არჩეულ მასალაზე გადასვლა

Heather Broccard-Bell/iStock via Getty Images

ვინ შექმნა?

ხოჭოს საოცრად მტკიცე ჯავშანი

ხოჭოს საოცრად მტკიცე ჯავშანი

 ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში ბინადრობს ხოჭო (Phloeodes diabolicus), რომლის ჯავშანიც საოცარი სიმტკიცით გამოირჩევა. მეცნიერების აზრით, ამ ხოჭოს შეუძლია გაუძლოს თავის წონაზე დაახლოებით 39 000-ჯერ მეტი სიმძიმის დაწოლას, და იმ შემთხვევაშიც გადარჩეს, თუ მანქანა გადაუვლის. როგორ უძლებს ეს ხოჭო ამხელა სიმძიმეს?

 მისი ჯავშანი სამ ნაწილად იყოფა და აქვს შეერთების ადგილები. ერთ-ერთი ასეთი გადაბმის ადგილი იმით გამოირჩევა, რომ ძლიერ ზეწოლას უძლებს და იცავს ამ მწერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს. მეორე გადაბმის ადგილი უფრო დრეკადია და ადვილად იცვლის ფორმას. მესამე შეერთების ადგილი კი, რომელიც ჯავშნის ზედაპირზეა, მოძრავია. ამის წყალობით ეს მწერი იმდენად მოქნილია, რომ ადვილად ძვრება ხის ქერქში ან თუნდაც კლდის ძალიან ვიწრო ნაპრალში.

 საინტერესოა ისიც, რომ ჯავშნის ზედაპირის მთელ სიგრძეზე, გადაბმის ადგილას, ამ ხოჭოს პატარ-პატარა შვერილები აქვს, რომლებიც ერთმანეთში ისე ჯდება, როგორც „ფაზლის“ ნაწილები. ერთმანეთში ჩამჯდარი შვერილების შეწებებას ცილები უზრუნველყოფს. ზეწოლის დროს წარმოქმნილი პაწაწინა ბზარები გამოყოფს ცილებს, რომლებიც დაზიანებულ ადგილებს აღადგენს. ცილის „დამსახურებით“ ერთმანეთში ჩამჯდარი შემაკავშირებელი შვერილები ისე არ შორდება ერთმანეთს, რომ ზეწოლის დროს შუაზე გაიხლიჩოს.

ჯავშნის შვერილები ერთმანეთში „ფაზლის“ ნაწილებივით ჯდება.

წითელი ისრები ჯავშნის ზედა და ქვედა ნაწილების შეერთების ადგილზე მიუთითებს, ნაცრისფერი ისარი კი – ჯავშნის ცენტრში შვერილების „ფაზლისებურ“ შეერთების ადგილზე.

 მეცნიერების აზრით, ამ ხოჭოს ჯავშანზე დაკვირვებით შეიძლება შეიქმნას უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებები და აშენდეს ისეთი ხიდები და შენობები, რომლებიც გაუძლებს შეჯახებას ან სხვა რაიმე სახის ძლიერ ზემოქმედებას.

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ამ ხოჭოს ასეთი ჯავშანი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?