 არსებობს უკეთესი გზა ცოლქმრული პრობლემების მოსაგვარებლად?

 ხშირ შემთხვევაში უკეთესია, ის ძალისხმევა, რაც ახალი ცხოვრების დაწყებას სჭირდება, ცოლ-ქმარმა ქორწინების შენარჩუნებას მოახმაროს. ქორწინებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ქორწინება წარუმატებელია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა. იმ წყვილებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ყველაზე უბედურები იყვნენ, მაგრამ ოჯახი მაინც შეინარჩუნეს, დროთა განმავლობაში ოჯახური ბედნიერების გასაღები იპოვეს“ (The Case for Marriage). გარდა ამისა, როცა მშობლები ერთად, შეხმატკბილებულად ზრდიან შვილებს, ეს თავის მხრივ დადებითად მოქმედებს შვილების განვითარებაზე.

 თუმცა იმის თქმა არ გვინდა, რომ განქორწინება არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ბიბლია დაქორწინებულ წყვილს განქორწინების უფლებას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ ერთ-ერთი მათგანი სექსუალურ უზნეობას ჩაიდენს (მათე 19:9). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). თუ ცოლ-ქმარი განქორწინებაზე ფიქრობს, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ ყველა ფაქტორი, მათ შორის ისიც, თუ როგორ იმოქმედებს განქორწინება შვილებზე.

 თუ ოჯახში პრობლემები გაქვთ, გულხელდაკრეფილები არ უნდა ისხდეთ; რაღაც აუცილებლად უნდა იღონოთ! ბიბლია საუკეთესო რჩევებს სთავაზობს ქმრებსაც და ცოლებსაც იმისათვის, რომ განივითარონ ისეთი თვისებები, რომლებიც დაეხმარება მათ, ჰქონდეთ მტკიცე და ბედნიერი ოჯახი. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ ბიბლიის ავტორმა, იეჰოვამ, ჩაუყარა საძირკველი ქორწინებას (მათე 19:4—6).

 ბიბლიური პრინციპი: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“ (ესაია 48:17).

a ციტატა აღებულია წიგნიდან „Your Growing Child—From Babyhood Through Adolescence“.