არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

რომაელების 15:13 — „იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ დიდი სიხარულითა და იმედით“

რომაელების 15:13 — „იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ დიდი სიხარულითა და იმედით“

 „რაკი ენდობით მას, იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ დიდი სიხარულითა და მშვიდობით, რათა თქვენი იმედი კიდევ უფრო განმტკიცდეს წმინდა სულის ძალით“ (რომაელები 15:13, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ხოლო სასოების ღმერთმა, დაე, აგავსოთ თქვენ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით რწმენის მიერ, რათა უხვად გქონდეთ სასოება სულის წმიდის ძალით“ (რომაელები 15:13, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

რომაელების 15:13-ის ახსნა

 ამ მუხლში მოციქულმა პავლემ სურვილი გამოხატა, რომ მისი თანამორწმუნეები ღმერთს „სიხარულითა და მშვიდობით“ აევსო. ამ სიხარულისა და მშვიდობის წყარო ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული იმედი და მისი სულიწმიდა ანუ წმინდა სულია.

 ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა იმედს გვაძლევს ღმერთი. რომაელების 15:4-ში ვკითხულობთ: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა [ბიბლიაში], ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი აღმოფხვრის სიღარიბეს, უსამართლობას, ავადმყოფობას და სიკვდილს, რაც დღეს ადამიანებს სასოწარკვეთილებაში აგდებს (გამოცხადება 21:4). თავის განზრახვებს ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით განახორციელებს, ამიტომ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მტკიცე იმედი გვქონდეს (რომაელები 15:12).

 იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება „უხვად“, თუ ვენდობით ღმერთს. რაც უკეთ გაეცნობით მას, მით უფრო განგიმტკიცდებათ მისადმი და მისი დაპირებებისადმი ნდობა (ესაია 46:10; ტიტე 1:2). მტკიცე იმედის წყალობით კი ადამიანს, სირთულეების მიუხედავად, სიხარული და მშვიდობა აქვს (რომაელები 12:12).

 მშვიდობის, სიხარულისა და იმედის წყარო, თავის მხრივ, „წმინდა სული“ ანუ ღვთის მოქმედი ძალაა a. ღმერთი სწორედ ამ სულის მეშვეობით ასრულებს თავის დაპირებებს. ამის ცოდნა კიდევ უფრო გვიმტკიცებს მომავლის იმედს. ეს სული ადამიანებს კარგი თვისებების გამომუშავებაშიც ეხმარება, მათ შორის, სიხარულისა და მშვიდობის (გალატელები 5:22).

რომაელების 15:13-ის კონტექსტი

 ეს წერილი პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა, რომელთა შორის ებრაელებიც იყვნენ და არაებრაელებიც. პავლემ მათ მოუწოდა, რომ, განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურის მიუხედავად, ერთსულოვანნი ყოფილიყვნენ და ამისთვის ძალ-ღონე არ დაეშურებინათ (რომაელები 15:6).

 პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს დიდი ხნის წინათ წარმოთქმული წინასწარმეტყველება გაახსენა, რომლის თანახმადაც, ხალხი ყველა ერიდან ერთხმად განადიდებდა ღმერთს. ამ აზრის გასამყარებლად, მან ოთხი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან b (რომაელები 15:9—12). მას იმის თქმა უნდოდა, რომ ის, რაც იესომ გააკეთა მხოლოდ ებრაელებს კი არ მოუტანდა სიკეთეს, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებსაც. ებრაელებსაც და არაებრაელებსაც ღმერთი ერთსა და იმავეს ჰპირდებოდა ანუ მათ ერთი იმედი ჰქონდათ. ასე რომ, რომში ყველა ქრისტიანს, წარმომავლობის მიუხედავად, გულთბილად უნდა მიეღო თანაქრისტიანი (რომაელები 15:7).

a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია: „რა არის სულიწმიდა?“.

b ებრაულ წერილებს ზოგჯერ „ძველ აღთქმადაც“ მოიხსენიებენ.