არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორი გარეგნობა ჰქონდა იესოს?

როგორი გარეგნობა ჰქონდა იესოს?

ბიბლია გვპასუხობს

 ზუსტად არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა იესო, რადგან ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს მის გარეგნობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. თუმცა ბიბლიის დახმარებით შეგვიძლია ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ იესოს გარეგნობაზე.

  •   სახის ნაკვთები: ვინაიდან იესოს დედა ებრაელი იყო, დასაშვებია, რომ ის დედას ჰგავდა და სემიტური წარმოშობის ხალხისთვის დამახასიათებელი გარეგნობა ჰქონდა (ებრაელები 7:14). ნაკლებად სავარაუდოა, რომ იესოს სხვებისგან მკვეთრად განსხვავებული სახის ნაკვთები ჰქონოდა. ერთხელ მან გალილეიდან იერუსალიმამდე ისე იმგზავრა, რომ ვერავინ იცნო (იოანე 7:10, 11). იესო არც თავისი მოციქულებისგან გამოირჩეოდა გარეგნობით, რაც იქიდან ჩანს, რომ იუდა ისკარიოტელს შეიარაღებული ბრბოსთვის ნიშანი უნდა მიეცა იესოს ამოსაცნობად (მათე 26:47—49).

  •   თმის სიგრძე: საეჭვოა, იესოს გრძელი თმა ჰქონოდა, რადგან ბიბლია ამბობს: „მამაკაცისთვის გრძელთმიანობა სამარცხვინოა“ (1 კორინთელები 11:14).

  •   წვერი: იესო ატარებდა წვერს. იგი იუდეველთა კანონს იცავდა, რომელიც მამაკაცებს უკრძალავდა წვერის კიდეების დამახინჯებას (ლევიანები 19:27; გალატელები 4:4). იესოს რომ წვერი ჰქონდა, მისი ტანჯვის შესახებ წინასწარმეტყველებიდანაც ვიგებთ (ესაია 50:6).

  •   აღნაგობა: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესო ფიზიკურად ძლიერი იყო. დედამიწაზე მსახურების დროს იგი ბევრს დადიოდა (მათე 9:35). მან ორჯერ განწმინდა იუდეველთა ტაძარი — ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და შოლტით საქონელი გამორეკა (ლუკა 19:45, 46; იოანე 2:14, 15). მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „იესოს შესახებ სახარებების მონათხრობი გვიჩვენებს, რომ ის ძლიერი და ენერგიული იყო“ (ტ. IV, გვ. 884).

  •   სახის გამომეტყველება: იესო თბილი და თანამგრძნობი იყო, რაც, ეჭვგარეშეა, მისი სახის გამომეტყველებიდანაც გამოჩნდებოდა (მათე 11:28, 29). მას ყველანაირი ადამიანი მიმართავდა დახმარებისა და ნუგეშის მისაღებად (ლუკა 5:12, 13; 7:37, 38). ბავშვებიც კი თავისუფლად გრძნობდნენ მასთან თავს (მათე 19:13—15; მარკოზი 9:35—37).

მცდარი შეხედულებები იესოს გარეგნობაზე

 მცდარი შეხედულება: ზოგი თვლის, რომ იესო აფრიკული წარმოშობის იყო, რადგან წიგნ „გამოცხადებაში“ მისი თმა შედარებულია მატყლთან, ხოლო ფეხები — სუფთა სპილენძთან (გამოცხადება 1:14, 15).

 სინამდვილე: წიგნ „გამოცხადებაში“ მოვლენები ნიშნებით ანუ სიმბოლური ენით არის აღწერილი (გამოცხადება 1:1). ხილვაში მკვდრეთით აღმდგარი იესოს თმა და ფეხები სიმბოლური ენითაა აღწერილი და ხაზს უსვამს მის თვისებებს და არა გარეგნობას, რომელიც დედამიწაზე ყოფნის დროს ჰქონდა. გამოცხადების 1:14-ში ჩაწერილი სიტყვები „თავი და თმა თეთრი მატყლივით და თოვლივით თეთრი ჰქონდა“ იესოს თმის ფაქტურას არ აღწერს. ამ მუხლში მატყლი და თოვლი მაგალითად იმიტომ არის მოყვანილი, რომ ორივე თეთრი ფერისაა. თეთრი ფერის თმა კი იესოს სიბრძნეზე მიუთითებს (გამოცხადება 3:14).

 ხილვაში იესოს ფეხები აღწერილია, როგორც „ღუმელში გავარვარებული სუფთა სპილენძი“ (გამოცხადება 1:15). მის სახეზე კი ნათქვამია, რომ „მოკაშკაშე მზეს მიუგავდა“ (გამოცხადება 1:16). რადგან დედამიწაზე არც ერთი რასის ადამიანს არ აქვს მსგავსი კანის ფერი, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ეს მუხლები სიმბოლურად აღწერს მკვდრეთით აღმდგარ იესოს, რომელიც „მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში“ (1 ტიმოთე 6:16).

 მცდარი შეხედულება: იესო სუსტი და უღონო იყო.

 სინამდვილე: იესო მტკიცე და გაბედული იყო. მაგალითად, მან უშიშრად განუცხადა მის შესაპყრობად მოსულ შეიარაღებულ ბრბოს თავისი ვინაობა (იოანე 18:4—8). იესოს არც ჯანი და ღონე აკლდა, რაც იქიდან ჩანს, რომ იგი დურგლად მუშაობდა. ასეთი სამუშაოს შესრულება იმ დროს მძიმე შრომასთან იყო დაკავშირებული (მარკოზი 6:3).

 მაშ, რატომ დასჭირდა იესოს დახმარება წამების ბოძის სატარებლად და რატომ მოკვდა იგი მასთან ერთად ბოძზე გაკრულ ბოროტმოქმედებზე ადრე? (ლუკა 23:26; იოანე 19:31—33). სიკვდილის წინ იესო დაუძლურებული იყო. მას მთელი ღამე არ ეძინა, რადგან აუტანელ ემოციურ ტკივილს განიცდიდა (ლუკა 22:42—44). გარდა ამისა, იმავე ღამეს იუდეველებმა მას სცემეს, დილით კი რომაელმა ჯარისკაცებმა მხეცურად აწამეს (მათე 26:67, 68; იოანე 19:1—3). როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა დააჩქარა მისი სიკვდილი.

 მცდარი შეხედულება: იესო ყოველთვის სევდიანი და მოწყენილი იყო.

 სინამდვილე: იესო სრულყოფილად ირეკლავდა თავისი ზეციერი მამის, იეჰოვას, თვისებებს, რომელსაც ბიბლია „ბედნიერ ღმერთს“ უწოდებს (1 ტიმოთე 1:11; იოანე 14:9). იგი სხვებს ასწავლიდა, რა უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ (მათე 5:3—9; ლუკა 11:28). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესო ბედნიერი იყო და, ბუნებრივია, ეს მის სახეზეც აისახებოდა.