არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

დაბადების 1:1 — „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“

დაბადების 1:1 — „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“

 „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

დაბადების 1:1-ის ახსნა

 ბიბლიის პირველივე სიტყვები ორ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას გვიმჟღავნებს. პირველი: ცასა და დედამიწას, ანუ მატერიალურ სამყაროს, დასაწყისი ჰქონდა და მეორე: ისინი ღმერთმა შექმნა (გამოცხადება 4:11).

 ბიბლია არ ამბობს, რამდენი ხნის წინ შექმნა ღმერთმა სამყარო და არც იმას გვიხსნის, თუ როგორ გააკეთა მან ეს. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა სამყარო „დიდი ძლიერებით და ძლევამოსილებით“ შექმნა (ესაია 40:26).

 სიტყვა „შექმნა“ a ნათარგმნია ებრაული ზმნიდან, რომელიც მხოლოდ ღვთის მიერ გაკეთებული საქმეების აღსაწერად გამოიყენება. ბიბლიაში მხოლოდ იეჰოვას b ეწოდება შემოქმედი (ესაია 42:5; 45:18).

დაბადების 1:1-ის კონტექსტი

 წიგნ „დაბადების“ ეს პირველი სიტყვები შესავალს უკეთებს დაბადების 1-ლ და მე-2 თავებში აღწერილ შემოქმედებით პროცესს. დაბადების 1:1-დან 2:4-მდე მონაკვეთში ბიბლია მოკლედ მოგვითხრობს, რა გააკეთა ღმერთმა დედამიწისა და ცოცხალი არსებების, მათ შორის, პირველი მამაკაცისა და ქალის შესაქმნელად. ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, ბიბლია უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის პირველი მამაკაცისა და ქალის შექმნის შესახებ (დაბადება 2:7—25).

 „დაბადებაში“ ნათქვამია, რომ ღვთის შემოქმედებითი საქმიანობა ექვს „დღეს“ გრძელდებოდა. ეს არ იყო დროის 24-საათიანი მონაკვეთები. ზუსტად არ არის განსაზღვრული, რა პერიოდს მოიცავდა თითო დღე. სიტყვა „დღე“, სინამდვილეში, მხოლოდ 24-საათიან მონაკვეთს არ მოიცავს. დაბადების 2:4-ში მოხსენიებული სიტყვა „დღე“, გამოყენებულია „დროის“ სინონიმად და აჯამებს ღვთის შემოქმედებითი საქმიანობის ექვს „დღეს“.

მცდარი შეხედულებები დაბადების 1:1-ზე

 მცდარი შეხედულება: ღმერთმა მატერიალური სამყარო რამდენიმე ათასი წლის წინ შექმნა.

 სინამდვილე: ბიბლიაში არ წერია, როდის შეიქმნა სამყარო. დაბადების 1:1-ში ნათქვამი სიტყვები არ ეწინააღმდეგება თანამედროვე მეცნიერების ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამყარო მილიარდობით წელს ითვლის. c

 მცდარი შეხედულება: დაბადების 1:1 მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთი სამებაა, ვინაიდან ებრაული სიტყვა „ღმერთი“ მრავლობით რიცხვში დგას.

 სინამდვილე: წოდება „ღმერთი“ ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან ელოჰიმ, რომელიც მრავლობით რიცხვში დგას. ეს მიუთითებს ღვთის ზებუნებრიობასა და აღმატებულობაზე და არა რაოდენობაზე. „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია, რომ დაბადების 1:1-ში მრავლობით რიცხვში მდგარ ელოჰიმს „ზმნა ყოველთვის მხოლობით რიცხვში შეეწყობა, რაც მრავლობითში მდგარი არსებითი სახელის აღმატებულ მდგომარეობაზე მიუთითებს და არა მის რაოდენობაზე; მსგავსი მიდგომა ჰქონდათ მონარქებს, როცა საკუთარ თავზე საუბრისას იყენებდნენ ნაცვალსახელს, „ჩვენ“ (მეორე გამოცემა, ტომი 6, გვერდი 272).

წაიკითხეთ დაბადების 1-ლი თავი სქოლიოებისა და მარგინალური მუხლების გამოყენებით.

a ამ სიტყვასთან დაკავშირებით ბიბლიის სასწავლო გამოცემაში ნათქვამია: „ეს არის ებრაული ზმნის, ბარას, აქტიური ფორმა, რაც ნიშნავს „შექმნას“ და ის არასოდეს აღწერს ადამიანის მიერ რაიმეს შექმნის პროცესს. ამგვარად, ბარა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის შემოქმედებით საქმიანობაზე მიუთითებს“ (გვერდი 7, ინგლ.).

b იეჰოვა ღვთის საკუთარი სახელია (ფსალმუნი 83:18).

c დროის იმ პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც ებრაულიდან ნათარგმნია, როგორც „თავდაპირველად“, ბიბლიის ერთ-ერთ განმარტებით სახელმძღვანელოში ნათქვამია: «შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, თუ როდის იყო ეს „თავდაპირველად“» (Expositor’s Bible Commentary, გადამუშავებული გამოცემა, ტომი 1, გვერდი 51).