არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ არსებობს ამდენი ქრისტიანული მიმდინარეობა?

რატომ არსებობს ამდენი ქრისტიანული მიმდინარეობა?

ბიბლია გვპასუხობს:

 ადამიანებმა იესო ქრისტეს სწავლებებზე დაყრდნობით მრავალი ქრისტიანული მიმდინარეობა ჩამოაყალიბეს. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანული რელიგია არსებობს. განვიხილოთ, სულ მცირე, სამი მიზეზი, რატომაც მივდივართ ამ დასკვნამდე:

  1.   იესომ თქვა, რომ ის ჭეშმარიტებას ასწავლიდა და პირველ საუკუნეში მცხოვრები მისი მიმდევრებიც თავიანთ რელიგიას „ჭეშმარიტს“ უწოდებდნენ (იოანე 8:32; 2 პეტრე 2:2; 2 იოანე 4; 3 იოანე 3). ზემოხსენებულიდან ჩანს, რომ ისეთ ქრისტიანულ რელიგიებს, რომელთა მოძღვრებებიც ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებებს, ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ჭეშმარიტს.

  2.   ბიბლიაში წერია, რომ ქრისტიანები „ერთსა და იმავეს“ უნდა ლაპარაკობდნენ (1 კორინთელები 1:10). მაგრამ ბევრი ქრისტიანული მიმდინარეობა იმაშიც კი ვერ თანხმდება, რას ნიშნავს, იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ყველა ეს ქრისტიანული მიმდინარეობა ჭეშმარიტი იყოს (1 პეტრე 2:21).

  3.   იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მრავალი დადებდა თავს ქრისტიანობაზე, მაგრამ სინამდვილეში არ შეასრულებდნენ მის მცნებებს, და ის უარყოფდა ასეთებს (მათე 7:21—23; ლუკა 6:46). ზოგს შეცდომაში შეიყვანდნენ რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც პირადი გამორჩენის მიზნით შებღალავდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (მათე 7:15). სხვები იმიტომ გახდებოდნენ ეგრეთ წოდებული ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები, რომ ყურის მაამებელი სიტყვები მოესმინათ და არა ჭეშმარიტება, რასაც ბიბლია ასწავლის (2 ტიმოთე 4:3, 4).

 თავის იგავში ხორბალსა და სარეველაზე იესომ განდგომილთა ანუ ურჩთა გამოჩენა იწინასწარმეტყველა, რომლებიც ჭეშმარიტი ქრისტიანობის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ, და ეს განდგომილება მასშტაბურ სახეს მიიღებდა (მათე 13:24—30, 36—43). საუკუნეების მანძილზე ჭეშმარიტი და ცრუ თაყვანისმცემლების ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელი იქნებოდა. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, განდგომილება მოციქულების სიკვდილის შემდეგ მოიკიდებდა ფეხს (საქმეები 20:29, 30). მართალია, მრავალი ეგრეთ წოდებული ქრისტიანული მიმდინარეობა არსებობს, რომელთა სწავლებებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ეს მიმდინარეობები თავიანთი დამახინჯებული სწავლებებით მთლიანობაში, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, „ჭეშმარიტებას განუდგნენ“ (2 ტიმოთე 2:18).

 იესომ აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ საბოლოოდ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ცრუ ქრისტიანობისგან გაიმიჯნებოდა. ეს ჩვენს დღეებში მოხდა, „ქვეყნიერების წყობის აღსასრულის“ დროს (მათე 13:30, 39).