არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა ითვლება უპატიებელ ცოდვად?

რა ითვლება უპატიებელ ცოდვად?

ბიბლია გვპასუხობს:

 ადამიანი მაშინ სჩადის უპატიებელ ცოდვას, როდესაც არასწორ ქმედებებთან ერთად ისეთი დამოკიდებულებაც აქვს, რის გამოც ღვთისგან ვერასდროს მიიღებს პატიებას. როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი დამოკიდებულება განუვითარდეს?

 ღმერთი პატიობს მათ, ვინც ინანიებს ცოდვებს, მისი ნორმების თანახმად ცხოვრობს და რწმენას ავლენს იესო ქრისტეს მიმართ (საქმეები 3:19, 20). მიუხედავად ამისა, ვინმემ შეიძლება ჯიქურ გააგრძელოს ცოდვილი გზით სიარული, რაც იმას ნიშნავს, რომ არასდროს გამოსწორდეს ან არასდროს შეიცვალოს თავისი დამოკიდებულება. ბიბლიაში ასეთ ადამიანზე ნათქვამია, რომ „ურწმუნო გული“ აქვს, რომელიც „ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ“ გააჯიუტა (ებრაელები 3:12, 13). როგორც გამოწვის შემდეგ შეუძლებელია თიხამ მიიღოს სხვა ფორმა, ისე ასეთი ადამიანის გულიც იმდენად გაქვავებულია, რომ მუდმივად ეწინააღმდეგება ღმერთს (ესაია 45:9). ამრიგად იგი მიუტევებელ ცოდვას სჩადის და ნამდვილად არ იძლევა პატიების საფუძველს (ებრაელები 10:26, 27).

 იესოს დღეებში ზოგმა რელიგიურმა წინამძღოლმა უპატიებელი ცოდვა ჩაიდინა. მათ იცოდნენ, რომ იესო სასწაულებს ღვთის წმინდა სულით ახდენდა, მიუხედავად ამისა, მათ ბოროტი განზრახვით თქვეს, რომ მას სატანა ეშმაკისგან ჰქონდა მიცემული სასწაულების მოხდენის ძალა (მარკოზი 3:22, 28—30).

რომელი ცოდვები არ არის უპატიებელი?

  •  ღვთის გმობა უცოდინარობის გამო. ერთ დროს მოციქული პავლე უცოდინარობის გამო ღვთისმგმობელი იყო, მაგრამ მოგვიანებით მან დაწერა: „შეწყალებული ვიქენი, რადგან უცოდინარი ვიყავი და ურწმუნოებით ვიქცეოდი“ (1 ტიმოთე 1:13).

  •  მრუშობა. ბიბლია იხსენიებს მათ, რომლებიც ერთ დროს მრუშობდნენ, მაგრამ შემდეგ შეიცვალეს ცხოვრების წესი და ღვთისგან პატიება მიიღეს (1 კორინთელები 6:9—11).

„უპატიებელი ცოდვა ჩავიდინე?“

 თუ მართლა გძულთ ის საქციელი, რასაც წარსულში სჩადიოდით და მთელი გულით გინდათ შეიცვალოთ, მაშინ თქვენი ცოდვა ნამდვილად არ არის უპატიებელი. ღმერთი არაერთხელ ჩადენილ ცოდვასაც კი გაპატიებთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემთ მას პატიების საფუძველს, თუ გულს არ გაიქვავებთ (ესაია 1:18).

 ზოგი შესაძლოა თვლის, რომ მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინა, რადგან გამუდმებით ქენჯნის სინდისი. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყოველთვის არ უნდა დავეყრდნოთ საკუთარ გულს (იერემია 17:9). ღმერთი არ გვაძლევს ვინმეს, თვით საკუთარი თავის განსჯის უფლებასაც კი (რომაელები 14:4, 12). იგი მაშინაც გვპატიობს, როცა საკუთარი გული მსჯავრს გვდებს (1 იოანე 3:19, 20).

ჩაიდინა იუდა ისკარიოტელმა უპატიებელი ცოდვა?

 დიახ! იუდას სიხარბემ უბიძგა, შესაწირავიდან მიეთვისებინა თანხა, რომელიც წმინდა მსახურებისთვის იყო განკუთვნილი. მან სხვებს თავიც კი მოაჩვენა, თითქოს ღარიბების ბედი ანაღვლებდა, არადა სინამდვილეში მზაკვრული მიზანი ჰქონდა — მას სურდა, რაც შეიძლება მეტი თანხა აეღო ყულაბიდან (იოანე 12:4—8). დროთა განმავლობაში იუდას იმდენად გაუქვავდა გული, რომ 30 ვერცხლად გაყიდა თავისი მოძღვარი. იესომ იცოდა, რომ იუდა გულწრფელად აღარასდროს მოინანიებდა, ამიტომ მას „დაღუპვის ძე“ უწოდა (იოანე 17:12). ეს იმას ნიშნავდა, რომ როდესაც იუდა მოკვდებოდა, მას აღარასოდეს ექნებოდა მკვდრეთით აღდგომის იმედი (მარკოზი 14:21).

 იუდას წრფელი გულით არ მოუნანიებია ჩადენილი ცოდვა. მან თავისი დანაშაული ღვთის წინაშე კი არა, იმ რელიგიური წინამძღოლების წინაშე აღიარა, რომლებთან ერთადაც შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას (მათე 27:3—5; 2 კორინთელები 7:10)