არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

იერემიას 33:3 — „დამიძახე და პასუხს გაგცემ“

იერემიას 33:3 — „დამიძახე და პასუხს გაგცემ“

 „მომიხმე და გიპასუხებ, გაგიმხელ დიდ და ჩაუწვდომელ საქმეებს, რის შესახებაც ჯერ არ გსმენია“ (იერემია 33:3, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „დამიძახე და პასუხს გაგცემ და გამოგიცხადებ დიდსა და მიუწვდომელ რასმე, რაც აქამდე არ იცოდით“ (იერემია 33:3, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ამ სიტყვებით ღმერთი ხალხს მოუწოდებდა, მისთვის მოეხმოთ, ანუ ლოცვით მიემართათ. ვინც ამ მოწოდებას გამოეხმაურებოდა, ღმერთი მას მომავალში მოსახდენ მოვლენებს გაუმჟღავნებდა.

 „მომიხმე და გიპასუხებ“. აქ გამოყენებული სიტყვა „მომიხმე“ პირდაპირი გაგებით ღვთის სახელის ხმამაღლა წარმოთქმას არ ნიშნავს. ის ლოცვაში ღვთისთვის დახმარების თხოვნას გულისხმობს (ფსალმუნი 4:1; იერემია 29:12).

 ამ სიტყვებით ღმერთი, სავარაუდოდ, ისრაელ ერს მიმართავდა. მათ ზურგი აქციეს ღმერთს, რის გამოც ბაბილონელები დაესხნენ თავს (იერემია 32:1, 2). იეჰოვა a ამ ერს მოუწოდებდა, ლოცვით მოეხმოთ მისთვის და დაბრუნებოდნენ მას.

 „გაგიმხელ დიდ და ჩაუწვდომელ საქმეებს, რის შესახებაც ჯერ არ გსმენია“. რასაც ღმერთი ადამიანებს უმხელს „ჩაუწვდომელია“, ანუ ადამიანები თავიანთი გონებით ამას ვერასოდეს ამოხსნიდნენ. „ჩაუწვდომელ საქმეებში“ შეიძლება აგრეთვე იგულისხმებოდეს „დაფარული საქმეები“.

 ღმერთმა ისრაელს „დაფარული საქმეები“ ანუ მომავალში მოსახდენი მოვლენები გაუმჟღავნა — იერუსალიმი განადგურდებოდა და გაუკაცრიელდებოდა, მოგვიანებით კი კვლავ აღდგებოდა (იერემია 30:1—3; 33:4, 7, 8). ღმერთი აგრეთვე დაჰპირდა მის თაყვანისმცემლებს, რომ როგორც ერს, არ გაანადგურებდა (იერემია 32:36—38).

კონტექსტი

 წინასწარმეტყველმა იერემიამ ეს ცნობა იეჰოვასგან ძვ. წ. 608 წელს, ციდკიას მეფობის მე–10 წელს, მიიღო. იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმი დაეცემოდა და მეფე ციდკიას ტყვედ წაიყვანდნენ. ამ უსიამოვნო ცნობის გამო მეფემ იერემიას დაპატიმრება ბრძანა (იერემია 32:1—5; 33:1; 37:21).

 სწორედ მაშინ ამცნო ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები ღმერთმა ისრაელებს. სამწუხაროდ, არც მეფე ციდკია და არც ხალხის უმეტესობა არ გამოეხმაურა ამ მოწოდებას (იერემია 7:26; 25:4). მათ არ მოუხმეს ღმერთს და არ მიჰყვნენ მის ხელმძღვანელობას. ერთი წლის შემდეგ ციდკიამ დაკარგა ძალაუფლება, იერუსალიმი განადგურდა და გადარჩენილთა უმეტესობა ბაბილონში ტყვედ წაასხეს (იერემია 39:1—7).

 იერემიას 33:3-ში ჩაწერილი სიტყვები მკითხველს დღესაც შეახსენებს, რომ, თუ ღმერთს ლოცვით მიმართავენ და ბიბლიიდან საფუძვლიან ცოდნას მიიღებენ, ის მათ „ღვთიურ სიღრმეებსაც“ გაუმჟღავნებს (კოლოსელები 1:9; 1 კორინთელები 2:10). ეს მომავალთან დაკავშირებული ღვთის დანაპირების გაცხადებასაც გულისხმობს (გამოცხადება 21:3, 4).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „იერემიაზე“.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.