არჩეულ მასალაზე გადასვლა

BluePlanetArchive/Whale Watch Azores

ვინ შექმნა?

დინგნისკარტა ვეშაპის ყვინთვის უნარი

დინგნისკარტა ვეშაპის ყვინთვის უნარი

 დინგნისკარტა ვეშაპს შეუძლია ჩაყვინთოს 2 992 მეტრის სიღრმეზე, სადაც წნევა დაახლოებით 30 300 კილოპასკალია. მას აქვს უნარი, ამ პირობებში საკმაოდ დიდხანს გაჩერდეს. ერთ ვეშაპზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის 3 საათი და 42 წუთი გაჩერდა წყალქვეშ. როგორ გაძლო ამ ძუძუმწოვარმა ამდენ ხანს ასეთი ძლიერი წნევის პირობებში, თანაც მინიმალური ჟანგბადით?

 ზღვის სხვა ძუძუმწოვრების მსგავსად, ნეკნების შეკუმშვისას ვეშაპის ფილტვები დროებით წყვეტს ფუნქციონირებას. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ, როცა ზღვის ძუძუმწოვრების გულისცემა მნიშვნელოვნად მცირდება და სისხლი სხვა ორგანოებიდან ტვინის, გულისა და კუნთებისკენ იწყებს დენას, ძუძუმწოვრები მცირე ოდენობის ჟანგბადს მოიხმარენ.

 გარდა ამისა, ზღვის ძუძუმწოვრები იმარაგებენ ჟანგბადს კუნთებში არსებული ცილის, მიოგლობინის, საშუალებით. წყლის სიღრმეში ჩაყვინთვის დროს მიოგლობინიდან გამოიყოფა საჭირო რაოდენობის ჟანგბადი. ამ ძუძუმწოვრების კუნთები გაცილებით მაღალი კონცენტრაციის მიოგლობინს შეიცავს, ვიდრე ადამიანის და ხმელეთის ბინადარი ცხოველების კუნთები.

 მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ერთი მკვლევარი დინგნისკარტა ვეშაპის შესახებ ამბობს: „სიღრმეში ყვინთვის მათი უნარი აბსოლუტურად ფენომენალურია. ჩვენ ჯერ კიდევ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება ამ ძუძუმწოვრების ორგანიზმების ფუნქციონირების შესახებ და ბოლომდე ვერ ვწვდებით, საიდან აქვთ მათ ყვინთვის ასეთი გასაოცარი უნარი“. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მეტს გამოიკვლევენ ამ ვეშაპებზე დაკვირვებით და შეძენილ ცოდნას მედიცინაშიც გამოიყენებენ ფილტვის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის გასაუმჯობესებლად.

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია დინგნისკარტა ვეშაპის ყვინთვის გასაოცარი უნარი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?