არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲡ | ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ

პორნოგრაფია საფრთხეს უქმნის ქორწინებას

პორნოგრაფია საფრთხეს უქმნის ქორწინებას

 ცოლმა მას ფაქტზე შეუსწრო. ქმარმა არაერთხელ მოუბოდიშა და პირობა მისცა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. რაღაც დროის განმავლობაში ის ასრულებდა პირობას, თუმცა მალევე თავის მავნე ჩვევას დაუბრუნდა და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო.

 თქვენთვისაც ნაცნობი ხომ არაა ეს სიტუაცია? თუ პორნოგრაფიას უყურებთ, გახსოვდეთ, რომ ეს დიდ ტკივილს მიაყენებს თქვენს მეორე ნახევარს. შესაძლებელია, ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოთ ამ მავნე ჩვევას? a

ამ სტატიაშია:

 რა უნდა იცოდეთ

 პორნოგრაფია საფრთხეს უქმნის ქორწინებას. ის, ვინც პორნოგრაფიას უყურებს, ტკივილს აყენებს ცხოვრების თანამგზავრს და ოჯახში უნდობლობას იწვევს. b

 რას განიცდის ცოლი, როცა ქმარი პორნოგრაფიას უყურებს?

  •   ღალატი. სარა ამბობს: „ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩემი ქმარი გამუდმებით მღალატობდა“.

  •   არასრულფასოვნების გრძნობა. ერთი ქალი, რომლის მეუღლეც პორნოგრაფიას უყურებდა, თავს შერცხვენილად გრძნობდა და ეგონა, რომ მახინჯი იყო.

  •   უნდობლობა. „ჩემი ქმრის ყველა მოქმედებას ეჭვის თვალით ვუყურებ“, — აღნიშნავს ჰელენი.

  •   წუხილი. კატერინა ამბობს: „საკუთარი ცხოვრება აღარ მქონდა, სულ ჩემი ქმრის პრობლემაზე ვდარდობდი“.

 დაფიქრდით: ბიბლია ქმრებს მოუწოდებს, რომ უყვარდეთ ცოლები (ეფესოელები 5:25). შეიძლება ითქვას, რომ ქმარს უყვარს ცოლი, თუ მას ზემოხსენებული გრძნობები უჩნდება?

 რისი გაკეთება შეგიძლიათ

 ამ ჩვევის მოშორება საკმაოდ რთულია. „ჩემმა ქმარმა შეძლო, თავი დაენებებინა სიგარეტისთვის, მარიხუანისთვის და ალკოჰოლისთვის, მაგრამ პორნოგრაფიას დღემდე ვერაფერი მოუხერხა“, — აღნიშნავს სტეისი.

 ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, დაძლიოთ ეს მავნე ჩვევა.

  •   დაფიქრდით, რატომ არის ცუდი პორნოგრაფია. პორნოგრაფია ეგოისტს ხდის ადამიანს და ძირს უთხრის სიყვარულს, ნდობასა და ერთგულებას, რაც ოჯახის ბედნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია. ის აგრეთვე შეურაცხყოფს ქორწინების ფუძემდებელს, იეჰოვა ღმერთს.

     ბიბლიური პრინციპი: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“ (ებრაელები 13:4).

  •   საკუთარ ქმედებაზე თავად ხართ პასუხისმგებელი. ნურასდროს იტყვით: „პორნოგრაფიის ყურებას არ დავიწყებდი, ჩემი ცოლი უფრო მოსიყვარულე რომ ყოფილიყო“. თუ ასე იფიქრებთ, თქვენს ცოლს უსამართლოდ დაადანაშაულებთ და ყოველ ჯერზე, როცა მეუღლე თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს, თავის გასამართლებელი საბუთი გექნებათ პორნოგრაფიის საყურებლად.

     ბიბლიური პრინციპი: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას“ (იაკობი 1:14).

  •   გულახდილად ესაუბრეთ მეუღლეს. კევინი ამბობს: „ყოველდღე ყველაფერს ვუყვები ჩემს ცოლს. ვეუბნები, როდის შევძელი, თვალი ამერიდებინა რაიმე უხამსისთვის და როდის — ვერა. ასე ვაგრძნობინებ ჩემს ცოლს, რომ არაფერს ვუმალავ“.

     ბიბლიური პრინციპი: „გვსურს, ყოველმხრივ პატიოსნად ვიქცეოდეთ“ (ებრაელები 13:18).

  •   ნუ მოადუნებთ სიფხიზლეს! წლების გასვლის შემდეგაც კი შეიძლება დაუბრუნდეს ადამიანი ამ მავნე ჩვევას. ზემოხსენებული კევინი აღნიშნავს: „ათი წელი ვიბრძოდი ამ ჩვევისგან თავის დასაღწევად. ბოლოს ჩემი თავი იმაშიც დავარწმუნე, რომ დავამარცხე ის. თუმცა ერთხელაც, როცა შესაფერისი გარემო შეიქმნა, ამ ჩვევამ კვლავ შემახსენა თავი“.

     ბიბლიური პრინციპი: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“ (1 კორინთელები 10:12).

  •   როცა ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, ნუ იჩქარებთ! სურვილი შეიძლება გაჩნდეს, ამას თქვენ ვერ გააკონტროლებთ, თუმცა თქვენი საქციელის გაკონტროლება შეგიძლიათ. თუ ჩვევად გაიხდით, რომ იმ მომენტში სხვა რამით დაკავდეთ ან სხვა რამეზე იფიქროთ, ეს არასწორი სურვილის მოშორებაში დაგეხმარებათ.

     ბიბლიური პრინციპი: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი სხეულის ფლობა სიწმინდითა და ღირსებით, და ნუ დაემსგავსებით იმ ხალხებს, რომლებიც … დაუოკებელ, ავხორცულ ვნებებს არიან აყოლილნი“ (1 თესალონიკელები 4:4, 5).

  •   მოერიდეთ საფრთხის შემცველ გარემოს. „ცოტა საწვავიც კი საკმარისია ერთი ასანთის ღერით ცეცხლის გასაჩენად. საფრთხის შემცველ გარემოში ყოფნაც ასეთივე საშიშია“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Willpower’s Not Enough).

     ბიბლიური პრინციპი: „ნუ დამიმონებს ბოროტება“ (ფსალმუნი 119:133).

  •   ნუ დაკარგავთ იმედს! შეიძლება წლები დაგჭირდეთ, რომ თქვენი მეორე ნახევრის ნდობა დაიბრუნოთ. თუმცა ფაქტები ცხადყოფს, რომ ეს შესაძლებელია.

     ბიბლიური პრინციპი: „სიყვარული სულგრძელია“ (1 კორინთელები 13:4).

a მართალია, ეს სტატია, ძირითადად, ქმრებს ეხება, მაგრამ მასში მოცემული პრინციპები ცოლებსაც მიესადაგება, რომლებიც პორნოგრაფიას უყურებენ.

b ზოგი წყვილი მიიჩნევს, რომ, თუ ერთად უყურებენ პორნოგრაფიას, ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი საქციელი ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება (იგავები 5:15—20; 1 კორინთელები 13:4, 5; გალატელები 5:22, 23).