არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ზღვის კიტრის უჩვეულო კანი

ზღვის კიტრის უჩვეულო კანი

 ზღვის კიტრები (ჰოლოთურიები) ზღვის ფსკერზე და მარჯნის რიფებში ბინადრობენ. ზოგი ზღვის კიტრი კანეკლიანია, ზოგი კი — კანხორკლიანი. ისინი საოცრად ელასტიკურები არიან. რამდენიმე წუთში ან წამებშიც კი მათი კანი შეიძლება ცვილივით რბილი გახდეს ან ხესავით ხეშეში. ასეთი მოქნილობის წყალობით ამ ზღვის ბინადართ შეუძლიათ ვიწრო ხვრელში გაძვრნენ, შემდეგ კი ისე გახეშეშდნენ, რომ ზღვის მტაცებლებმა ვერაფერი დააკლონ. ზღვის კიტრის მოქნილობის საიდუმლო მისი კანის აგებულებაში იმალება.

 დაფიქრდით: ზღვის კიტრის კანი ხან ხეშეში, ხან მკვრივი, ხანაც ძალიან რბილია, რაც კანქვეშ მოქცეული ბოჭკოების შეერთებით ან განცალკევებითაა განპირობებული. ეს პროცესი დამოკიდებულია ორი ტიპის ცილაზე, რომელთაგან ერთი ბოჭკოების შეერთებაზეა პასუხისმგებელი, მეორე კი — მათ განცალკევებაზე.

 ცილები, რომლებიც კანს სიმკვრივეს სძენს, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს შორის ერთგვარ მიკროსკოპულ ჯაჭვს ქმნის, რის შედეგადაც კანი ხეშეშდება. ის ცილები კი, რომლებიც კანს სირბილეს სძენს, ამ ბოჭკოებს ერთმანეთისგან აცალკევებს, რის შედეგადაც ზღვის კიტრის კანი შეიძლება ისე დარბილდეს, რომ გეგონება, დნება.

 მეცნიერები ცდილობენ, შექმნან ზღვის კიტრის ელასტიკური კანის ანალოგები. მათი ერთ-ერთი მიზანია, შექმნან ელექტროდები, რომლებიც თავიდან მკვრივი იქნება, რათა ოპერაციის დროს მაქსიმალური სიზუსტით შეიყვანონ წინასწარ შერჩეულ ტვინის უბნებში, პროცესის დასრულების შემდეგ კი დარბილდება. თუ მეცნიერები შეძლებენ მსგავსი ელექტროდების შექმნას, საგრძნობლად შემცირდება იმის ალბათობა, რომ ორგანიზმმა არ მიიღოს ასეთი უცხო სხეული.

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია, რომ ზღვის კიტრს ასეთი უჩვეულო კანი აქვს თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?