არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია პანდემიებზე?

რას ამბობს ბიბლია პანდემიებზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ბოლო დღეებში ეპიდემიები (ფართოდ გავრცელებული დაავადებები, მათ შორის პანდემიები) იფეთქებდა (ლუკა 21:11). ეს დაავადებები ნამდვილად არ არის ღვთისგან მოვლენილი სასჯელი. პირიქით, ღმერთი მალე თავისი სამეფოს მეშვეობით მოსპობს ყველანაირ დაავადებას თუ პანდემიას.

 წინასწარმეტყველებდა ბიბლია პანდემიების შესახებ?

 ბიბლიაში არ არის ნაწინასწარმეტყველები კონკრეტული პანდემიები ან ისეთი დაავადებები, როგორიცაა კოვიდ-19, შიდს-ი, ან ესპანური გრიპი. მაგრამ მასში ნაწინასწარმეტყველებია „ეპიდემიების“ და „სასიკვდილო ჭირის“ შესახებ (ლუკა 21:11; გამოცხადება 6:8). მსგავსი მოვლენები „ბოლო დღეების“ ნიშანია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნიერების ბოლო ახლოვდება (2 ტიმოთე 3:1; მათე 24:3).

 სჯის ღმერთი ადამიანებს სხვადასხვა დაავადებით?

 ბიბლიაში მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა, როცა ღმერთმა ადამიანებს დაავადებები შეჰყარა. მაგალითად, მან კეთრით დაასნეულა ზოგი (რიცხვები 12:1—16; 2 მეფეები 5:20—27; 2 მატიანე 26:16—21). მაგრამ ეს დაავადებები, რომლებიც ცალკეულ ადამიანებს შეეყარათ, უდანაშაულო ხალხს არ გადასდებია. ასეთი სნეულებებით ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ ისინი დასაჯა, ვინც აშკარად ეწინააღმდეგებოდა.

 ღვთისგან მოვლენილი სასჯელია დღევანდელი პანდემიები?

 რასაკვირველია, არა. ზოგის აზრით, ღმერთი სჯის ადამიანებს სხვადასხვა დაავადებით თუ პანდემიით. მაგრამ ბიბლია არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?

 დაავადებებისგან არც წარსულში იყვნენ ღვთის თაყვანისმცემლები დაცულნი და არც დღეს არიან. მაგალითად, ღვთის ერთგული მამაკაცი ტიმოთე ხშირად ავადმყოფობდა (1 ტიმოთე 5:23). ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ტიმოთეს დაავადება ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვაზე მოწმობდა. დღესაც ღვთის ზოგი ერთგული მსახური ავადდება და გადამდები დაავადებებით ინფიცირდება. ხშირად ამის მიზეზი ისაა, რომ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე (ეკლესიასტე 9:11).

 გარდა ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ ღმერთმა ბოლო მოუღოს ბოროტებს. ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, დღეს „ხსნის დღეა“, ანუ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა ღმერთი გულთბილად მოუწოდებს ყველას, დაუახლოვდნენ მას და გადარჩნენ (2 კორინთელები 6:2). დღეს მთელ მსოფლიოში იქადაგება „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. სწორედ ამგვარად აძლევს ღმერთი ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობას (მათე 24:14).

 მოეღება ოდესმე ბოლო პანდემიებს?

 დიახ. ბიბლია წინასწარმეტყველებს იმ დროის შესახებ, როცა აღარავინ გახდება ავად. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ღმერთი ყველანაირი ავადმყოფობის კვალს გააქრობს (ესაია 33:24; 35:5, 6). ის წერტილს დაუსვამს ტანჯვას, ტკივილს და სიკვდილს (გამოცხადება 21:4). იგი სიცოცხლეს დაუბრუნებს გარდაცვლილებს, რათა მათაც გაიხარონ კარგი ჯანმრთელობით და დატკბნენ დედამიწაზე სრულყოფილ გარემოში ცხოვრებით (ფსალმუნი 37:29; საქმეები 24:15).

 რას ამბობს ბიბლია პანდემიებზე

 მათე 4:23: „დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ხალხს ნებისმიერი ავადმყოფობისა თუ უძლურებისგან“.

 არსი: იესოს მიერ მცირე მასშტაბით მოხდენილი სასწაულები იმაზე მოწმობს, თუ რას გააკეთებს მალე ღვთის სამეფო მთელი კაცობრიობისთვის.

 ლუკა 21:11: „იქნება . . . ეპიდემიები“.

 არსი: დღეს ფართოდ გავრცელებული დაავადებები ბოლო დღეების ნიშანია.

 გამოცხადება 6:8: „გავიხედე და ფერმიხდილი ცხენი დავინახე. მის მხედარს სიკვდილი ერქვა. მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდა სამარე. მათ . . . ძალაუფლება ჰქონდათ მიცემული, რათა ხალხი . . . სასიკვდილო ჭირით . . . დაეხოცათ“.

 არსი: წინასწარმეტყველება აპოკალიფსის ოთხ მხედარზე ჩვენს დროში პანდემიების გავრცელებაზე მიანიშნებს.